ლევან კალანდაძე: საბჭოთა ანაბრების საკითხს მხოლოდ ღირსეული ხელისუფლება გადაწყვეტს

ლევან კალანდაძე: საბჭოთა ანაბრების საკითხს მხოლოდ ღირსეული ხელისუფლება გადაწყვეტს

ქვეყანაში წლების მანძილზე არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო საბჭოთა ანაბრების გაცემის საკითხი საზოგადოების მხრიდან უამრავ მოთხოვნასა, თუ თხოვნასთან ერთად აქტუალობას არ კარგავს. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ ამ მიმართულებით რაც გაკეთდა, იყო ის, რომ 1996-97 წლებში ხელისუფლებამ  502 მილიონი ლარი შიდა ვალად აღიარა, კომპენსაციის სახით კი  4 მილიონი გასცა. პრობლემის მოგვარების რა გზები არსებობს დღეს საქართველოში,  რომელი პოსტსაბჭოთა ქვეყანის გამოცდილების გაზიარება შეიძლება ამ მიმართულებით და  რა პრევენციული ზომები უნდა მიიღოს ხელისუფლებამ, რათა ქვეყნის ეკონომიკას საფრთხე არ შეექმნას. ამ საკითხებთან დაკავშირებით, "თაიმერს" ეკონომიკის ექსპერტი, ლევან კალანდაძე, ესაუბრა.

ბატონო ლევან, სოციალური ფონი ქვეყანაში მძიმე რჩება, რაც აქტუალურს ხდის საბჭოთა ანაბრების დაბრუნების თემას. თუ გაკეთდა რაიმე ამ მიმართულებით წინა ხელისუფლების დროს და რა მდგომარეობა დღეს?

- ჩვენთან ყველაფერი გაყინულია. საქართველოში ანაბრების საკითხის სახელმწიფო დონეზე განხილვა და რეგულაციების შემოტანა 1992 წლიდან დაიწყო და 1998 წლისთვის დაამთავრდა იმით, რომ მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილისთვის მოხდა კომპენსაციის მინიმალური ოდენობის გადახდა. მნიშვნელოვანია ის, რომ 502 მილიონი ლარი, 1998 წელს, საქართველოს მთავრობამ, პრეზიდენტის ბრძანებულებით, შიდა ვალად აღიარა. ამით, სახელმწიფომ, რაღაც დონეზე, მოსახლეობის წინაშე ვალდებულება აიღო.

502 მილიონი ყველა მეანაბრის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ იქნება. დაახლოებით რამდენი იყო  მთლიანად ანაბრების ოდენობა?

- ეს თანხა ძალიან ცოტაა, რადგან 1993 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, როდესაც ეს ანაბრები გაუფასურდა, მოქალაქეებს ანაბრებზე, ნაშთის სახით, 13 მილიარდი რუბლი ქონდათ.

რა ვითარებაა ამ მხრივ პოსტსაბჭოთა სხვა ქვეყნებშითუ დასრულდა რომელიმე მათგანში ანაბრების გასტუმრების პროცესი?

- საბჭოთა ანაბრების გასტუმრების პროცესი ორმა პოსტსბჭოთა ქვეყანამ - ლიტვამ და ყაზახეთმა -  დაასრულა. ლიტვამ მეანაბრეების დავალიანება პრივატიზაციის თანხის 80%-ით გაისტუმრა. მოქალაქეს, რომელსაც ანაბარზე 6000 რუბლამდე ჰქონდა, სრულად უნაზღაურებდნენ, თუ 6000-ზე მეტი იყო, მაინც 6000-ს უხდიდნენ. მაქსიმალური თანხა 1500 ევროს შეადგენდა.  ყაზახეთში სხვა მეთოდი შეიმუშავეს. ზარალი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სახით, გრძელვადიან პერსპექტივაში, აანაზღაურეს. პროცესი თითქმის ყველგან მიმდინარეობს. აზერბაიჯანში წელს იწყება და 2013 წლის ბოლოს უნდა დამთავრდეს, სომხეთში, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან იწყება და 2015 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. სომხეთში 10 000 რუბლში 200 დოლარს იძლევიან.

