ორშაბათს ქართველმა ტელემაყურებელმა მიხეილ სააკაშვილის მორიგი ბენეფისი იხილა. მან საკუთარ ვენახში წარჩინებულ სტუდენტებს უმასპინძლა. მისი რეპლიკების ციტირებას არ ვაპირებ, ბოლო დროს ეს საკმაოდ ცუდ ტონად ითვლება, თანაც ღირსშესანიშნავი არაფერი უთქვამს, თუმცა ერთი საინტერესო დეტალი ამ ყველაფერში ნამდვილად იყო.
ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილმა ყვარლის რაიონში ვენახი შეიძინა (30 ათას ლარად) და იქვე სახლს იშენებს. იქამდე, ფორმალური თვალსაზრისით, სააკაშვილი ლამის უსახლკარო იყო. რეზიდენცია, სადაც ცხოვრობს, სახელმწიფო საკუთრებაა და, ასე ვთქვათ, „არ ითვლება“. წუთისოფელი ასეა, ვიღაც იძენს, ვიღაც კი კარგავს. აგერ, სულ რაღაც სამი წლის წინათ, ათი ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინა. ისინი დევნილებად იქცნენ, იმ პიროვნებას კი, რომელსაც ამაში განმსაზღვრელი როლი მიუძღვის, როგორც ვხედავთ, პირიქით, კარ-მიდამო გაუჩნდა. სხვათა შორის, როდესაც მომავალი (ან იმის შემდგომი) ხელისუფლება სააკაშვილისა და მისი კლანის ქონების კონფისკაციას მოახდენს („მესამე სამყაროს“ ქვეყნებში უამრავი ასეთი პრეცედენტი არსებობს და, დიდი ალბათობით, ეს საქართველოშიც მოხდება), იმედია, ამ კარ-მიდამოს არ წაართმევენ. ჩვენ ხომ მიზანტროპები არ ვართ და, თანაც, ჯერ კიდევ ცხონებული ენგელსი წერდა იმაზე, რომ შრომა ადამიანის განვითარებაში უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუნდაც პრაგმატულად შევხედოთ, რა სჯობს, გლეხი სააკაშვილი, რომელიც მცირე მეურნეობის ხარჯზე იცხოვრებს, თუ უსახლკარო სააკაშვილი, რომლის რჩენაც სახელმწიფოს მოუწევს? (ისე, მისი აწყობილი მეურნეობა მანახა და სხვას არ დავეძებ).
როდესაც სააკაშვილის ვენახში გადაღებულ კადრებს ვუყურებდი, თავის დროზე ნატოს პოპულარიზაციისთვის გადაღებული კლიპი გამახსენდა, წვიმა რომ წამოვიდა და წინასაინფარქტო (ან წინასაინსულტო) მდგომარეობში მყოფი გლეხის ვენახს ახალგაზრდებმა ნატოს დროშა რომ გადააფარეს. ყველაფერი თავის ადგილზე იყო - ვენახი, ახალგაზრდები და პირობითი გლეხიც კი, წვიმა და დროშაღა აკლდა, თუმცა იმ დღეს ლურჯი ბაირაღების აჩრდილი არა ყვარლის, არამედ თბილისის თავზე შეინიშნებოდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 9-10 ნოემბერს საქართველოში ნატოს გენმდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ჩამოვა, სახელისუფლო პროპაგანდას ექსტაზში გარდამავალი გამოცოცხლების ნიშნები დაეტყო. სამთავრობო ექსპერტების ოპტიმისტური მსჯელობა საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე (გვარებს ვერ ვიხსენებ. მოკლედ, ერთი მელოტია, მეორე კი წვერიანი. იმედია, არც მელოტი მოუშვებს წვერს და არც წვერიანი გადაიხოტრავს თავს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გარჩევას ერთმანეთისგან ვერ მოვახერხებთ) რასმუსენის ვიზიტამდე დარჩენილ პერიოდში, სავარაუდოდ, სულ უფრო ხშირი გახდება, თუმცა ამ ტალღის კულმინაცია ამ ვიზიტს როდი დაუკავშირდება. მას მოგვიანებით, 2012 წლის მაისში ნატოს ჩიკაგოს სამიტისთვის უნდა ველოდოთ. ეს შოუ, საერთო სახელწოდებით „მაპზე უკეთესი“, ხომ უკვე არაერთგზის ვიხილეთ.
