რა შეუთვალა მიშამ ვალერი ხაბურძანიას ოქრუაშვილის პირით

რა შეუთვალა მიშამ ვალერი ხაბურძანიას ოქრუაშვილის პირით

საქართველოში მიმდინარე რთულ პოლიტიკურ პროცესებსა და პოლიტიკურ გეგმებზე უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია გვესაუბრება.

- როგორ აფასებთ ამჟამინდელ ვითარებას, განსაკუთრებით, გახმაურებული სასამართლო პროცესების მიმდინარეობას?
- დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ის კი შემიძლია ვთქვა, რომ თუ ადრე სასამართლო პროკურატურის ყველა მოთხოვნას ნოტარიუსივით ამტკიცებდა, ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

- ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თქვენ იყავით ის მინისტრი, რომელიც ცდილობდა ოქროს შუალედი მოგენახათ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში. ოპონენტები კი ამგვარ პოლიტიკას არარეალისტურად მიიჩნევენ...
- ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მთავარია, რეალობას არ მოსწყდე. ზოგს ჰგონია, ამბიციები მაწუხებს, არადა, მინდა საქართველოში კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემო შეიქმნას როგორც დასავლეთისთვის, ისე ჩრდილოეთისთვის, საქართველომ ორივე მხარისაგან უნდა იხეიროს, ჩვენი პოლიტიკა საღ გათვლებს უნდა ეფუძნებოდეს. ამიტომაც, ვერ მივიღებ "ორჯონიკიძის" ძახილს მათგან, ვინც თვითონ არიან ორჯონიკიძის შთამომავლები.

- ბოლო ხანს მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე გახსენათ. თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მას თქვენი თანამდებობაზე დატოვება სთხოვა.
- სააკაშვილი ჩემს დისკრედიტაციას, მარგინალიზაციას ცდილობს, არადა, თვითონ არის მარგინალი, დგამს მონო-სპექტაკლებს თუნდაც დაცვის სამსახურთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, რომ პუტინმა მას ჩემი თანამდებობაზე დანიშვნა სთხოვა, სიცრუეა, პუტინმა მას უთხრა: ვალერი ხაბურძანია იყო უშიშროების ის მინისტრი, რომელიც ჩვენთან კარგად თანამშრომლობდა და კარგი იქნება, თუ თქვენი მთავრობის მომავალი მინისტრიც თანამშრომლობის ამ დონეს შეინარჩუნებსო; პუტინმა ესეც ჩემი თხოვნით უთხრა, რადგან თვითონ მიხეილ სააკაშვილმა მომიგზავნა ხალხი, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც განმიცხადა: მიშამ შემოგითვალა, კარგი იქნება, თუ შენზე მოსკოვში კარგ სიტყვას მეტყვიანო, - ეს იყო და ეს. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ მოსკოვში გაფრენამდე სააკაშვილმა მინისტრობიდან გამათავისუფლა. ეს ინფორმაცია კრემლშიც ჰქონდათ და ცხადია, გათავისუფლებულ მინისტრზე ქვეყნის პრეზიდენტს არავინ სთხოვდა, დატოვეო, საბავშვო ბაღი ხომ არ არის? სააკაშვილი საქართველოში ვეღარაფერს ახერხებს და ახლა მისი მთავარი ამოცანა საერთაშორისო საზოგადოების მოტყუებაა. ამგვარივე ცრუ ინტერპრეტაცია მისცა მან პატრიარქის საუბარს რუსეთის პრეზიდენტთან, ან საიდან იცოდა მისი შინაარსი?! ასეთი გულუბრყვილო ხომ არ უნდა იყოს პრეზიდენტი, რომ გათქვას წყარო, რომლისგანაც კონფიდენციური საუბრის შესახებ შეიტყო?

- პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა: ხაბურძანია დაბრუნდა საქართველოში, ახალი მთავრობა უშიშროების სისტემის კვლავ ცალკე გამოყოფას აპირებს, პუტინსაც ანალოგიური მოთხოვნა აქვსო... ანუ მიანიშნა თქვენს შესაძლო გამინისტრებაზე...
- ამ შემთხვევაში სააკაშვილმა პირველად მაშინ იცრუა, როცა თქვა, ხაბურძანია საქართველოში დაბრუნდაო, მოსკოვიდან გესაუბრებით! ამასთანავე, ამჟამინდელ ხელისუფლებასთან ამგვარ თანამშრომლობას არ ვაპირებ, ჩვენ განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაცია გვაქვს. ასე რომ, მათი მხრიდანაც გამოვრიცხავ შემოთავაზებას. არც უშიშროების სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოყოფას მივესალმები.

