„ერთიანი კანდიდატი ოპოზიციისთვის წამგებიანი იქნება, ფრონტის ხაზი უნდა გაიშალოს, მეორე ტური დაინიშნოს და მერე  ყველამ ოპოზიციის კანდიდატს დაუჭიროს მხარი“

„ერთიანი კანდიდატი ოპოზიციისთვის წამგებიანი იქნება, ფრონტის ხაზი უნდა გაიშალოს, მეორე ტური დაინიშნოს და მერე  ყველამ ოპოზიციის კანდიდატს დაუჭიროს მხარი“

თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე, შესაძლოა, ოპოზიციის შიგნით დაპირისპირება იმდენად გაღრმავდეს, რომ მათი ერთიანობა საბოლოოდ დაიშალოს. ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერამ და ამნისტიის კანონზე უთანხმოებამ გამოიწვია, ოპოზიციაში დისკუსია ახლა მესამე პოლიტიკური ცენტრის „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ჩამოყალიბების შესახებ გააქტიურდა. ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა და არ არის გამორიცხული ამ თემის ირგვლივ ცეცხლის ახალი ხაზი გაიხსნას.

ამ იდეის გამხმოვანებელს - „სტრატეგია აღმაშენებელს“ თავს უკვე დაესხნენ, როგორც ენმ-ის წევრები, ასევე მათი მხარდამჭერები. ისინი ვაშაძეს აფრთხილებენ და ახსენებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მათი რეიტინგი 27% იყო, ხოლო მისი პარტიის, რომელშიც ბლოკის სახით თაკო ჩარკვიანის კანონი და სამართალიც შედიოდა, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ 3.15%“ აიღო. ასევე, „ლელომაც“ იგივე შედეგი (3.15%) აჩვენა. დანარჩენი ოპოზიციური პარტიების შედეგი კი უფრო მცირეა. ამიტომაც რაზე დარყდნობით არის დარწმუნებული ვაშაძე, რომ მესამე პოლიტკური ძალის შექმნას შეძლებს, ენმ-ისთვის გაუგებარია. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის გარემოებაც, რომ კვლევების მიხედვით მცირე პარტიებს რეიტინგი კიდევ უფრო დაწეული აქვთ. ამის პარალელურად კი პოლიტიკურ ავანსცენაზე ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია დაბრუნებას აპირებს. მას კი, როგორც ღია, ასევე კულუარული კვლევებით, პოლიტიკურ ლიდერებს შორის, პირველი ადგილი უკავია.

რას ნიშნავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ იდეა - ენმ-ისგან გამიჯვნისა და მესამე ცენტრის შექმნის შესახებ? - ანალიტიკოსები for.ge-სთან აცხადებენ, რომ ვაშაძეს ახალი არაფერი უთქვამს და ის ამის შესახებ იანვარში ოპოზიციის პარლამენტისთვის გამოცხადებული ბოიკოტის დროსაც საუბრობდა. ასევე კულუარულად მიდის საუბარი, რომ „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „ლელოს“ შორის შეიძლება ალიანსი შედგეს. ამაზე „სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, რომ შესაძლოა, მესამე ძალის ფორმირება იმ პარტიების მხრიდან მოხდეს, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერს. For.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ არაა გამორიცხული ამ ალიანსში, „გირჩი“ და „მოქალაქეებიც“ ვიხილოთ. ყველა ამ პარტიის წარმომადგენელთან კომუნიკაციას შევეცადეთ, თუმცა მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

ნაციონალებმა კი უკვე დაიწყეს საუბარი და შუამავლების გაგზავნა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, რათა ნიკა მელია თბილისის მერობის საერთო კანდიდატი იყოს. ასევე ნაციონალები ამუშავებენ გეგმას, მელია რა ფორმით გამოიყვანონ ციხიდან, რომ ბრძოლის ახალი ხაზი პარლამენტში გახსნან.

„შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმომწერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პარლამენტში შესვლის შემდეგ წარმოქმნილ დაძაბულობას „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებებმა ბოლო დღეებში დამატებითი სიმძაფრე შესძინა. პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ არაერთხელ გაიმეორა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს თანამშრომლობას ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მესამე ცენტრის შექმნაც ენმ-ის გარეშე იგეგმება.

ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციის ერთიანობა არ ნიშნავს ყველამ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი. ვაშაძის განმარტებით, 9 წლის მანძილზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, წაგებული 7 არჩევნების შემდეგ, თუ ოპოზიცია სტრატეგიას არ შეცვლის თვითმმართველობის არჩევნებში, ისევ მარცხისთვისაა განწირული.

„ოპოზიციას შეიძლება ჰქონდეს საერთო სტრატეგია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ჩვენ 9 წლის მანძილზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წაგებული 7 არჩევნების მერე, სტრატეგია არ შევცვალეთ, თვითმმართველობის არჩევნებში ისევ მარცხისთვის ვართ განწირულები. ამიტომ, ახალი სტრატეგია უნდა იყოს შემდეგი - პროდასავლური ოპოზიციური ძალები უნდა გაერთიანდნენ გარკვეული საერთო კანდიდატების გარშემო. ეს უნდა მოხდეს ყველა რაიონში. იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი და იქნება მესამე - ალტერნატიული კანდიდატი, რომ ოპოზიციურ ამომრჩეველს, რომელსაც აღარ უნდა „ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა, საფრთხობელას ვერ დაუხატავენ - თუ ჩვენ არ მოგვცემ ხმას, მაინცდამაინც „ნაციონალური მოძრაობა“ მოდის ხელისუფლებაში. მე ამ შუა მძლავრი გაერთიანებისთვის ყველანაირად ვიბრძოლებ. მესამე ცენტრზე დავიწყე საუბარი იმისთვის, რომ ყველა, ვინც საკუთარ თავს, აი, ამ ალტერნატიულ ახალა მექანიზმში წარმოიდგენს, ყველასთან მზად ვართ ვისაუბროთ, კარი ღიაა.

პირადი ამბიციები შემიძლია გვერდით გადავდო. მზად ვარ, შტაბის უფროსად დავუდგე ნებისმიერ კარგ კანდიდატს, ნებისმიერ რაიონში და ასე გავიმარჯვოთ. მე საქმეზე და შედეგზე ვარ ორიენტირებული. თუ ამ ქვეყანაში ხელისუფლება არ შევცვალეთ, სხვა შემთხვევაში, ყოველი დღე იქნება მეტი შიმშილი, მეტი გაჭირვება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მცირე პარტიებმა თავიდანვე დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც პარლამენტს ბოიკოტი გამოუცახდეს და შემდეგ ფაქტიურად „ნაციოანლური მოძრაობის“ დანამატად იქცნენ. მათ რომ თავიდანვე რაიმე ბლოკი ან ალიანსი შეექმნათ, უფრო მეტი შანსი ექნებოდათ. მისი აზრით, ამ 6 თვის განმავლობაში ენმ-ის გარდა ყველა ოპოზიციური პარტია დაზიანდა, ამიტომაც მართალია გვიან საუბრობენ გარკვეული ალიანსის შექმნაზე, მაგრამ გადარჩენის სხვა გზა არა აქვთ. რაც შეეხება - შეძლებენ თუ არა მესამე ძალის ფორმირებას, ეს რთული სათქმელია.

