2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0% შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით შემცირდა. ამ შემცირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იანვარში 11.5%-იანი ვარდნა იყო. მთავრობაში ამბობენ, რომ ოპტიმიზმის მიუხედავად, ასეთი ტემპის მოლოდინი არ ჰქონდათ.
პირველი კვარტლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა ასეთი იყო: იანვარი - მინუს 11.5%; თებერვალი - მინუს 5.1%; მარტი - ზრდა 4%
„2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში“, - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
მარტის განმავლობაში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 7.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მარტთან შედარებით 21.5%-ით მეტია. შედარებისთვის, თვეების მიხედვით იანვარში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 8.1%-ით შემცირდა, თებერვალში კი 7.6%-ით გაიზარდა.
ფინანსთა ახალი მინისტრი ლაშა ხუციშვილი მიღწეული შედეგით ძალიან კმაყოფილია. მისი აზრით, ეკონომიკის აღდგენის პროცესის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.
„რეალურად პირველი შემთხვევაა პანდემიის დაწყების შემდგომ, როცა დადებითი დინამიკა ფიქსირდება ეკონომიკურ ზრდაში. ეს ასევე გამოიხატა დღგ-ის გადამხდელთა ბრუნვების ზრდაში, რომელმაც 20%-ს გადააჭარბა მიმდინარე თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა გრძელდება ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, საშულებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაწყებულია. ვფიქრობ, ეს არის უკვე არაერთჯერადი, შეუქცევადი პროცესი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მიუხედავად დადებითი ძვრებისა, საერთაშორისო ინსტიტუტებმა წლიური პროგნოზი მაინც შეამცირეს. სავალუტო ფონდის შემდეგ, 2021 წლის საქართველოს მშპ-ს პროგნოზი აზიის განვითარების ბანკმაც 3.5%-მდე დასწია. თუმცა, ამ მოსაზრებას არ იზიარებს ეროვნული ბანკი. კობა გვენეტაძის უწყებაში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე წელს 4%-იან ზრდა სრულიად მოსალოდნელია.
„ჩვენ რომ შევხედოთ საბაზო სცენარს, რომელიც მესამე „ლოქდაუნის“ ალბათობას არ ითვალისწინებს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ჩვენ შევინარჩუნეთ იმავე დონეზე - 4%-ზე. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება სხვა თანაბარ პირობებში ადგილობრივ მოთხოვნასა და ეკონომიკურ აქტივობაზე აისახება, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ჩვენ ამას წინა პროგნოზს შევადარებთ, უნდა გავითვალისწინოთ დაკრედიტების ტემპი.
მიმდინარე ანალიზი მიუთითებს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გარეშე, დაკრედიტება იმაზე ძლიერი იქნებოდა, ვიდრე ეს წინა პროგნოზებში მოიაზრებოდა. საბოლოოდ ჩვენ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, დაკრედიტების ზრდას იმავე ტემპით ველით, რაც წინა პროგნოზში გვქონდა გათვალისწინებული. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გრძელდება ფისკალური სტიმულიც, რადგანაც დეფიციტი წელს საკმაოდ მაღალია.
იქიდან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე კვლავ შესაძლებელია, ეკონომიკური ზრდა დაახლოებით, 4% იყოს. რა თქმა უნდა, უნდა დავაკვირდეთ დროთა განმავლობაში როგორ შეიცვლება ამაზე მოქმედი ფაქტორები“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ჯერჯერობით პროგნოზი არ შეუცვლია საქართველოს მთავრობასაც და ისინიც წელს კვლავაც 4.3%-იან მატებას ელოდებიან.