იმავე დღეს სასტუმრო „რადისონში“ ამბასადორიალი დაიწყო, ქართველმა დიპლომატებმა გასული წლის შედეგები შეაჯამეს და ხელისუფლებისგან მუშაობის ძირითად მიმართულებებზე ინსტრუქციები მიიღეს, რომელთა მოკლე შინაარსი ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძემ გააცნო.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ეს ამბასადორიალი ვაშაძისთვის შეიძლება ბოლო გამოდგეს, რადგან მალე თანამდებობას დაემშვიდობება, თუმცა ამ ინსინუაციებს ნუ შეყვებით. მითუმეტეს, რომ იმას, ვაშაძით მეტი იქნება ხელისუფლებაში თუ ვაშაძით ნაკლები, ალბათ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და საკუთრივ ინსტრუქციებზე გადავიდეთ.
„ელჩებისთვის მისაცემი დავალებები 4 ძირითადი მიმართულებისგან შედგება. პირველი - ეს საქართველოსთვის უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შექმნაა, რათა დემოკრატიული რეფორმები და ეკონომიკური აღმშენებლობა გაგრძელდეს. მეორე დავალება დეოკუპაციის - ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანასა და სამშვიდობო ოპერაციების წარმოებას უკავშირდება. მესამე - საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა. მეოთხე მიმართულება კი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფი ტემპით ინტეგრაციას უკავშირდება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბოლო პუნქტი საქართველოში, უპირველესად, ნატოში გაწევრიანებასთან ასოცირდება. „ევროატლანტიკური სტრუქტურების“ ან „სივრცის“ ხსენება სხვა ინტერპრეტაციას პრაქტიკულად გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინები განსხვავებულია და მათი გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში შეიძლება. საქართველოში წარმოუდგენელია განცხადება, რომელიც შარშან აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა გააკეთა: „ნატოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, მაგრამ ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში აზერბაიჯანის ნატოში გაწევრიანებას არ ნიშნავს“.
ვაშაძის მიერ ჩამოთვლილი მიმართულებების შესახებ ადრე არაერთგზის გვსმენია, თუმცა, შესაძლოა, იშვიათად დავფიქრებულვართ იმაზე, რომ ეს პუნქტები ერთმანეთთან მჭიდრო მიზეზ-შედეგობრივ კავშირში იმყოფება. მაგალითად, ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური აღმავლობა შეუძლებელია უსაფრთხო გარემოს გარეშე, ამიტომაა, რომ ომის შემდეგ, უსაფრთხოების დეფიციტის (თუ ვაკუუმის?) პირობებში, უცხოური ინვესტიციების მოცულობა განუხრელად კლებულობს. თავის მხრივ, ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებისა და კონფლიქტების მოგვარების (როგორც მინიმუმ, ამ მიმართულებით წინსვლის) გარეშე, ხოლო რუსეთთან ურთიერთობების დალაგება შეუძლებელია მანამ, სანამ ოფიციალური თბილისი ნატოში ინტეგრაციის სურვილს ინარჩუნებს. რუსი სამხედროები დაკავებული ტერიტორიებიდან, სავარაუდოდ, ფეხს არ მოიცვლიან მანამ, სანამ ეცოდინებათ, რომ საქართველო შეიძლება ნატოში გაწევრიანდეს და ა.შ. მსგავსი კონსტრუქციების აგება შეიძლება დიდხანს გავაგრძელოთ, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჩაკეტილი წრე იქნება.
საკვანძო სეგმენტი ხსენებულ წრეში ნატოში გაწევრიანების სურვილია. ათწლეულების შემდეგ, შეიძლება ნატოც შეიცვალოს და რუსეთიც, თუმცა დღეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის სურვილის დაფიქსირება ავტომატურად რუსეთთან კონფრონტაციის გაგრძელებას ნიშნავს.
