ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამნისტიის შინაარსთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამნისტიის შინაარსთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

გიორგი რურუა ამბობს, რომ შესაწყალებელი ნამდვილად არ ჰქონდა. პრეზიდენტის მიერ შეწყალებული „მთავარი არხის“ ერთ–ერთი მეწილე თავს უდანაშაულოდ ცნობს და ამბობს, რომ მისი შეწყალებით ხელისუფლებამ თავისი დანაშაული გამოასწორა. გიორგი რურუამ სასჯელაღსრულების დაწესებულება წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ, სწორედ პრეზიდენტის მიერ შეწყალების შემდეგ დატოვა.

რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება მედიატორების მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ერთ–ერთი ნაწილი იყო. ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც მედიატორის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, პარლამენტში დარეგისტრირდა. პარალელურად, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.

„მე ერთხელ შემომთავაზეს შეწყალება, შემომთავაზეს, რომ მეღიარებინა დანაშაული, ეს 8 მარტის შეთანხმების შემდეგ და მე უარი ვთქვი იმიტომ, რომ თავს დამნაშავედ არ ვცნობ. რადგან ამ საქმიანობაში ვიყავი, როგორც მოქალაქე, როგორც სამოქალაქო ოგანიზაციის წევრი, როგორც ფიზიკური პირი და როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობას ვეხმარებოდი. ისე „მთავარი არხის“ ერთ–ერთი მეწილე ვარ. სახლში მიმავალი დამიჭირეს, მიმიყვანეს და მითხეს, რომ იარაღი გიდევს ჯიბეშიო“, – აღნიშნა გიორგი რურუამ.

ნიკა მელიასა და ოპოზიციის ნაწილისგან განსხვავებით, რურუა ოპოზიციის მიერ შეთანხმებაზე ხელმოწერას არ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ადვოკატის მეშვეობით შეუთვალა მელიას საკუთარი აზრი, მაგრამ შინაარსის დეტალი, როგორც აღნიშნა, თავისთვის დაიტოვებს.

„მე რომ ნიკას ადგილზე ვიყო, ევროკავშირის გირაოს მივიღებდი. ნიკასი მესმის სრულიად, ის არის მართალი, პატიმრობას იხდის გავრილოვის ხარკისთვის და ვუსურვებ, რომ მალე დატოვოს და ეს ერთი ნაბიჯი გადაიდგმება კრიზისის დასაძლევად. მე პარლამენტში ვინც შევიდა იმ დეპუტატებს ვუსურვებ წარმატებას. ვფიქრობ, რომ ეს არის წარმატება. ამნისტიის პუნქტი რომ მოვისმინე, მეც ვერ მივხვდი და მეც ჩემს თავზე ვიღებ, რომ ეს შეგვეშალა და სამწუხაროდ, ასე მოხდა, მაგრამ დანარჩენი 4 მისაღებია და ის 4 პუნქტი უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. ახლა ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად, „ნაციონალური მოძრაობაც“ უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც“, – განაცხადა გიორგი რურუამ.

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი დღეს რუსთავის ციხის 224–ე საკნის ბინადართან, ნიკა მელიასთან გამართავს აუდიენციას და როგორც თავად აცხადებს, გააცნობს რა იკვეთება ხელისუფლებასთან კონსულტაციების შედეგად.

„გიორგი გათავისუფლდა, ახლა ჩვენ ველოდებით ნიკა მელიას გათავისუფლებას. პოლიტიკური პროცესის და კრიზისის განსამუხტად მნიშვნელოვანია ნიკა მელია ძალიან მალე გათავისუფლდეს. მოვითხოვე მელიასთან საპატიმროში შესვლა და აუცილებლად შევალ, გავაცნობ რა იკვეთება კონსულტაციების შედეგად, რა ვითარებაა. მასთან სხვა საკითხებზეც ვიმსჯელებ“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

გიორგი რურუამ პრეზიდენტის შეწყალებით საპატიმრო დატოვა, ნიკა მელია კი, საპატიმროს არ ტოვებს. მსოფლიო ისტორიაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ერთადერთია, რომელიც ციხეს ვერ ელავა, უარს აცხადებს ამნისტიაზე, არ იხდის გირაოს. მელიამ ხელისუფლებას ახალი თამაში შესთავაზა, იმ შემხვევაში, თუ ამნისტიის კანონს გაიწვევენ პარლამენტიდან, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას დათანხმდება, მაგრამ მელიას ულტიმატუმი 224–ე საკნის კედლებს ვერ გასცდა, ხელისუფლებამ ეს პირობა არ მიიღო.

პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება. ერთი ოპოზიციის და ერთი „ქართული ოცნების“, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ ორივე კანონპროექტში იქნება დაცული კონვენციური მუხლები და კონვენციურ მუხლებზე არ გავრცელდება არც ერთი კანონპროექტი და არც მეორე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დაეთანხმა საზოგადოების მოთხოვნას.

