6 მარტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები 2 კანონში, რის საფუძველზეც დასუფთავების გადასახადი აღარ იქნება მიბმული ელექტროენერგიის გადასახადზე. საუბარია საქართველოს პარლამენტის წევრის, თინა ხიდაშელის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე: ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე და ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე. რას ფიქრობენ დენისა და ნაგვის დაშორების შესახებ თბილისის საკრებულოში - იქ, სადაც თავის დროზე ეს კავშირი შედგა?
პირველი მოსმენით დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ”დგინდება აკრძალვა განსხვავებული ან დამატებითი ტარიფის, გადასახდელის ან საფასურის შემოღებაზე იმ საქმიანობის ან მომსახურების გაწევისათვის, რომლებზეც უკვე დადგენილია მოსაკრებელი” და ასევე ”განისაზღვრება დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა.” ცვლილებების თანახმად, წესდება მოსაკრებლის ზედა ზღვარი და ის ერთ სულზე არ უნდა აღემატებოდეს 3 ლარს. ამასთან, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, გადასახადის მაქსიმალური ზღვარი 4 წევრისთვის განსაზღვრულ ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. იურიდიული პირის შემთხვევაში კი ზედა ზღვარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე 25 ლარია.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ავტორმა და ინიციატორმა თინა ხიდაშელმა თავისი საკანონმდებლო საქმიანობა პარლამენტში სწორედ ამ საკითხით დაიწყო და ეს იმიტომ გააკეთა, რომ თბილისის საკრებულოს წევრობის დროს ვერაფერს გახდა თბილისელებისთვის მიუღებელ ამ პრობლემასთან ბრძოლაში. აქვე ვთქვათ, რომ წესი, რომლითაც დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიის გადასახადს მიება, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 2011 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. მანამდე არსებული ფიქსირებული მოსაკრებელი ერთ სულ მოსახლეზე 2.5 ლარს შეადგენდა.
ნაგვისა და დენის დაშორებასთან დაკავშირებული მოთხოვნა საკანონმდებლო ინიციატივის სახით რომ დაარეგისტრირა, საზოგადოებას თინა ხიდაშელმა ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს - კერძოდ, 27 დეკემბერს - აცნობა. იმ დღეს გამართულ ბრიფინგზე კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა დეპუტატმა განმარტა, რომ მისი საკანონმდებლო ინიციატივა მოსაკრებლებთან დაკავშირებულ ყველანაირ უსამართლობას დაასრულებს:
”ეს არის კანონპროექტი, როლითაც ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ასეთი ტიპის მანიპულაციები, რაც მოსახლეობის ხარჯზე ხდება და დამატებით ხარკს და გადასახადს ითვალისწინებს, მომავალში აკრძალული იქნება და ვერც ერთი თვითმმართველობა ან, გნებავთ, ცენტრალური ხელისუფლება დამატებით საფასურს ვეღარ შემოიღებს იმისთვის, რასაც ჩვეულებრივ რეჟიმში ისედაც ეკუთვნის გადასახადი”.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მასშტაბის მოსაკრებელი დაწესდება ერთ სულ მოსახლეზე დედაქალაქის შემთხვევაში. როგორც საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - თბილისელების” თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მოსაკრებლის ოდენობა მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის განხილვის შემდეგ დადგინდება და ის, სავარაუდოდ, 2 ლარზე მეტი არ უნდა იყოს:
”პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში, ჩვენ ძირფესვიანად ჩავუჯდებით, მისხალ-მისხალ გავივლით, გადავამოწმებთ, ჩავუტარებთ სერიოზულ მონიტორინგს და რეალურ ღირებულებას გამოვიყვანთ, რაც მერე გაიყოფა შესაბამისად აბონენტებზე და მივიღებთ რეალურ ტარიფს”.
პარლამენტის აქტიურობას გულიკო ზუმბაძე ფრიად დროულს უწოდებს, რადგანაც განახევრებული ტარიფის სისტემა, რაც გასული წლის ნოემბერში ამოქმედდა, მხოლოდ 5 თვით არის დაწესებული. გავიხსენოთ, რომ ნოემბრის შემდეგ თბილისელები ელექტროენერგიის ყოველ დახარჯულ 1 კილოვატ საათზე, 5 თეთრის ნაცვლად, 2.5 თეთრს იხდიან. დროებით განახევრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ 26 ოქტომბერს მიიღო, თუმცა დასუფთავების გადასახადი კვლავაც ელექტრონერგიის გადასახადზე დარჩა მიბმული.
თავისთავად ასეთი ბმა საუკეთესო მოდელად არ მიაჩნია საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” ახალ თავმჯდომარეს, კოკი იონათამიშვილს, მაგრამ, როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, ოპონენტებს საკრებულოში მათთვის უკეთესი გამოსავლის შეთავაზება არც კი უცდიათ:
”ვემხრობი ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მოსახლეობისთვის გააიაფებს ამა თუ იმ ტარიფს და, ამავე დროს, შენარჩუნებული იქნება სისტემა, - მდგრადი სისტემა, - რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ქალაქისთვის, თბილისის მცხოვრებლებისთვის აუცილებელი სამუშაოები შეასრულოს. თუკი ამ ორ ამოცანას - გაიაფებას და მდგრადობას - დააკმაყოფილებს რაიმე გადაწყვეტილება (პარლამენტისა თუ საკრებულოსი), მე ნებისმიერს მივესალმები და ჩემი კოლეგებიც მიესალმებიან. მე, უბრალოდ, მაქვს დიდი ეჭვი, რომ შესაძლებელია ეს ასე არ მოხდეს”.
კოკი იონათამიშვილის განმარტებით, ჩაწერის სისტემის არარსებობისა და მოსახლეობის მიგრაციის პირობებში სულადობაზე გათვლილი მოსაკრებლის მექანიზმი ვერ ამართლებდა და წინასწარ დაანგარიშებული შემოსავალი ვერ გროვდებოდა, მაშინ როცა დასუფთავების სერვისი უზარმაზარ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.
ეს თემა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე საკამათო თემა იყო, თუმცა დასუფთავების შემოსავლებსა და ხარჯებთან დაკავშირებით ბოლო ხანებში საკმაოდ დიდი ეჭვები გაჩნდა - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საგამოძიებო ორგანოებმა ვარაუდები, რომ დედაქალაქის მერიაში თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა, სწორედ ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადების გადაბმას დაუკავშირეს. გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ დენზე მიბმული ნაგვის შემოსავალი ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების დაფინანსებას ხმარდებოდა.