რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ არხზე დილის გადაცემაში ვიყავი მიწვეული დაუმთავრებელი მშენებლობების თემაზე.
გადაცემამდე თემას უფრო დეტალურად გავეცანი. საოცარია, რამდენი ადამიანია, რომელსაც ბანკში სესხი აქვს აღებული, მისი ბინის ჩაბარების პერსპექტივა კი არ ჩანს. სამწუხაროა, რომ ბევრ შემთხვევაში ასეთი მდგომარეობიდან გამოსავალი თითქმის არც არსებობს. აღნიშნულმა სიტუაციამ კვლევის ჩატარების იდეა გამიჩინა, საინტერესოა, ჯამურად, რამდენია ის თანხა, რომელიც მხოლოდ დაუმთავრებელი მშენებლობების გამო დაკარგეს ადამიანებმა?
თუმცა, საინტერესო ისიცაა, ვინმე თუ ოდესმე „მოიცლის“ ამ ადამიანებისთვის. სახელმწიფო აქ ოფიციალურად არაფერ შუაშია, მას არ მიუცია არანაირი გარანტია მოსახლეობისათვის სამშენებლო კომპანიებთან მიმართებაში. რაც შეეხება კერძო კომპანიებს, ისინი ან გაკოტრდნენ ან მათი მეპატრონეები გაიქცნენ, „უკეთეს შემთხვევაში“ კი პასუხისგებაში არიან მიცემულები. თუმცა, ვერავინ ვერ იშვერს ხელს ერთი პირის თუ ერთი კომპანიისკენ და ვერ ამბობს, რომ მხოლოდ მან (პირმა ან კომპანიამ) მიითვისა სამშენებლო თანხები და უბინაოდ დატოვა მოსახლეობა. ყველა თანხმდება და იაზრებს, რომ პრობლემა სისტემური იყო და საქმე „რაღაც სხვა,“ შესაძლოა ობიექტურ მოვლენასთანაც გვაქვს.
რეალობაა ისიც, რომ სულ გვიყვარს ახალ პრობლემებზე საუბარი და ბევრს გვავიწყდება ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ყველაზე მეტად დაზარალებულები აღმოჩნდნენ. ვგულისხმობ ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში გააქტიურებულ ანაბრების თემას. თითქოს ბევრმა დაივიწყა ეს პრობლემა, თუ არ დაივიწყა, ყოველ შემთხვევაში გამოსავლის ძიებითაც არ იწუხებს თავს. თუმცა, ეს ხომ კერძო პრობლემა არ არის.
როდემდე უნდა მოიქცეს სახელმწიფო ისე, თითქოს ეს მისი ვალია, მაგრამ ამავე დროს მისი ვალიც არ არის, როდემდე უნდა ელოდოს მოსახლეობა უკვე „არა საკუთარ“, არამედ სახელმწიფოს მხრიდან ერთგვარი „მოწყალების სახით“ მისაღებ ფულს? მგონი დროა რაღაც შევცვალოთ.
სპეკულაციები კი მრავლადაა ამ თემის გარშემო. წმინდა ქართულ რეალობასთან გვაქვს საქმე: მოდი მოვძებნოთ ვინმე, ვისაც ყველაფერს დავაბრალებთ, დანარჩენები ხომ ყველანი ანგელოზები ვართ. თუ ვინმეს დაბრალდება, პრობლემაც მოიხსნება, სახელმწიფოს ვალდებულებებიც გაქრება, უბრალოდ მერე სახელმწიფო „კეთილ ნებას“ გამოიჩენს და ვითომ ვინმეს მიერ „შეჭმულ“ თანხას დააბრუნებს.
ეს ბოლო ეპიზოდი თითქოს მომავალ დროში მოვყევი, მაგრამ სინამდვილეში ეს უკვე მოხდა: საქართველოს საკუთარი მოსახლეობის წინაშე 90-იან წლებში 8 მილიარდ დოლარზე მეტი დავალიანება აღმოაჩნდა.
ეს დავალიანება მოსახლეობის მიერ შეტანილი ანაბრები იყო. რა გამოსავალი მოიძებნა ამ დროს? ზემოთ ნახსენები, ძალიან მარტივი გამოსავალი. გამოიკვეთა ერთი მცირე ჯგუფი და ერთიც ორგანიზაცია და ითქვა, რომ ყველა თანხა მათ წაიღეს.