„შევთანხმდით იმაზე, რომ ძალადობის საქმეები დაემატა მათ კანონპროექტსაც და „ქართული ოცნების“ კანონპროექტში მაკო გომურის ტიპის საქმეებზე კიდევ დამატებითი გარანტიები იქნება, რომ ამნისტია არ გავრცელდება. ვერ შევთანხმდით დაზარალებულთა თანხმობაზე, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ თანხმობა არ უნდა მოვითხოვოთ. ჩვენ ვთვლით, რომ დაზარალებულის თანხმობა არის აუცილებელი. იქნება სამი საკომიტეტო მოსმენა და ამის შემდეგ კონკრეტულად გადაწყდება, რომელ კანონპროექტს მიიღებს პარლამენტი. მთავარი ისაა, რომ „ქართული ოცნება“ დაეთანხმა საზოგადოების მოთხოვნას და ჯალათებთან მიმართებაში ვერ იქნება ამნისტია გამოყენებული ვერც ერთ შემთხვევაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამნისტია გავრცელდება და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ ვისზე შეიძლება არ გავრცელდეს, ოხანაშვილის განცხადებით, ამასთან დაკავშირებითაც ოპოზიასთან პოზიციები მაქსიმალურად დააახლოვეს.

„კონვენციური დათქმა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება ამნისტია გავავრცელოთ წამებაზე, წამების მუქარაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე და ასევე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე, ეს პუნქტიც არის ჩადებული ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში. ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – პირი, რომელსაც არ სურს, რომ ისარგებლოს ამნისტიით, მას სრულად ექნება სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება. შევთანხდით, რომ უნდა იყოს სამართლიანი მიდგომა და თუკი დანაშაული, სავარაუდოდ, ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა, ეს იქნება პოლიციელი, მოქალაქე თუ სხვა, რომელიც მონაწილეობდა შეკრებაში, მათ თანაბრად უნდა ეპატიოთ. შესაბამისად, თანაბარი და სამართლიანი მიდგომა რომ უნდა იყოს, ეს არის შეთანხმება. ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, თუ მოხდა, მიზანმიმართულად ასეთ პირს, როგორც შესაბამის შემსრულებელს, ისე თანამონაწილეს, მაგალითად, ორგანიზატორს, არ უნდა შეეხოს. ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს შეთანხმება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციებს შორის განსხვავებას, ოხანაშვილის განცხადებით, განსხვავება ისაა, რომ მმართველი გუნდი თვლის, რომ ამნისტია უნდა შეეხოს კონკრეტულ მოვლენა, ფაქტს და გამორიცხონ ის მუხლები, რასაც არ შეეხება. რაც შეეხება ოპოზიციური ჯგუფების მოსაზრებას, ისინი ფიქრობენ, რომ ჩაიწეროს კონკრეტული მუხლები, რას ეხება, ასევე ჩავწეროთ რას არ ეხება.

„მეორე განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები გვეუბნებიან, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენი პოზიციაა, რომ ვინაიდან ხელმომწერმა მხარეებმა ვიკისრეთ პასუხისმგებლობა, რომ ეს ფურცელი გადაიშალოს, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ტვირთი და პასუხისმგებლობა უნდა აიღონ პოლიტიკოსებმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვინმეს განზრახ, მიზანმიმართულად დაუზიანდა ჯანმრთელობა. ეს შემთხვევა არ განიხილება. თუკი ვინმემ ასეთი დანაშაული ჩაიდინა, პასუხისგებაში მიეცემა, თუ ეს დადასტურდება“, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

„ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კანონპროექტითაც ამნისტია ვერ შეეხება ისეთ მძიმე შემთხვევებს, როგორიცაა ადამიანებისთვის სხეულის მძიმე დაზიანება.

„შეთანხმებამდე ვერ მივედით. დარჩა საკითხები, რომელზეც ვერ ვთანხმდებით. შევთანხმდით, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ხაზგასმით შევთანხმდით, რა ფორმაც არ უნდა მიიღოს ამნისტიამ, ის ვერ შეეხება ისეთ მძიმე შემთხვევებს, როგორიც თვალდათხრილი ადამიანებია. „ოცნებაც“ დაგვეთანხმა, რომ ამაზე მათ ვერსიაშიც კი არ იქნება საუბარი. ჩვენთვის პრინციპულია, რომ განურჩევლად იმისა, რა ტიპის დაზიანება მიიღო ადამიანმა, განსაკუთრებით მძიმე თუ ნაკლებად მძიმე, როცა არსებობს დაზარალებული და მას დაუზიანდა სხეული, მისი თანხმობის გარეშე დამნაშავის ამნისტირება არ არის სწორი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

tngh ახალ-ახალი დემაგოგებით ივსება "ნაც-ოპოზიციონერთა" რიგები.......
2 წლის უკან