დავით მაღრაძე: ჩემი აზრით, ხელოვნები პუტინის განცხადებებს ტაშს არ უნდა უკრავდნენ

დავით მაღრაძე: ჩემი აზრით, ხელოვნები პუტინის განცხადებებს ტაშს არ უნდა უკრავდნენ

1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ქართულ-რუსული ურთიერთობის ნორმალიზება, აქტიურად დადგა დღის წესრიში. როგორც ქართული, ისე რუსული მხარისგან არის შემხვედრი წინადადები, რომელიც განხილვის ფაზაშია. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობენ ხელოვნებისა და ზოგადად კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც რამდენიმე შეხვედრაც გამართეს.

ამ ყველაფერზე აზრის გამოთქმა პოეტ დათო მაღრაძეს ვთხოვეთ:

- დღეს, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობა ძალიან რთულ ფაზაშია. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ადამიანები ცხოვრებას არ ვამთავრებთ. ჩვენ ჩვენი სამშობლოს შენებას ვაგრძელებთ, რუსები რუსეთისას, ამიტომ დიალოგი აუცილებელია. როცა მავანი ამბობს, რომ დიალოგი არ უნდა გაიმართოს რუსეთ-საქართველოს შორის, ეს უპასუხისმგებლო განცხადებაა, რადგან სწორედ უდიალოგობამ მოიტანა დღეს არსებული სიტუაცია. მარტო ტრაბახით: "აქეთ გორას წიხლსა ვკრავ-იქით გორას ძვრას ვუზამ",შორს ვერ წავალთ (როგორი ძვრაც უქნა "ნაციონალურმა მოძრაობამ" რუსეთის ველებს და გორებს, ყველა ვხედავთ). პასუხისმგებლობის გრძნობა და განცდა აუცილებელია. მარტო ერთი ადამიანის ემოციებით არ უნდა ხდებოდეს მართვა, როცა ხალხმა აგირჩია და ხალხის წინაშე ხარ ანგარიშვალდებული, მაშინ უფლება არა გაქვს შენი ემოციებით მიიღო გადაწყვეტილება. პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებამ უნდა იფიქროს დიალოგის განახლების გზებზე - არა იმიტომ რომ დიალოგი დიალოგისთვის გაიმართოს, არამედ იმაზე, თუ რა სარგებელი შეიძლება მოყვეს ამ დიალოგს. ახლა საჭიროა დაფიქრება და სიბრძნე და არა ემოციური ნაბიჯები. მე ვფიქრობ, რომ დღეს ხელისუფლებაში ის ძალაა და ისეთი ადამიანი, რომელიც განსჯის,დაფიქრების და საკითხის შესწავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

- წინა ხელისუფლების მხრიდან რუსი ერის მიმართ სიძულვილი და აგრესიის პროპაგანდა მიმდინარეობდა. ეს არ შეუშლის ხელს ნორამლური ურთიერთობის აღდგენას?

- ნაციის სიძულვილი დიდი უკულტურობაა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე რომ არაქრისტიანულია. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ხელისუფლებამ, არ შეიძლება მთელი ნაციის დადანაშაულება (მეორე მსოფლიო ომში, გერმანელი ხალხი არავის დაუდანაშაულებია, მით უმეტეს გერმანული კულტურა) და მით უფრო შეძულება. მაგალითად: პეტერბურგში (მაშინდელ ლენინგრადში) ბლოკადის დროს, ქალაქის ფილარმონიაში, მაშინ როცა ხალხი შიმშილით იხოცებოდა, შესრულდა ბეთჰოვენის IX სიმფონია. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბეთჰოვენის გერმანელობას მოსმენაში ხელი არ შეუშლია. ჩვენთან კი ნაციონალურმა მოძრაობამ, დოსტოევსკი ლამის სალანძღავ სიტყვად აქცია. ნაციონალური მოძრაობა, ეს ის ხალხია, ვინც ფაქტებს არ აღიარებენ. თქვენ წაროგიდგენიათ პოლიტიკოსი, რომელიც ფაქტებს არ აღიარებს?! ეს იგივეა რომ ქრისტიანი ცოდვებს არ აღიარებდეს, როცა ქრისტიანობა სწორედ ცოდვების აღიარებით იწყება. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა შეუძლებელია. საქართველოში ხშირად პოლიტიკური კონიუნქტურა გაჟღენთილი იყო იმით რომ ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც 2 ქვეყანას შორის ურთიერთობას ეხებოდა, ფსევდოპატრიოტებისგან მოეძებნებოდა ასეთი კომენტარი - ეს ხომ რუსეთისთვის კარგია. შენ ნუ იწყებ ფიქრს რა არის რუსეთისთვის კარგი და ცუდი, ამას შენ არავინ გეკითხება. ისინი ავად თუ კარგად თავის თავს მიხედავენ.