უკრაინის ხელისუფლებამ შარშან კანონიდან „ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების შესახებ“ ამოაგდო ფრაზა „ნატოში გაწევრიანება უკრაინის სტრატეგიულ მიზანს წარმოდგენს“. კიევში, როგორც ჩანს, გააცნობიერეს, რომ ნატოზე საუბარი ნაკლებად ადეკვატურია. რა დაკარგა ამით უკრაინამ ან რა აიცილა თავიდან? რაც უფრო წაიწევდა ეს ქვეყანა ნატოსკენ, მით უფრო გაიზრდებოდა რუსეთის ზეწოლა და, სავარაუდოდ, რაღაც მომენტში ეს ქვეყნის გახლეჩით, აღმოსავლეთ უკრაინისა და ყირიმის დაკარგვით ან რაიმე მსგავსი უბედურებით დასრულდებოდა. ისევე, როგორც აშშ ეწინააღმდეგება ლათინურ ამერიკაში უცხო სახელმწიფოების (ან სამხედრო ბლოკების) პლაცდარმების შექმნას, ასევე რუსეთი მუდამ შეეწინააღმდეგება ასეთი პლაცდარმების გაჩენას მის საზღვრებთან. აქ, ალბათ, მნიშვნელოვანია, დავაფიქსიროთ, თუ სად გადის ზღვარი და როდის ივსება მოთმინების ფიალა, მაგალითად, უგო ჩავესი ვაშინგტონთან მუდმივი ქიშპის რეჟიმში იმყოფება და თეთრი სახლი ამას, ასე თუ ისე, იტანს, მაგრამ, თუ ხვალ ჩავესი განაცხადებს, რომ ვენესუელა ოდკბ-ში გაწევრიანებას ან თავის ტერიტორიაზე ჩინური რაკეტების განლაგებას აპირებს, 99%-ინი ალბათობით, ამერიკული ხომალდები ვენესუელას ნაპირებს მიადგებიან.
1983-ში, როდესაც მსგავსი საფრთხე იგრძნეს, ამერიკელები კუნძულ გრენადაზე შეიჭრნენ. გაეროს გენასამბლეამ ინტერვენციის დაუყოვნებლივი შეწყვეტა მოითხოვა. განსაკუთრებით მძაფრი, არა სსრკ-ის, არამედ აშშ-ის უახლოესი მოკავშირის, დიდი ბრიტანეთის რეაქცია იყო. გრენადა ბრიტანული თანამეგობრობის წევრი გახლდათ და ლონდონი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, კიოდა. და მერე რა? ვერაფერს ვიზამთ, აშშ-ს, ისევე როგორც რუსეთს (მანამდე სსრკ-ს) აქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ საკუთარი საზღვრების სიახლოვეს მოსალოდნელი საფრთხე (რეალური თუ წარმოსახვითი) გაანეიტრალოს, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ ამაზე სხვები. შეიძლება დავა იმაზე, რამდენად სამართლიანია ეს, თუმცა სამყარო ასეა მოწყობილი და უკრაინელ დეპუტატებს, როდესაც ზემოაღწერილ გადაწყვეტილებას იღებდნენ, ეს გარემოება, სავარაუდოდ, კარგად გააზრებული ჰქონდათ.
თუმცა, ალბათ, შეუძლებელია, სააკაშვილის ხელისუფლებას ნატოში გაწევრიანების სურვილზე უარი ათქმევინო. ეს ისეთივე ძნელია, როგორც ფეტიშისტისთვის მისი სათაყვანებელი ნივთის წართმევა და იმის ახსნა, რომ მისი ქცევა უნაყოფო და უპერსპექტივოა. უყვარს და რა ქნას?!
დავუშვათ, რომ მოხდა სასწაული და ხვალ საქართველო ნატოს წევრი გახდა. ვაცნობიერებთ თუ არა, რომ ამ შემთხვევაში შეტაკება ნატოსა და რუსეთს შორის, ძალიან დიდი ალბათობით, ჩვენს ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას დაუკავშირდება? გვესმის თუ არა, რას ნიშნავს იყო საბრძოლო მოქმედებების თეატრი, სადაც ეს ორი ძალა ერთმანეთს დაეჯახება? კარგი იქნება, თუ ერთ ძველ ისტორიას კიდევ ერთხელ გავიხსენებთ.
