„ლევან ვასაძის ასპარეზზე გამოყვანა, აშკარად, საქართველოში ევროკავშირის და ამერიკის გააქტიურებას დაემთხვა“

„ლევან ვასაძის ასპარეზზე გამოყვანა, აშკარად, საქართველოში ევროკავშირის და ამერიკის გააქტიურებას დაემთხვა“

კომბლიანი „რაინდი“ და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში ღიად შემოდის. მან საზოგადოებას უკვე ამცნო, რომ ორგანიზაცია „ერთობა რაობა და იმედი“ ჩამოაყალიბა, რომლის აბრევიატურა იკითხება როგორც „ერი“. მისი საზოგადოებრივი მოძრაობა სულ მალე პოლიტიკურ პლატფორმად გადაიქცევა.

საინტერესოა რა გეგმა და დავალებები აქვს ყველაზე აგრესიულ და ჰომოფობიური აქციების ავტორ ლევან ვასაძეს, რომელიც ქართულ პოლიტიკაში „კამიკაძეობას“ აპირებს.

როგორც ვასაძე ამბობს, პოლიტიკაში, თვითმმართველობის გადამწყვეტი არჩევნების წინ მოსვლის მთავარი ფაქტორი და „ბოლო წვეთი“, დანიელსონის ანტიკრიზისული დოკუმენტი და მოლაპარაკებები გახდა. ის დარწმუნებულია, რომ დასავლეთი საქართველოს სუვერენიტეტს ლახავს, თუმცა მისთვის „ბოლო წვეთი“ არ აღმოჩნდა, გიორგი ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობები, ყოველდღიურად ქართველების რუსი ჯარისკაცების მიერ გატაცება და ჩვენი მიწების ოკუპაცია. ვასაძე არ მალავს, რომ ის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენია, საიდანაც დაფინანსებასაც იღებს. მის მიმართ ბევრი კითხვები და ეჭვებია, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ მართული პირია, რომელსაც წინასაარჩევნოდ საზოგადოების დაპირისპირება, დაყოფა და შუღლის გაღვივება აქვს დავალებული. კრემლი კი, როგორც ჩანს, განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ევროკავშირი და ამერიკა საქართველოში შექმნილი კრიზისის მოგვარებას ტანდემში ცდილობდა.

რა ამბიცია ექნება ლევან ვასაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ამ ეტაპზე პასუხი არ აქვს. ამ ეტაპზე თბილისის მერის პოსტზე საკუთარ კანდადტურას გამორიცხავს, არც გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს პოლიტიკაში „უცნობთან“ ერთად მოსვლაზე, „ერი“-ს დამფუძნებელმა ახლა ის იცის, რომ 16 მაისის აქციისთვის უნდა მოემზადოს, თუმცა, ამჯერად კომბლებზე და ქამარზე უარს ამბობს და აღარც აგრესიულ რიტორიკას იყენებს.

ოპოზიცია ვასაძის პოლიტიკურ გეგმებს არასერიოზულად უყურებს. „ნაციონალურ მოძრაობისთვის“ ვასაძე კრემლის პროექტია, რომელიც ახლა ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად სჭირდება.

„ნამოხვანჰესი“ ლევან ვასაძის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება - შევლენ თუ არა მის ორგანიზაციაში რიონის ხეობის მცველები ამ ეტაპზე „რაინდი“ ამას არ ადასტურებს. თუმცა არა ერთი ეჭვი არსებობს იმისა, რომ ვასაძე რიონის ხეობის მცველების აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ასეა თუ ისე, ვასაძე ვარლამ გოლეთიანის ბრძოლას მხარს ღიად უჭერს და თბილისში დაგეგმილ მის აქციაზე დასწერებას აპირებს. ამიტომაც ვასაძის მიზნები და რეალური გეგმები ზუსტად 23 მაისს უნდა გახდეს ცნობილი. მანამდე კი for.ge-სთან ანალიტიკოსები პოლიტიკურ ველზე მის შესაძლებლობებზე საუბრობენ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ მისთვის ლევან ვასაძე პოლიტიკაში ახლა არ შემოსულა, რადგან ის საჯარო სივრცეში ისედაც იყო. მან არა ერთი აქცია მოაწყო, რომელიც აგრესიული და ძალისმიერი იყო, როგორც რელიგიური ასევე სექსუალური უმცირესობების მიმართ. ვასაძის პოლიტიკური შეხედულებები და დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ უკვე ცნობილია. ამიტომაც იმაზე საუბარი, რომ ის შეიძლება მესამე ძალა იყოს და ქართულ პოლიტიკაში რაიმე სერიოზული როლი შეასრულოს, უბრალოდ, გულუბრყვილობაა. მას საზოგადოებაში მსგავსი წონადობა არა აქვს. განსაკუთრებით კი იმ მოვლენების შემდეგ, როცა სანდრო ბრეგვაძე და სხვა „მარშის“ წევრები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. ამიტომაც აბაშიძისთვის ვასაძის განცხადება დიდს არაფერს ნიშნავს, თუმცა მას რომ თავის გეგმები და მიზნები ექნება, ეს გასაკვირი არ არის.

