საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს რუსეთში წელსაც განახორციელებს. ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, წლეულს საქართველოში ზამთრის პერიოდში სამართლიანი იქნება კითხვა: რა მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტს განახორციელებს საქართველო და არა კითხვა, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა მოსახლეობას - ექნებოდა თუ არა მას ელექტროენერგია.
მინისტრის ინფორმაციით, 2009 წელს საქართველო 4 მიმართულებით ახორციელებდა ელექტროენერგიის ექსპორტს - სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი. ამასთანავე, მიმდინარეობდა მუშაობა იმასთან დაკავშირებით, მოხერხდებოდა თუ არა რუსეთში ზამთრის განმავლობაში ელექტროენერგიის ექსპორტი.
მინისტრის განცხადებით, ზამთრის სეზონს საქართველოს ენერგოსისტემა აბსოლუტურად მომზადებული ხვდება. სრულად არის რეაბილიტირებული ყველა ელექტროსადგური და ასევე მომზადებულია როგორც ელექტროენერგიის, ასევე გაზმომარაგების ქსელი.
გარდა ამისა, წლეულს საქართველოში ორი ახალი ჰესის მშენებლობაც დაიწყება. კერძოდ, „მტკვარჰესის" მშენებლობა 6 ნოემბერს დაიწყება, ახალციხეში „ფარავანჰესის" მშენებლობა კი - დეკემბერში.
მინისტრის ინფორმაციით, ჰესების მშენებლობა 3-4 წელიწადში დასრულება.
„გარდა ამისა, ზაფხულში გურიაში 9-მეგავატიანი ბახვიჰესის მშენებლობა დაიწყო. თურქეთში 500-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მშენებლობაც დაწყებული, რომელსაც დონორების მიერ გამოყოფილი 4.5 მილიარდი დოლარიდან 280 მილიონი დოლარი ხმარდება. სამშენებლო სამუშაოები 2012 წლის მაისში დასრულდება. ეს ქართულ მხარეს საშუალებას მისცემს, ზაფხულში თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელოს", - განაცხადა ხეთაგურმა.
ასე რომ, მთავრობა, უპირველესად, ელექტროენერგიის ექსპორტზეა ორიენტირებული, შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკაში ჰიდროელექტროენერგიის წილის გაზრდის მიუხედავად, მოსახლეობისთვის დენის გაიაფება არ იგეგმება.
მთავრობის მიერ განსაზღვრული სტრატეგიის მიხედვით, ენერგორესურსების საერთო წარმოებაში ჰიდრორესურსების წილი 3 წლის განმავლოვაში 90%-მდე გაიზრდება. ამის მიღწევა, ძველი ჰესების რეაბილიტაციისა და ახალი ჰესების აშენების შედეგადაა შესაძლებელი, შესაბამისად, თბოელექტროსადგურებზე გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი 10%-მდე შემცირდება.
ენერგეტიკის სამინისტრო ინვესტორებს 83 ჰესის აშენებას სთავაზობს. ჰესების სიმძლავრე 0,5-დან 50 მეგავატამდეა. ყველაზე მძლავრი, 50-მეგავატიანი „დარიალიჰესი", შესაძლოა, მცხეთა-მთიანეთში, მდინარე თერგზე აშენდეს.
19 პერსპექტიული ჰესი სამეგრელოსა და სვანეთში მდებარეობს: 7 - რაჭა-ლეჩხუმში, 13 - იმერეთში, 4 - გურიაში, 14 - აჭარაში, 10 - მცხეთა-მთიანეთში, 5 - კახეთში, 6 - სამცხე-ჯავახეთში, 5 კი - ქვემო ქართლში.
ჰესების პრივატიზაციიდან, მთავრობა 1,5 ევროს ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს. ამის შემდეგ, მთავრობამ ელექტროენერგიის ექსპორტიდან წელიწადში 1 მლრდ აშშ დოლარის მიღება დაგეგმა. ელექტროენერგიის ძირითადი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იქნება.