საქართველოს შემოღებული შეზღუდვები რეგიონისა და დასავლურ ქვეყნებში ყველაზე მკაცრია. არადა, ბოლო დროს ყველაგან გაცილებით უარესი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, ვიდრე ჩენს ქვეყანაში. მთავრობა და მედიკოსები ძალიან ფრთხილობენ, ამასობაში კი წლის პირველი ნახევარი თვალსა და ხელს შუა იწურება და ეკონომიკის გამოცოცხლებას საშველი არაფრით არ დაადგა.
საქართველოს შემოღებული შეზღუდვები რეგიონისა და დასავლეთის ქვეყნების სიმკაცრის ხარისხს აღემატება. ამის შესახებ აღნიშნულია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში, რომლის მიხედვით, ევროპული ქვეყნების შეზღუდვების ხარისხი დაახლოებით 60-80 ქულის კატეგორიაში ვარდება. მოცემული ცხრილის მიხედვით, საქართველო ინარჩუნებდა ძალიან მკაცრ შეზღუდვებს, თუმცა ამ ეტაპისთვის ეს შედარებით შემსუბუქებულია და მერყეობს 60-70 ქულებს შორის.
მთავრობის რეაგირების-შეზღუდვების ხარისხის ინდექსი ასახავს, თუ რა სიმკაცრის ხარისხის ზომები აქვს მთავრობას გატარებული პანდემიის პირობებში. ინდექსი დგება ისეთი ინდიკატორების ანალიზის საფუძველზე როგორიცაა: სატრანსპორტო შეზღუდვები, სამუშაოების დახურვა, სკოლების დახურვა, და ა.შ.
წინა შეზღუდვების შედეგად (პირველი ლოქდაუნი) ეკონომიკა დღეში 16 მლნ ლარს კარგავდა. საქართველოში შეზღუდვების მეორე ტალღა „ზედმეტად მკაცრად“ შეფასდა. საქართველო სიმკაცრით მე-15 ადგილზე იყო მსოფლიოს 184 ქვეყნიდან. შეზღუდვების გამო ქვეყანას ჯამურად 2020 წელს 1.0 მლრდ ლარის დანაკარგი უფიქსირდება.
ასეთი რეალობის გამოისობით ქვეყანაში ეკონომიკა ვერ იბრუნებს საყრდენს, საიდანაც აღდგენის პროცესი უნდა დაიწყოს. ამ ყველაფრის ხელის შემშლელი მესამე ტალღის შიში და მოსალოდნელი შეზღუდვებია. მათ შორის განსაკუთრებით დამაბრკოლებელი კომენდანტის საათია, რომელიც თითქმით ნახევარი წელია ქვეყანაში მოქმედებს. მისი არათუ გაუქმება, არამედ ჯერჯერობით შემსუბუქებაც არ იგეგმება.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას პირდაპირ განაცხადა, რომ კომენდანტის საათის წინ ან უკან გადაწევაზე საუბარი არ მიმდინარეობს.
„ნამდვილად მიგვაჩნია, რომ ტრანსპორტი გადატვირთულია. ჩვენი სურვილია, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტსა და მეტროს შესაძლო რესურსი გაიზარდოს. თუმცა, ამ ეტაპისთვის ე.წ. კომენდანტის საათის წინ, ან უკან გადაწევაზე საუბარი არ მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ტრანსპორტის გადატვირთვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ტიკარაძემ.
იქვე მინისტრმა ის პირობაც დაასახელა, რომელიც გადაადგილების შეზღუდვას შეამსუბუქებს, თუმცა რეალურად საქართველოში ამის შესრულება წარმოუდგენელია.
„თუ ჩვენ შევძლებთ და ერთობლივად პირბადის ტარებას ავიყვანთ 95%-მდე, ეს ჩვენ მოგვცემს გარანტიებს, უახლოეს მომავალში საბჭომ ჩემი ინიციატივით დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ „კომენდანტის საათი“ მოვხსნათ.
კოეფიციენტს ვერ დავასახელებთ, ვინაიდან, აქ მხოლოდ ერთი ცვლადი არ მონაწილეობს. აქედან გამომდინარე, მცდარი მოლოდინის შექმნა მოსახლეობაში არ მიყვარს და არ გავაჟღერებ. ერთადერთი, რაც შემიძლია გავაჟღერო, არის პირბადე - 95%-იანი მაჩვენებელი მოგვცემს გარანტიებს, უახლოეს მომავალში საბჭომ ჩემი ინიციატივით დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ „კომენდანტის საათი“ მაქსიმალურად შევამსუბუქოთ“, - განაცხადა პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრმა.
საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.1%-ით შემცირდა, ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმს მიადგა. ქვეყნის ეკონომიკის 74 პროცენტს შეადგენს. სპეციალისტების განმარტებით, პანდემიური ეკონომიკური კრიზისი არ წარმოადგენს არც ციკლურ და არც სტრუქტურულ მოვლენას. ეს არის სრულიად ახალი ფენომენი, რომელიც ასახავს სიცოცხლისათვის უაღრესად საშიში დაავადების - კოვიდ-19-ის „ტყვეობაში“ მოქცეული ეკონომიკის რეაქციას.