ჩვენთან ფსევდოპატრიოტებს უნდათ პატრიოტიზმით შენიღბონ ნებისმიერი უნიჭობა და უინტელექტობა. ასეთი ხალხი ხშირად სწორედ პატრიოტიზმს აფარებს თავს, რომ დაიკმაყოფილონ საკუთარი ამბიცია, რომლის განხორციელების რესურსი არ გააჩნიათ. ჩვენთან აგვისტოს ომის შემდეგ რუსი ხალხის წინააღმდეგ მასობრივი აგიტაცია დაიწყო, მინდა ვთქვა, რომ ომებს იწყებენ არა ერები, არამედ "ფიურერები". ჩემი აზრით ამ ომისკენ ორივე მხარე მიდიოდა: რუსებს ვერაგული პრაგმატიზმი ამოძრავებდა, ხოლო ქართულ მხარეს სისულელე და უვიცობა.

- თქვენ ხელოვანი ბრძანდებით, რა როლის შესრულება შეუძლია ხელოვნებასა და ზოგადად კულტურას ურთიერთობის დარეგულირებაში?

- ჩემთვის როგორც პოეტისათვის, ის უფრო მნიშვნელოვანია, თუ ვინმე რუსს ჩემი ლექსი მოეწონა და ინტერესი მაგიტომ გამოხატა ჩემდამი, ვიდრე იმიტომ, რომ ქართველი ვარ. როცა პოლიტიკური კონიუნქტურა მუშაობს, რომ მოდი, ქართველებით დავინტერესდეთ, ვთარგმნოთ ქართველი მწერლები და სხვ. ეს ჩემთვის ნაკლებად ფასეულია. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია, როცა ინდივიდი ინტერესდება არა როგორც რუსით ქართველი და ქართველით რუსი, არამედ როგორც პოეტი პოეტით ან მხატვარი მხატვრით. ყოველგვარი ნაციონალობის გარეშე. როცა პოლიტიკური ვითარება გკარნახობს, რომ საჭიროა ამა თუ იმ ეროვნების ხელოვანებით მასიური დაინტერესება, ამ შემთხვევაში მე ისევ ინდივიდუალურ გზას ავირჩევ. ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

- ბოლო დროს რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, სადაც ხელოვნების წარმომადგენლები მიესალმნენ პუტინის ამა თუ იმ განცხადებას, რამდენად სწორია ხელოვანის ასეთი ჩართულობა პოლიტიკურ საკითხებში?

- ჩვენი ხელოვანი ხალხი მიესალმა პუტინის განცხადებას, რომ ის მზადაა გაუხსნას რუსული ბაზარი ქართული პროდუქციას. ჩემი აზრით, ხელოვანი ამას არ უნდა მიესალმოს,არ უნდა დაუკრას ტაში, რომელიც ოვაციაში გადადის, არა იმიტომ რომ ეს ცუდია, არამედ იმიტომ რომ ეს მათი საქმე არაა. ჩემი საქმე არაა პუტინის განცხადების მისალმება, ეს ხელოვანს არ ევალება. პუტინი არის რუსეთის პრეზიდენტი და უფრო ადეკვატური იქნება თუ საპასუხო განცხადებას გააკეთებს ხელისუფლების წარმომადგენელი. არ არის აუცილებელი, რომ ლექსები მივუძღვნათ პუტინის ამ ან რომელიმე განცხადებას. მე არანაირი სურვილი არა მაქვს, რომ თუ რუსეთთან საზღვარი გაიხსნა, ქართველები დავეწყოთ და კინტაურის ცეკვით წავიდეთ რუსეთში. ეს იქნება პერიფერიული აღტკინების ამაზრზენი სურათი და იმედი მაქვს, ეს ასე არ მოხდება. ბუნებრივია, არაფერია იმაში საძრახისი, თუ ხელოვანი თავის პროდუქციას რუსეთში გაყიდის, მაგრამ ამას არ უნდა მიეცეს ზოგადსახელმწიფოებრივი სახე, რადგან ეს არ იქნება ცოცხალი, ბუნებრივი პროცესი. ეს იქნება ხელოვნურად ნაკარნახევი არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რასაც ხელოვანი არ უნდა ექვემდებარებოდეს.