ანაბრების საკითხი  ხშირად წინაასარჩევნო პერიოდში  დაპირებების შემადგენელი ნაწილია-ხოლმე, თუმცა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ პირობას, როგორც წესი, აღარავინ იხსენებს...

- დიახ, უკრაინაში,  ტიმოშჩენკოს მთავრობის პერიოდში, საპარლამენტო არჩევნების წინ, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 12 მილიონი მეანაბრიდან 6 მილიონისთვის ერთბაშად დაერიგებინა თანხა - 1000 გრივნა ერთ ანაბარზე. შედეგი იყო ის, რომ გრივნა 90%-ით გაუფასურდა. ამან დაარღვია მთავარი პრინციპი - გრძელი ფულის ეფექტის შექმნა. ეს  ჩვენი ხელისუფლებისთვის საყურადღებო უნდა იყოს, რადგან ფულის ერთბაშად გაცემა  ინფლაციურ პროცესებს იწვევს და მოსახლეობა და სახელმწიფო კიდევ უფრო ზარალდება.  2012-14 წლებისთვის უკრაინა აპირებს, სრულად დაფაროს დავალიანება, ოღონდ დამცავი და პრევენციული ღონისძიებების გამოყენებით. რაც შეეხება დაპირებებს, მართალია, ასეთი დაპირებები ჩვენთანაც არაერთი არჩევნების წინ გაჟღერებულა, ამ მხრივ კობა დავითაშვილი მახსენდება ხოლმე..

როგორ უნდა დაიწყოს პროცესი, რა არის ამისთვის აუცილებელი და რა უნდა გაკეთდეს, რომ უკრაინის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ?

- პირველ რიგში, მთავარია,  ხელისუფლებამ გამოხატოს ნება და პროცესი დაიწყოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთ-ორ წელიწადში ფულის დარიგება დაიწყება. სახელმწიფოს ბიუჯეტის შესაძლებლობის გათვალისწინებით, უნდა შედგეს ყოველწლიური  გრაფიკი. შესაძლებელია საზოგადოების ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დაყოფა, ასე მოხდა რუსეთშიც. შესაძლებელია მოქალაქეთა სოციალურ ჯგუფებად დაყოფა. ეს მეთოდი ლიტვამ გამოიყენა, როდესაც პირველ რიგში  გადასახლებულები, პოლიტპატიმრები , შემდეგ კი უნარშეზღუდული, მრავალშვილიანი და შრომისუუნარო კატეგორია დააკმაყოფილა.

ამის შემდეგ, ალბათ, ბაზა უნდა შეიქმნას, რაც არც ისე იოლი იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ საბჭოთა პერიოდის შემდეგ ჩვენ ტერიტორიები დავკარგეთ. როგორ უნდა მოხდეს მეანაბრეთა იდენტობის დადგენა?

- პირველ რიგში, უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე მცხოვრებ მეანაბრეთა იდენტიფიკაცია ძალიან გაჭირდება, რადგან ეს სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა გადაწყდეს. კომისიამ, პირველ რიგში, უნდა შექმნას ბაზა, შემდეგ უნდა გადაწყდეს მეთოდოლოგიის საკითხი, შემუშავდეს თანხების გაცემისა და ამ პროცესზე სახელმწიფო და საზოგადოებრივი მონიტორინგის  განხორციელების გეგმა. ეს არის ძალიან შრომატევადი სამუშაო და ძალიან ძვირი სახელმწიფოსთვის, თუმცა ეს მისი ვალდებულებაა, რადგან თავის დროზე მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა არასწორი მონეტარული პოლიტიკა გაატარეს, რამაც დაანგრია ქვეყნის ეკონომიკა. ადრე თუ გვიან, ჩვენს ხელისუფლებას ამ პასუხისმგებლობის აღიარება მოუწევს.

როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ახალი ხელისუფლება ამ საკითხის მოგვარებას?

- წინა ორი ხელისუფლება არ აღმოჩნდა იმ სიმაღლეზე, რომ ეს ვალდებულება შეესრულებინა. არ ვიცი, რას იზამს ეს ხელისუფლება, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ოდესმე საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც   საკუთარი მოქალაქეების წინაშე არსებულ ვალდებულებას შეასრულებს. საუბარია ღირსეულ ხელისუფლებაზე. მე მინდა, რომ ღირსეული ხელისუფლება მყავდეს.