„წარმოუდგენელია და სრულიად ლოგიკას არის მოკლებული ის მოსაზრება, რომ ლევან ვასაძე გიორგი გახარიას კონკურენტი იქნება. ან კიდევ ის შეძლებს და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ხმებს წაიღებს. როგორც „ოცნება“, ასევე გახარიას მომავალი პარტია სულ სხვა ფასეულობების და პოლიტიკური გემოვნების არიან, ვიდრე ვასაძის მოძრაობა. ის სეგმენტი, რაც მანამდე „ქართულ მარშს“ ჰქონდა, შეიძლება ოდნავ ელექტორატის მხრივ გაიზარდოს. ვასაძის მიმართ პიროვნული სიმპათიები ზოგს აქვს. უბრალოდ, არ მგონია ამ პარტიამ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში დაიქუხოს. ეს ნაკლებად მოსალოდნელია. ეს იქნება პარტია, რომელსაც ულტრამემარჯვენე მისწრაფებები ექნება. საქართველოში საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ასეთი პარტია მიუღებელია“, - აცხადებს გია აბაშიძე for.ge-სთან.

რაც შეეხება „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციებს და მის უკან ვასაძის დგომას, აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ ის დამფინანსებელი იყოს. ხოლო პოლიტიკაში შემოსვლის დროც სწორედ 23 მაისს თბილისში დაგეგმილ აქციას დაამთხვია.

„დიდი ხანია მიდის საუბარი იმაზე, რომ ლევან ვასაძე ამ აქციების უკან დგას და მისი დამფინანსებელია. არ გამოვრიცახვ, რომ ის ერთ-ერთი თანაორგანიზატორიც კი იყოს. ეს მოსაზრება კი მას შემდეგ უფრო გაღრმავდა, რაც ნამახვანჰესის აქციაზე „ქართული მარშის“ წევრები მივიდნენ. ვნახავთ, 23 მაისს როგორი აქცია იქნება და რა სახის პოლიტიკური ლოზუნგები გაისმება. ვხედავთ, რომ გოლეთიანის გარშემო გაერთიანებული ადამიანთა ჯგუფი, არა მხოლოდ ჰესის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებენ, არამედ ისეთი მოწოდებები გაისმის, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს ახასიათებს.

თუ ეს ადამიანები ამ ჰესის მშენებლობას ეკოლოგიური კატასტროფის გამო აპროტესტებენ, კი ბატონო, გასაგებია და მათ დახმარება სჭირდებათ იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია მიიღონ. თუმცა, თუ ეს ჯგუფი სხვადასხვა ლოზუნგებსა და გზავნილებში არიან გაბნეულები, ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ესაა კვაზი პოლიტკური პარტია ან ფსევდო სამოქალაქო მოძრაობა. აქციის დღეს და მის შემდგომ მოვლენებს დაველოდები და შევხედოთ ვასაძეს რა გზავნილები ექნება. თუმცა ჩემთვის დიდი ხანია გასაგებია ვასაძე რა პლათფორმაზე იდგება“, - აცხადებს აბაშიძე for.ge-სთან.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ეჭვობს, რომ შარლ მიშელის ჩამოსვლის და ევროკავშირის გააქტიურების შემდეგ, რუსეთმა კონკრეტული გეგმა დაისახა. საარჩევნოდ კი ასპარეზზე ლევან ვასაძის გააქტიურება გადაწყვიტა. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ კარგია, როცა რუსეთს მის გარდა სხვა არავინ ჰყავს და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ წაგებულ თამაშს ითამაშებენ. თუმცა ვასაძის კონკრეტული დავალება ქვეყანაში საზოგადოების გახლეჩვა, დაპირისპირება და აგრესიის გაღვივება იქნება, რისი საშუალებაც მას ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს.

