"პირი, რომელიც პარტიულ დისციპლინას ემორჩილება, მოსამართლედ ვერ გამოდგება"

"ბოლო დროს იმდენად დაწვრილმანდა ჩვენი პრეზიდენტი, რომ არ ფიქრობს, ისე მოიქცეს, როგორც სახელმწიფო მოღვაწეს შეეფერება. ის ლაპარაკობს სიძულვილის ენით, ცდილობს ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციას, ქვეყანაში შიშის დათესვას და მსოფლიოსთვის ისეთი სურათის დახატვას, რომ საქართველოში მძიმე მდგომარეობაა. დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანში ილჰამ ალიევთანაც ასე ილაპარაკა. მას სურს, დაბრკოლება შეუქმნას ახალ მთავრობას, რეალურად კი პრობლემებს უქმნის ქვეყანას. როგორც ჩანს, პრეზიდენტისთვის ამას არც აქვს მნიშვნელობა და განაგრძობს გაუგებარი განცხადებების გაკეთებას. სხვათა შორის, დაცვაზე უარის თქმით მიხეილ სააკაშვილი მისდა უნებურად ადასტურებს, რომ ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა, კრიმინოგენული ვითარება ამნისტიას არ გაუუარესებია და პრეზიდენტს შეუძლია თავისი ელექტრომობილით თავისუფლად სიარული", - აცხადებს ექსპერტი გოგი ხუციშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "მათ შორის საერთო ენის გამონახვა შეუძლებელია".

"რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას ბანკებზე, ამით სააკაშვილმა ქვეყანას სარმა გამოსდო. ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და აზროვნება. ეს არის უპასუხისმგებლობა, თავის მოსაწყლება და მსოფლიოს წინაშე თავისი პრობლემის ისე წარმოჩენა, თითქოს ხელისუფლებაში არაადამიანური ძალა მოვიდა. არადა, სააკაშვილს ისეთი დიდსულოვნება რომ ჰქონდეს, რომელიც, წესით, სახელმწიფოს მეთაურს მართებს, პრესტიჟს მოიმატებდა ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც. მაგრამ ეს არა აქვს, შეუძლია ყველაფერს ლაფი გადაასხას და თქვას, რომ ბანკებს რუსები ყიდულობენ, შეურაცხყოფა მიაყენოს რუს ექსპერტებს და ამით დააბრკოლოს ქართული პროდუქციის გასვლა რუსულ ბაზარზე. ასევე ცეცხლთან თამაშია სეპარატიზმზე საუბარი იქ, სადაც სეპარატიზმი არ არის. ამას რომ თავი დავანებოთ, რა სახელმწიფო მოღვაწის საქციელია, რომ იმუქრება, თუ ჩემი თანაგუნდელების სამართლებრივი დევნა არ შეწყდა, დასავლეთი დახმარებას შეგვიწყვეტსო? სადაც კი ხელი მიუწვდებათ, ყველგან ცდილობენ იმის დაფიქსირებას, რომ საქართველო არადემოკრატიული ქვეყანაა. მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს კი არა, ქართველ ხალხს ემუქრება. მიმაჩნია, რომ მას აღარ აქვს მორალური უფლება, საქართველოს პრეზიდენტი ერქვას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგი ხუციშვილი.