„თუ მცირე პარტიები არ ეცდებიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე და შემდეგ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაერთიანებული ძალებით წარსდგნენ, მაშინ ურჩევნიათ ქუდი დაიხურონ და ნაციონალებს ან „ოცნებას“ შეუერთდნენ, მით უმეტეს თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემა 5%-იანი დარჩება, მაშინ მათი შანსები ნულის ტოლი იქნება. მცდელობა, რომ შექმნან ახალი ძალა, რომლიც ამ 5%-იან ბარიერს გადალახავს, გამიზნული უნდა იყოს იმ მიმართულებით, რომ ეს ბლოკი 2024 წლამდე შენარჩუნდეს. ასეთი ბლოკის შექმნის შესაძლებლობა რამდენად იქნება, ზუსტად ვერ ვიტყვით, მაგრამ რეალურად, თუკი სიტუაციას შეხედავენ, ნახავენ, რომ ერთმანეთი სჭირდებათ. ჯობია, ნაციონალების გარეშე მცირე პარტიები ერთმანეთში მორიგდნენ, ვიდრე ცალ-ცალკე დარჩნენ და 1-4%-მდე აიღონ“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, მართალია, ოპოზიციაში არსებულ პარტიებს ერთი იდეოლოგია და შეხედულებები არ აქვთ, მაგრამ როგორღაც საერთო ენა უნდა გამონახონ. მასე „ქართულ ოცნებაშიც“ ერთი იდეოლოგიის ხალხი არ არის, მაგრამ როცა ერთმანეთი პოლიტიკურად სჭირდებათ, ერთად თანაცხოვრებას ახერხებენ. ამიტომაც ძაბირაძეს მიაჩნია, რომ მცირე პარტიებს თუ უნდათ პოლიტიკურად გადარჩნენ და აქ საუბარი მესამე ძალის ფორმირებაზე აღარ არის, მაშინ ერთ ბლოკად გაერთიანება უნდა შეძლონ.

არის თუ არა უკვე გამოკვეთილი მესამე ცენტრის კონკრეტული კონტურები და გაღრმავდა თუ არა მუშაობა ამ მიმართულებით, რა შანსები აქვს 6-თვიანი პარალმენტის ბოიკოტის შემდეგ მცირე პატრიებს? - ამ კითხვაზე ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-ს პასუხობს, რომ მესამე ძალის ფორმირება ქვეყნის საჭიროებაა და უკვე აუცილებელიც კი გახდა. მისი აზრით, ოპოზიცია კოორდინირებული უნდა იყოს, მაგრამ თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის დაყენება წამგებიანიც კი იქნება, რადგან ისევ ორპოლუსიან დაპირისპირებას მივიღებთ, სადაც კვლავ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

„მართალია ოპოზიციის ალიანსი და მესამე ძალის ფომირება კარგი აზრია, მაგრამ ერთია, რა სურვილები და მოსაზრებები გვაქვს ჩვენ და მეორეა, არსებული რეალობა. სამწუხაროდ, რასაც ვუყურებთ, რეალობა ჯერჯერობით ამის საშუალებას არ გვაძლევს. ასეთი განცხადებები ადრეც გვესმოდა, მაგრამ ყოველთვის საქმე ბოლომდე არ მიდის. ამის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. 6-თვიანი ბოიკოტით მცირე პარტიებმა შეცდომა დაუშვეს და საკუთარი თავის იდენტობა ხელახლა დასამტკიცებელი აქვთ. ამიტომაც რაიმე ალიანსის შექმნა და მესამე ძალის ფორმირებაზე საუბარი ნაადრევია. კი ბატონო, ოპოზიცია კოორდინირებული უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი არიან კონკურენტები და ერთიანი კანდიდატი მთლიანად ოპოზიციის მხრიდან წამგებიანიც კი იქნება. ეს ისევ ორპოლუსიან პოლიტიკურ ველზე გადაგვიყვანს. ფრონტის ხაზის გაშლა უნდა მოხდეს, რათა მეორე ტური დაინიშნოს და მერე ვინც ოპოზიციიდან მეორე ტურში გავა, მხარი ყველამ მას დაუჭიროს. თავიდანვე ერთიანი კანდიდატით წარდგენა პოლიტიკური შეცდომა იქნება, რაც ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ აწყობს“, - აცხადებს ხუხაშვილი.