უამრავმა ადამიანმა დაიჯერა ეს. სახელმწიფომ კი ამით ძალიან მოიგო. მისი უდიდესი პრობლემა რამდენიმე ადამიანსა და ერთ ორგანიზაციას „უაპელაციოდ“ აკიდა. თავად კი ამ სიტუაციაში დიდად კეთილმოსურნე გამოვიდა - გარკვეული პერიოდის მერე გამოიჩინა რა კეთილი ნება და 8 მილიარდი დოლარიდან 502 მილიონი ლარი ვალად აღიარა.
თუ ეკონომიკის ანბანი გესმის და საქართველოს ბოლო ოცწლიან ისტორიას ცოტათი მაინც იცნობ, ერთი ადამიანის ან ორგანიზაციის მიერ 8 მილიარდზე მეტი დოლარის მითვისებას ირონიით შეხედავ, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრს, სიმართლესა და ანალიზს ჭორი ურჩევნია, რადგან ჭორი ფიქრს არ მოითხოვს, მარტივად ისმინება.
სიტუაცია აშკარად შესაცვლელია, თან რადიკალურად, რადგან, მუდმივი სპეკულაცია, მუდმივი გადაბრალება ვერაფერი შვებაა იმ მოქალაქეებისათვის, რომელთაც საკუთარი თანხები სახელმწიფოს ანდეს. სინამდვილეში, რამდენიმე სასწრაფოდ გადასადგმელი ნაბიჯია ამისთვის საჭირო:
1. ვალი აღიარებულია, თუმცა, ვფიქრობ მისი ინდექსაცია კითხვის ნიშნებს ბადებს, შესაბამისად, კარგი იქნება თუ ეს თემა კიდევ ერთხელ გადაიხედება;
2. საჭიროა მოძიებულ იქნას წყარო, რომელიც უზრუნველყოფს წარმოქმნილი დავალიანების გასტუმრებას (მაგალითად, ლიტვამ პრივატიზაციიდან შემოსული თანხების დიდი ნაწილი მიმართა პრობლემის მოსაგვარებლად);
3. საჭიროა მეთოდოლოგია შემუშავდეს, თუ რა “სტატუსით“ გასცემს სახელმწიფო ამ თანხებს; ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემს მიერ ჩამოთვლილ სამ ეტაპს, აუცილებლად ესაჭიროება კიდევ ერთი რამ - მონიტორინგი. მონიტორინგი, რომელშიც მონაწილეობა შესაძლოა მიიღონ შესაბამისი სფეროს ექსპერტებმა, ანალიტიკოსებმა, მკვლევარებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
მონიტორინგის პროცესში ფართო ჩართულობა პროცესის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. გამჭვირვალობა კი, თავის მხრივ, საჭიროა იმისთვის, რომ გამოირიცხოს საფუძველი ახალი სპეკულაციის, ახალი ლეგენდის, ახალი გადაბრალების ტალღის და პროცესის სამართლიანობაში მაქსიმალურად მეტი ადამიანი დარწმუნდეს. ვფიქრობ, დროა გადაიდგას ნაბიჯები, რათა ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს, რადგან სხვა საქმე ისედაც საკმარისად ბევრია.
ამასთან, პირველ რიგში სწორი დიაგნოზის დასმაა საჭირო.
ზემოთ მშენებლობებზე ვსაუბრობდი, პრობლემა არის, მაგრამ პრობლემა სწორად გააზრებული და აღქმულია, აი ანაბრების შემთხვევაში კი სამწუხაროდ, პრობლემის სწორად აღქმა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ინიცირებული დისკუსია ამ თემაზე მაძლევს იმედს, რომ პრობლემის სწორად გაანალიზება საქართველოს ყველა მოქალაქე შეძლებს.
P.S. რამოდენიმე დღის წინ „ფორბსის“ მილიარდერების სიას ვათვალიერებდი, ვერც ერთი ქართველი ვერ ვიპოვე, ვინც 8 მილიარდზე მეტი დოლარის მფლობელი იყო.