„ნაკლებად ვიდარდოთ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მომავალზე, ჩვენ სახელმწიფო გვაქვს სადარდებელი“

„ნაკლებად ვიდარდოთ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მომავალზე, ჩვენ სახელმწიფო გვაქვს სადარდებელი“

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც გაკოტრების რეჟიმშია და მისი ფაქტიური ლიდერი ცდილობს შეთანხმება ვერ შესრულდეს. უმრავლესობის წევრის განმარტებით, საერთაშორისო დიპლომატიურ ენაზე ამერიკელი და ევროპელი კოლეგები სხვანაირად ვერ ეტყვიან ოპონენტებს, რომ როდესაც იღებ ვალდებულებას საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, ის უნდა შეასრულო.

for.ge გურამ მაჭარაშვილს ესაუბრა.

ნიკა მელია უარს ამბობს ამნისტიაზე და არც ევროკავშირის მიერ გადახდილ გირაოს თანხმდება. რატომ ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობის“ რეალურ მმართველს მელია ამ დრომდე ციხეში? ფაქტია, რომ მელია და ზოგადად, პარტია სააკაშვილის დირექტივით მოქმედებს...

გურამ მაჭარაშვილი: თქვენს კითხვას პასუხი გასცა ამერიკის ელჩმა, ასევე ევროპარლამენტარებმაც, რომ ნიკა მელიას გადაწყვეტილება – გამოვა თუ არ გამოვა ციხიდან, ვერ იმოქმედებს ქვეყანაში არსებული მთავარი საკითხების გადაწყვეტაზე. ეს დიპლომატიურ ენაზე იმას ნიშნავს, რომ მელიას როგორც უნდა ისე გადაწყვიტოს თავისი ბედი, ეს მისი უფლება არისო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ქვეყანა აგრძელებს მუშაობას, მათ შორის საპარლამენტო საქმიანობას.

თავად მელიაც მიხვდა ამას და დააანონსა კიდეც, რომ გაწირეს და ჯოხი მასზე გადატეხეს. ბუნებრივად დილემის წინაშე დადგა. აპირებდა გმირი გამოსულიყო ციხიდან, მაგრამ ჩაეშალა ეს გეგმა. ახლა, მისი გადმოსახედიდან გამოსვლა შეიძლება არ იყოს პოპულარული, ამ დროს სააკაშვილს მელია აწყობს ციხეში და არა თავისუფლებაზე, რადგან მისი კონკურენტია და არ აწყობს პარტიაში. ეს არის „ნაცმოძრაობის“ ბუნება, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს – ქვეყანა სად მოიგებს და სად წააგებს.

მნიშვნელოვანია მათი ლიდერი იყოს კმაყოფილი და სააკაშვილი კმაყოფილი მაშინ არის, როდესაც „ნაცმოძრაობაში“ თავს გრძნობს ლიდერად. ამ პროცესებში კარგი ის არის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ევროპაშიც და ამერიკაშიც ნახეს ვინ რა რესურსის მქონეა და რა მიზნების მატარებელია. დაინახეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკა მელია არანაირად არ იყვნენ მოტივირებული, რომ პოლიტიკური შეთანხმება შემდგარიყო, რასაც ჩვენ ვამბოდით.

აქიდან გამომდინარე არ მგონია მათ დღის წესრიგში იყოს ნიკა მელიას საკითხი. ეს ადამიანი აუფასურებს საკუთარ თავს, რაც მისი უფლებაა. საქართველოში დაცულია ადამიანის უფლება, მათ შორის ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ თავის თავს შეუზღუდოს თავისუფლება,ეს მისი უფლებაა, მისი გადასაწყვეტია. არ მგონია, რომ მელიას საკითხზე კიდევ უნდა ვიმსჯელოთ, იმიტომ, რომ სამშაბათიდან ბევრი საკითხები გვაქვს განსახილველი. ახალი საპარლამენტო ცხოვრება უნდა დაიწყოს, ამას გვიდასტურებენ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები.

რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და პლუს, შალვა ნათელაშვილი აკეთებენ, ამით აშშ–მა, ევროკავშირმა დაინახა, რომ ამ პოლიტიკური ძალის ინტერესში არ შედის პროცესების სტაბილიზაცია, არამედ მიზანია რადიკალიზაცია და დესტრუქცია?

– რა თქმა უნდა, დაინახეს რას წარმოადგენს „ნაცმოძრაობა“. „ევროპულ საქართველოზე“ აღარაფერს ვამბობ, პრაქტიკულად დაიშალა ეს ორგანიზაცია. პარლამენტის ის წევრები, რომლებიც „ევროპული საქართველოდან“ იყვნენ, გამოსულები არიან პარტიიდან. ორი ლიდერი დარჩა, რომლებსაც არ აქვთ დეპუტატის მანდატი. ნათელაშვილის კომიკურობაზე აღარაფერს ვამბობ, ნათელაშვილს ყურადღებას არავინ აქცევს, მხოლოდ თუ გაიღიმებს ვინმე.

ჩვენი პარტნიორები მიხვდნენ რა ძალაზეა საუბარი, ამიტომაც არის ასეთი მესიჯები ჩვენი პარტნიორებიდან, რომ ხელი მოაწერონ შეთანხმებას. ბუნებრივია, ეს დიპლომატიური ჟესტია, მაგრამ კარგად იციან, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან ერთად, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს სრულყოფილად გააგრძელონ მუშაობა პარლამენტში. ეს იქნება მრავლპარტიული პარლამენტი, რომელიც 90–იანი წლების მერე არ ყოფილა საქართველოში.