- კონკრეტულად, როდის და რა სტატუსით აპირებთ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას და რომელ პოლიტიკურ ძალასთან აპირებთ თანამშრომლობას? თქვენს სავარაუდო პარტნიორებად სახელდებიან კახა კუკავა, ნინო ბურჯანაძე, მინდია გულუა. საქართველოს მოქალაქეობა თუ გაქვთ?
- საქართველოს მოქალაქე ვარ და არც არასოდეს ვყოფილვარ სხვა ქვეყნის მოქალაქე. ვფიქრობ, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რუსული ვექტორის მომხრე ძალების კონსოლიდაცია ვერ მოხერხდება, ჩვენი კანდიდატის წარდგენაც არასერიოზულად მიმაჩნია ამ არჩევნებში, რომელიც უკვე წაგებულია. ეს ძალები უნდა მოვამზადოთ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებისთვის, ასევე მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. პოლიტიკური გემოვნებით, ჩვენთვის კახა კუკავას, ნინო ბურჯანაძის, მინდია გულუას, ნოღაიდელის (თუკი პოლიტიკურ საქმიანობას განაგრძობს) პოლიტიკური ორგანიზაციები პარტნიორად მისაღებია, თუმცა, ვნახოთ, რა მოხდება. შესაძლოა, ასპარეზზე ახალი ძალებიც გამოჩნდნენ. ისე ნურავინ გაიგებს, რომ ხვალ საქართველოში ჩამოვდივარ, ზეგ პარტიას ვქმნი და მაზეგ არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას; ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება.

- არ მიიჩნევთ, რომ "ვარდების რევოლუციაში" საკმაო წვლილი მიგიძღვით"? 2003 წლის 22 ნოემბერს პარლამენტის კართან იდექით და მომიტინგეებისთვის აქტიური წინააღმდეგობა არ გაგიწევიათ, იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილისგან განსხვავებით. რამ განაპირობა თქვენი ასეთი პოზიცია?
- იმხანად აქტიური წინააღმდეგობა არც არავის გაუწევია პრეზიდენტის აბდიკაციის, ანუ იძულებით გადაყენებისთვის, ეს აბდიკაცია იყო და არა რევოლუცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც დახვდნენ ქუჩაში პარლამენტში შესაჭრელად გამზადებულ ჯგუფს, მათ შორის სააკაშვილს; თუ ვინმეს დაკავება და აქტიური წინააღმდეგობის გაწევა უნდოდათ, ვინ უშლიდა? საქმე ის არის, რომ არც შინაგან საქმეთა, არც უშიშროების სამინისტროს თუ სხვა სახელმწიფო უწყებას ძალა აღარ ჰქონდა; ვხვდებოდი, რომ ამ პროცესებს ჩვენი სახელმწიფო ძალისმიერი მეთოდით ვერ გაუმკლავდებოდა, ის გაკოტრებული იყო პოლიტიკურად და რაც მთავარია, ფინანსურად. შინაგანი ჯარი, რომელიც პარლამენტს იყო შემორტყმული, მშიერ-მწყურვალი, სველი, ხელისუფლების ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებდა; ვამბობდი, რომ თუ "ნაციონალურმა მოძრაობამ" 36 საპარლამენტო მანდატი მიიღო, ამდენივე დავუწეროთ-მეთქი, მაგრამ არავინ მომისმინა, 1 საპარლამენტო მანდატს გადააყოლეს ყველაფერი... მე იმხანად პარლამენტის სხდომათა დარბაზის კართან ვიდექი და არა შემოსასვლელ კართან. ჩემამდე ამ ხალხმა შინაგანი ჯარის 3 და სახელმწიფო დაცვის 2 კორდონი გამოიარა, რაღა უნდა მექნა? პარლამენტის დარბაზის კართან ვიდექი, რომლის მტვრევაც დაიწყეს და გაქცევისა შემრცხვა, სხვებისგან განსხვავებით.