ფრანჩესკო კოსიგამ 2004-ში იტალიურ მას-მედიას 1980 წლის ამბების შესახებ მოუთხრო (მაშინ იტალიის მთავრობის თავმჯდომარე იყო): „მარშალი ტიტო სიკვდილის პირას იყო და ნატოში საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა, თუმცა საბჭოელების შესაძლო შეჭრა იუგოსლავიაში ალიანსის რეაქციას არ გამოიწვევდა, რადგან ყველა ჩათვლიდა, რომ სსრკ-ს მიაქვს ის, რაც იალტის შეთანხმებებით ისედაც ეკუთვნოდა. ახლა ამას შემიძლია დავამატო, რომ იტალიაში არსებობდა გეგმა სახელწოდებით „ალებარდა“. ვფიქრობდით, რომ სსრკ არ დაკმაყოფილდებოდა რა იუგოსლავიით, შეიჭრებოდა ფრიული-ვენეცია-ჯულიას ოლქის ზღვისპირა ზოლში, სადაც ქალაქი ტრიესტი მდებარეობს. ამასთან, გვესმოდა, რომ ვერ ვთხოვდით ნატოს ბირთვული ომის დაწყებას მის დასაცავად. იუგოსლავიაში საბჭოთა ჯარების შესვლისთანავე, ჩვენი სამხედროები ვენეციის ოლქიდან უკან დაიხევდნენ, იქ დარჩებოდნენ მხოლოდ პრეფექტი, პოლიცია და კარაბინერები, წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად, მანამ, სანამ საბჭოთა ჯარები ამ ფუნქციებს საკუთარ თავზე აიღებდნენ“.
საუბარია ყველაზე სერიოზულ არჩევანზე, რომლის გაკეთება იტალიელ პოლიტიკოსებს XX საუკუნის მეორე ნახევარში მოუხდათ. ჩრდილოეთ იტალია პლანეტის ყველაზე მშვენიერი და სიყვარულით მოწყობილი ადგილია, მას ბირთვულ უდაბნოდ გადაქცევის საფრთხე ემუქრებოდა. ბირთვული იარაღი რომც არ გამოეყენებინათ, ვენეციის, მილანის, ფლორენციისა და რომის ნანგრევები ორი გიგანტის საბრძოლო არენად გადაიქცეოდა, ასიათასობით, მილიონობით იტალიელი დაიღუპებოდა, ომი შთანთქავდა ყველაფერს, რაც საუკუნეთა განმავლობაში თაობებმა შექმნეს. მათ, ვინც ასწლეულები პატარა ქალაქ-სახელმწიფოებში გაატარეს, ქმნიდნენ და ოცნებობდნენ მანამ, სანამ იტალიის მიწა-წყალზე მძიმედ მოაბიჯებდნენ ფრანგი, ავსტრიელი, ესპანელი და გერმანელი მეომრები, რომლებიც ასჯერ, ათასჯერ უფრო ძლიერ იმპერიებს წარმოადგენდნენ. ერთიანი იტალია ჯერ ამ ადამიანების ოცნებებში დაიბადა და პოლიტიკურ რუკაზე მხოლოდ შემდეგ (როცა ამის დრო მოვიდა) გაჩნდა.
იტალიის მმართველებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: რა არის იტალია და როგორი გახდება ის? სიკვდილის ზონა, სადაც სასაზღვრო ბოძებს დაარჭობენ, თუ ცოცხალი გული, რომელიც უკეთესი მომავლის იმედით ფეთქავს?
საბჭოელებს, ოდითგანვე სადავო ტრიესტთან ერთად ვენეციაც რომ დაეკავებინათ? წარმოუდგენლად ძნელია, დათმო ვენეცია, უყურო, როგორ გადიან საზეიმო მარშით სან-მარკოს მოედანზე უცხო ქვეყნის ჯარისკაცები და თან გჯეროდეს, რომ (როცა ამის დრო მოვა) ქვეყნის მთლიანობა აღდგება. კოსიგას შეეძლო, დაემალა ეს ისტორია, მაგრამ, ალბათ, ჩათვალა, რომ იტალიელებმა სიმართლე უნდა იცოდნენ. ერმა გაუგო, იგი არავის განუკითხავს.
სირცხვილი არაა, იყო სუსტი. სირცხვილია, უტვინო იყო!