"ნაციონალებს" რესურსი არა აქვთ. პრეზიდენტს დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა სჭირდება, რომ დაასაბუთოს პროცესებში ჩარევის მართებულობა. ასეთი მხარდაჭერა კი, როგორც ცნობილია, არა აქვს. პარლამენტისა და მთავრობის დათხოვნის ლეგიტიმაცია ჩვენს საზოგადოებაში არ გამოვა, მაგრამ "ნაციონალები" ჩვეულ ამპლუაში არიან - არა აქვთ მხარდაჭერა, მაგრამ ცდილობენ ამის იმიტაციას. შეეცდებიან იმის იმიტაციასაც, რომ ქვეყანაში მართლაც რთულად ვითარდება პროცესები. რა აქვთ ჩაფიქრებული, არ ვიცი. მაგრამ, მაგალითად, 8 თებერვალს რაც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოხდა, თავიანთ სასარგებლოდ კარგად გამოიყენეს. რაღაც ამდაგვარის გაკეთებას, ალბათ, 19 აპრილსაც შეეცდებიან. შესაბამისად, ახალი ხელისუფლება ორმაგად და სამმაგად ფხიზლად უნდა იყოს. თუმცა ვიმეორებ, "ნაციონალებს" რესურსი არა აქვთ. მათ ოპოზიციად დარჩენის შანსი რომ ჰქონოდათ, უნდა ეღიარებინათ, რომ შეცდომები დაუშვეს და ეთქვათ, თუ ხელისუფლებაში ისევ მოვალთ, სულ სხვა პოლიტიკა გვექნებაო. თუმცა ასე არ ხდება, იგივე მესიჯებია, იგივე ლიდერები. ფაქტობრივად, ხალხს ეუბნებიან, როდესაც ეს ხელისუფლება დანაპირებებს ვერ შეგისრულებთ, ისევ ჩვენთან გექნებათ საქმე და ისევ ისე გავაგრძელებთ მოქმედებას, როგორც წლების განმავლობაში ვმოქმედებდითო. შესაბამისად, ძალიან ძნელია, რომ "ნაციონალების" მიმართ ვინმეს სიმპათია გაუჩნდეს. მათ თვითონ მოიჭრეს გზა პერსპექტივისკენ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ეს ორი ლიდერი იმდენად შეუთავსებელია ერთმანეთთან, რომ მათ შორის საერთო ენის გამონახვა შეუძლებელია. ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს, როგორც პოლიტიკურ მეტოქეს და ოპონენტს, ვერ ენდობა. რა შეთანხმებაც უნდა შედგეს, სააკაშვილი მას მაინც არ დაიცავს. არადა, სააკაშვილი უნდა იქცეოდეს როგორც წამსვლელი ლიდერი, რომელმაც საქმე არ უნდა გააფუჭოს. მაგრამ ის ასე არ იქცევა. პარალელურად, "ნაციონალები" უფრო მეტად კარგავენ რეიტინგს და სააკაშვილის, როგორც სახელმწიფო მოღვაწის, ქმედებები უფრო და უფრო არაადეკვატური ხდება. სხვათა შორის, ამას კარგად ხვდებიან მსოფლიოში და მხოლოდ ინერციითღა აკეთებენ მის, ასე ვთქვათ, დასაცავ განცხადებებს. რადიკალურად რომ შეცვალოს დასავლეთმა პოზიცია, თავისივე საზოგადოება მოსთხოვს პასუხს, ამდენ ხანს ასეთ პიროვნებასა და ძალას როგორ უჭერდი მხარსო", - ამბობს გოგი ხუციშვილი.

"იუსტიციის საბჭო და უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობა უნდა გამოიცვალოს. სასამართლო დღეს "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთებს ასრულებს, რომლის ნაწილი იყო ამ წლების განმავლობაში და ისეა შეზრდილი, რომ სხვანაირად ვერ მოიქცევა. ფაქტობრივად, საქართველოში რევოლუციური სიტუაციაა. რა თქმა უნდა, ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა, მაგრამ ამან რევოლუციური ცვლილებები მოიტანა, უფრო ზუსტად, რევოლუციურად განსხვავებული ძალა მოვიდა ხელისუფლებაში. კოჰაბიტაცია შესაძლებელი იქნებოდა მაშინ, თუ მოსამართლე ახალ ვითარებაში მეტ-ნაკლებად ობიექტურად შეძლებდა გადაწყვეტილებების მიღებას. მაგრამ პირი, რომელიც პარტიულ დისციპლინას ემორჩილება, მოსამართლედ ვერ გამოდგება", - დასძენს რესპონდენტი.