"გათავისუფლებულ სამხედროებს არმიაში აბრუნებენ"

"2012 წლის 25 ოქტომბრიდან 12 თებერვლის ჩათვლით თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღდგენისა და დასაქმების თხოვნით 3 323 პირმა მიმართა. მათ შორის, 443 უფროსი ოფიცერი, 409 უმცროსი ოფიცერი, 1 976 კაპრალი და სერჟანტი და 495 სამოქალაქო პირია. დღევანდელი მდგომარეობით, მიღებული განცხადებებიდან 435 სამხედრო და სამოქალაქო პირი უკვე აღდგენილია, ხოლო 500-მდე კი დანიშვნის პროცედურებს გადის. თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან პოლიტიკური ნიშნითა თუ სხვადასხვა სუბიექტური მიზეზით გათავისუფლებულ სამხედრო მოსამსახურეთა აღდგენისათვის უწყებაში სპეციალური კომისიაა შექმნილი. გასულ წლებში დათხოვნილთა განცხადებებს გაერთიანებულ შტაბში სპეციალური სამუშაო ჯგუფი განიხილავს, რომლის შემადგენლობაში თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები შედიან. სამუშაო ჯგუფმა სამხედროების განცხადებებს წოდების, დათხოვნის საფუძვლისა და ქვედანაყოფების მიხედვით ახარისხებს და დამატებით შესასწავლად სტრუქტურულ ქვედანაყოფებს უგზავნის", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით "გათავისუფლებულ სამხედროებს არმიაში აბრუნებენ".

"თუ განმცხადებლის წოდება და კვალიფიკაცია შეესაბამება სტრუქტურულ ქვედანაყოფში არსებულ ვაკანსიას, ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე შესაბამის თანამდებობაზე დაინიშნება. მიმდინარე წლის 22 თებერვლიდან სამუშაო ჯგუფმა აღდგენებსა და დასაქმებასთან დაკავშირებული განცხადებების მიღება შეწყვიტა. ამ განცხადებებს მომავალში თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი თანამდებობრივი საკვალიფიკაციო კომისია განიხილავს, რომელიც ცენტრალიზებულად იმუშავებს, დასაქმების მსურველებს სპეციალურ ტესტირება-შემოწმებას ჩაუტარებს და ამის შემდეგ მოამზადებს სარეკომენდაციო გადაწყვეტილებებს მათი დანიშვნისა თუ დანიშვნაზე უარის შესახებ. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლების შესახებ საუბრისას თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განმარტებით, დაგეგმილია ისეთი სამხედრო სისტემის შექმნა, სადაც ჯარში დაბრუნების მსურველი ყოველი ოფიცრის საქმეს სპეციალური კომისია შეისწავლის და სათანადო განათლება-გამოცდილების შემთხვევაში მათი აღდგენის საკითხი განხილვას დაექვემდებარება", - აღნიშნავს გამოცემა.

"თუ რა კრიტერიუმებით მოხდება სამხედროთა განცხადებების განხილვა, ამას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან დოლიძე განგვიმარტავს. მისი აზრით, მთავარი კრიტერიუმები _ გამოცდილება, პროფესიონალიზმი და უნარები იქნება. მისივე თქმით: "სამინისტროში შემოსულ განცხადებებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და განხილვების შემდეგ პირველ ეტაპზე მხოლოდ იმ პირთა სია შედგება, რომლებსაც სამსახურში აღადგენენ. ყველა განცხადების დაკმაყოფილება კი შეუძლებელი იქნება". ირაკლი სესიაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე: "თავდაცვის სამინისტროში აღდგენის მოთხოვნით დაახლოებით 3 ათასზე მეტი განცხადება შეიტანეს. ეს ეხება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირებს. მათ შორის ძალიან ბევრი ოფიცერი, ღირსეული და კვალიფიციური კადრია, იყვნენ უკანონოდ დათხოვნილი პირებიც. მაგრამ ღირსებისა და პროფესიონალიზმის მიუხედავად, ყველა ოფიცრის ჯარში დაბრუნება შეიძლება გართულდეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შეიარაღებული ძალები, ასე თუ ისე, დღეს დაკომპლექტებულია და არსებულზე მეტით დაკომპლექტება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ასეთი ოფიცრები უკმაყოფილო დარჩებიან, თუმცა მე თხოვნით მივმართე თავდაცვის სამინისტროს, რომ მათ მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს და შემდგომში, თუკი რაიმე ადგილი გამოჩნდება, ისინი დასაქმდნენ. მივესალმები, რომ ერთი ნაწილის უკან დაბრუნება მოხერხდა. ეს პროცესი კიდევ გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხები ეტაპობრივად მოგვარდება", - განაგრძობს გამოცემა.