„ვასაძის გამოჩენით აშკარად ჩანს, რომ რუსეთს საქართველოში რესურსები ძალიან შემცირებული აქვს. ეს ზოგადად კარგის ნიშანია. პრორუსული ძალები ვერ ფართოვდებიან და მრავლდებიან. რა თქმა უნდა, ლევან ვასაძის ასპარეზზე გამოყვანა აშკარად საქართველოში ევროკავშირის და ამერიკის გააქტიურებას დაემთხვა. საქართველოში მათი აქტიურობა კავკასიაში დაწინაურებას ნიშნავს. ამის გამო კრემლი ძალიან ღელავს. მგონია, ეს არის წამყვანი ფაქტორი რის გამოც ის გააქტიურდა.

მეორე ფაქტორი კი არჩევნებია. ვასაძე ნაციონალისტურ ხმებს დააჯდება. ის იმუშავებს იმ ხალხზე, რომელთათვისაც უპირატესი არა მოქალაქეობა და სამოქალაქო შეგნებაა, არამედ მართლმადიდებელი ქართველების უპირატესობა. მისთვის მთავარია, რომ ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილება შემოიტანოს. გააღვივოს ის ნაპრალები, რომელიც ქართველებსა და არაქართველებს შორის არსებობს. ან მართლმადიდებლებსა და სხვა რელიგიურ უმცირესობებს შორის დაპირისპირება დაიწყოს. ეს ყველაფერი მხოლოდ კრემლის ინტერესებში შედის“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე აზრით, აბსურდია ის ვერსია, რომ შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ ვასაძე პოლიტკურ ველზე იმიტომ შემოიყვანა, რომ გიორგი გახარიას ხმები წაართვას. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ გახარიას რიტორიკა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ შუღლის გაღვივება არ არის. ამიტომაც მისი ელექტორატი მხარს ვასაძეს არ დაუჭერს. რაც შეეხება ნამახვანჰესის უკან ვასაძის დგომას, ზაქარეიშვილი არც ამას გამორიცხავს. მისი თქმით, გასაგებია აქციის მონაწილეების გულწრფელი გულისტკივილი, მაგრამ თუ ვინმეს არ უნდა, რომ საქართველოში მსგავსი დიდი ჰესი აშენდეს, ეს რუსეთია. ამიტომ არც ის ვერსიაა ლოგიკას მოკლებული, რომ ვასაძე 23 მაისს სწორედ ამ აქციის ორგანიზატორად და მთავარ სულის ჩამდგმელადაც მოგვევლინოს.

 

DDDzia გია აბაშიძეს!
პაატა ზაქარეიშვილო!
თავს იმშვიდებთ?
ნუ, ნუ!
ოცნებასთან ხალხი მხოლოდ იმიტომ წავიდა, რომ ასარჩევი სხვა არ იყო.
ახლა?
ახლა გამოჩნდა და ვნახოთ, ვნახოთ!
წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო.
ისე, არ გამოკვირდება, რომ თქვენ პირველებმა ისკუპოთ ვასაძის ნავში.
2 წლის უკან
არაგველი641 ვასაძის პოლიტიკოსობა განწირულია
2 წლის უკან
ლევანი რა ყველაფერს ყავისფრად ხატავთ - როგორ გაქვთ ეგ ტვინები მოწყობილი საკვირველია,
კაცი იმით შეაფასეთ თუ რა პროგრამა აქვს და უნდა, და არა იმით, ევროკავშირის გააქტიურებას დაემთხვა თუ არა! აშკარად პატრიოტული იდეები აქვს და თუ მის სიტყვა-პასუხებს დააკვირდებით, მიხვდებით. მაგრამ გინდათ თქვენ ხელისუფლებაში ეროვნული, ქართული ინტერესების გამტარებელი ადამიანები? მგონი არა!
2 წლის უკან
Katana . ვინც ლევან ვასაძის გააქტიურებას ევროკავშირთან და პუტინთან აკავშირებს, მინდა შევთავაზო კიდევ ერთი ვარიანტი:
როგორც ასტროლოგები აღნიშნავენ, 11 მა­ისს ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით კუ­როს 22-ე გრა­დუს­ში. ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე მთვა­რე და მზე შე­ერ­თე­ბა­ში არი­ან და მთვარეს ვერ ვხე­დავთ, რად­გან იგი მზის სხი­ვე­ბი­თაა და­ფა­რუ­ლი. 30 მა­ისს კი პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი ხ­დე­ბა...
იქნებ, სწორედ ამითია განპირობებული ლევან ვასაძის პოლიტიკური გააქტიურება მაინცდამაინც ახლა, ჰა?
2 წლის უკან