დოკუმენტზე ხელს არ აწერენ და ცდილობენ შეინარჩუნონ დესტრუქციული დღის წესრიგი, მით უმეტეს, რომ ახლოვდება 15 მაისი...

– საერთოდ არ მგონია, რომ ჩვენ სერიოზულად უნდა ვიდარდოთ იმაზე „ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს თუ არა თავის პოლიტიკურ საქმიანობას. პარლამენტი არის სრულფასოვანი, მრავლპარტიული, მას აქვს უფლება მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება. თუ სურვილი აქვთ ჩაერთონ საპარლამენტო ცხოვრებაში, კი ბატონო, აგერ არის დოკუმენტი, მოაწერონ ხელი და დაიწყონ საპარლამენტო მუშაობა, ეს მათი გადასაწყვეტია.

თუ არ შემოვლენ ამ კონფიგურაციაში აუცილებლად გაკოტრდებიან და ამას ხვდებიან. მე მაინც მაქვს მოლოდინი, რომ ინდივიდუალურად მაინც შემოვლენ პარლამენტში, რომ სიმბოლურად მაინც შეინარჩუნონ ეს პარტია. მაგრამ, ვიმეორებ, ნაკლებად ვიდარდოთ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მომავალზე. ჩვენ სახელმწიფო გვაქვს სადარდებელი.

საზოგადოებამ ეს შეთანხმება მიიღო ისე, რომ მხოლოდ მელიას ეხება ამნისტიის კანონი. დავუშვათ, რომ მელია გირაოთი  გამოვიდა ციხიდან, ასეთ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას ამნისტიის საკითხზე?

– თუ მოხდა გირაოს გადახდა და მელიამ დატოვა საპატიმრო, ეს არ ნიშნავს, რომ შეწყდება სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ. სწორედ ეს იყო ევროპელი კოლეგების თხოვნა, რომ 20 ივნისის მოვლენებზე ახალი ფურცელი გადავშალოთ და ამნისტია გამოვაცხადოთ ამ მოვლენებთან დაკავშირებით, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ერთ მხარესაც არის სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული და მეორე მხარესაც. ვგულისხმობ მოქალაქეებს, რომლებმაც დაარღვიეს კანონი და პოლიციელებს, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს.

ამნისტია თავის თავში გულისხმობს იმას, რომ არის პატიება, ოღონდ არა ინდივიდუალურ პირებზე, არამედ კონკრეტული მუხლიდან გამომდინარე და ვრცელდება ყველა პირზე, ვის მიმართაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ვერ დაწერ, რომ 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის დევნა შეწყდეს მხოლოდ ერთ პიროვნებაზე და შეეხოს ამნისტია. ეს არ არის ამინისტია, ეს არის შეწყალება. გამომდინარე იქიდან, რომ ნიკა მელია შეწყალებას არ ექვემდებარება, იმიტომ, რომ განაჩენი არ არის დამდგარი, ამ შემთხვევაში ევროპელებმა შემოგვთავაზეს ასეთი ფორმა, რომ იქნებ მთლიანად მოხდეს ამინისტირება. ევროპელებმა უფრო იდარდეს ნიკა მელიას მომავალზე, ვიდრე თავად მელიამ და მისმა ხელმძღვანელობამ.

შალვა ნათელაშვილმა ძალიან მწვავედ გააკრიტიკა აშშ–ის და ევროკავშირის ელჩი, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უმძიმეს ბრალდებებს უყენებს დიპლომატებს, კორუფციაში სდებს ბრალს. გასაგებია, რომ ვსაუბრობთ ნათელაშვილზე, მაგრამ რამდენად აზარალებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო არენაზე, როდესაც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე კორუფციაში ადანაშაულებს დიპლომატებს?

– ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ნათელაშვილთან და ბურჯანაძესთან დაკავშირებით, რომლებსაც მოიხსენიებენ ოპოზიციის ერთ–ერთ ლიდერებად, რომ რაღაცნაირად ჩამოყალიბებულიყვნენ. იმიტომ, რომ ერთი რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებაზე მიგვითითებს, მეორე საერთაშორისო პარტნიორებს ბრალს სდებს და მერე დახმარებას სთხოვს. ასეთი შეუთავსებელი განცხადებები ისმის ოპოზიციისგან, რომელსაც გაერთიანებულს უწოდებენ.

ამერიკაშიც და ევროპაშიც კარგად იციან, ვინ არიან ოპოზიციაში. თუმცა გეთანხმებით, რომ ნამდვილად არ არის სასიამოვნო, რომ ჩვენი ქვეყნიდან ასეთი სიტყვები ისმოდეს საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. კი ბატონო, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ერთი მხრივ კარგია, რომ ამერიკამ და ევროპამ დაინახა რა რესურსი და მიზნები აქვს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც დღესაც კი ემიჯნება შეთანხმებას, მეტიც - ცდილობს, რომ ეს შეთანხმება არ შესრულდეს.

გაიხსენეთ ბობოხიძის და იგივე ნათელაშვილის სიტყვები, ეჩხუბებიან და საყვედურობენ იმ ოპონენტებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას. ეუბნებიან, ჩვენ ვიჭერდით სიტუაციას, რომ შეთანხმება არ შემდგარიყოო. ზუსტად ამას ვამბობდით ჩვენ, რომ ისინი არანაირ დათმობაზე არ მოდიოდნენ. კომპრომისი კიდევ დათმობის გარეშე გამორიცხულია.