"ჩვენ ის სამხედროები მოვიძიეთ, ვისაც თავდაცვის სამინისტროს წინა ხელმძღვანელობის დროს სხვადასხვა მიზეზის გამო მოუწია სამსახურის დატოვებამ. ვეფხია მსხვილიძე, სამხედრო მფრინავი: "როდესაც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა შეიცვალა, შეიარაღებულ ძალებში დაბრუნების თხოვნით განცხადება შევიტანე, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. ალბათ, დავტოვებ ქვეყანას და საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების რეალიზაციას სხვა ქვეყანაში ვეცდები". ბევრი აღადგინეს. მაგალითად, იაცენკო, რომელიც პროფესიონალი სამხედრო მფრინავია და მაშინდელმა ხელმძღვანელობამ გიგი კალანდაძის ინიციატივით რუსული წარმოშობის გვარის გამო გაათავისუფლა, _ უთხრეს, შენ შეიძლება აგენტიც იყოო, არადა, თბილისში დაბადებულ-გაზრდილია და საქართველოს საჰაერო ძალების დაარსების დღიდან იქ მსახურობდა. ძალიან გამიხარდა, რომ მისი პროფესიონალიზმი არ დაიკარგა", - ამბობს ვეფხვია მსხვილიძე.

"შესაბამის კომისიასა და მინისტრის ბრძანებას ველოდები და სავარაუდოდ, თვის ბოლოს დავბრუნდები შეიარაღებულ ძალებში. I ქვეით ბრიგადაში ვაგრძელებ სამხედრო სამსახურს, კაპიტნის წოდებით, ოღონდ სხვა თანამდებობაზე. სამანდატო კომისიის დასკვნით, მთვრალი მივედი სამხედრო ნაწილში, ოფიცრებს შეურაცხყოფა მივაყენე და ვცემე. თუმცა, მთელი სამხედრო ნაწილი, ვინც იმ ტერიტორიაზე მსახურობდა, ადასტურებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია... ყველამ იცის, რომ ბოლო დროს გიგი კალანდაძის გავლენის გამო ბატალიონში გამრიყეს, იყო ზეწოლა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ნაწილში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს და ტვინის შერყევით გორის სამხედრო ჰოსპიტალში აღმოვჩნდი. მას შემდეგ, რაც სამანდატო კომისიის გადაწყვეტილებაზე საჩივარი დავწერე, 2011 წლის 24 ივლისს მომივიდა ბრძანება, შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლების თაობაზე. ახლა ჩემს საქმეს პროკურატურა იძიებს და თუ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ველოდები, შესაძლოა, ის დანაკლისიც ამინაზღაურონ. თუმცა, ეს არ არის ახლა უპირველესი, ჩემთვის მთავარია, რომ შეიარაღებულ ძალებში ვბრუნდები და ისე ვაგრძელებ ქვეყნის სამსახურში ყოფნას. ბოლო წლებში სამხედრო პირისთვის ღირსეული სამსახური მართლაც სანატრელი იყო. მთელი სიცოცხლე სამხედრო ცხოვრებით ვიცხოვრე. ვარ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, ომამდე კი ერედვში ასეულის მეთაური ვიყავი და სამშვიდობო მისიას ვასრულებდი. მიხარია, რომ ისეთ არმიაში ვბრუნდები, სადაც სამხედრო პირი პროფესიონალიზმისა და დამსახურების, მისი პიროვნული თვისებების მიხედვით იქნება შეფასებული და არა პოლიტიკური შეხედულებებით და პირადი სიმპათიით. ეს ნებისმიერი სამხედრო პირისთვის, რანგის მიუხედავად, ძალიან დიდი სტიმულია, რათა შენს სამშობლოს ღირსეულად ემსახურო", - დასძენს თორნიკე მელაშვილი, I ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის კაპიტანი.