რატომ შეჩერდა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის მშენებ­ლობა

რატომ შეჩერდა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის მშენებ­ლობა

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობის კანცელარიამ საიდუმლო პროექტის დეტალები გაასაჯაროვა, ირკვევა, რომ საქართველოს ყოფილ ხელისუფლებასა და სამშენებლო კომპანია "არტექსთან" 2012 წელს გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, ათონელის ქუჩაზე, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე, დაგეგმილი იყო პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის მშენებლობა. მთავრობის კანცელარიის უფროს მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რეზიდენციის აშენებისთვის 26 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. მშენებლობა 2012 წლის 1-ელ სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მიზეზთა გამო, რასაც კომპანია "არტექსის" ხელმძღვანელი ნიკოლოზ ებიტაშვილი ადგილობრივ მცხოვრებლებთან შექმნილი პრობლემებით ხსნის, მშენებლობის ვადა 1-ელ იანვრამდე გაგრძელდა. პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია 7-სართულიანი თანამედროვე ტიპის შენობა უნდა ყოფილიყო, რომლის პირ­ველ სართულზე ავტოფარეხი განთავსდებოდა, ზედა სართულებზე კი მისაღები, საკონფერენციო და სხვა დანიშნულების ოთახები. გავრცელებული ინფორმაციით, მშენებლობის პროცესს სისტემატურად ადევნებდნენ თვალს "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნები. ისინი არაერთხელ შეუნიშნავთ ათონელის ქუჩაზე. ამჯერად მშენებლობა შეჩერებულია, მხოლოდ კარკასი დგას.

P.S. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის მშენებლობა შეჩერდა. საქართველოს მთავრობის განცხადებით, ხელისუფლებას არ აქვს იმის ფუფუნება, პრემიერ-მინისტრისთვის ცალკე რეზიდენცია ააშენოს. ხელისუფლება მუშაობას მთავრობის კანცელარიიდან გააგრძელებს. რა ფუნქცია მიენიჭება შენობას და იგეგმება თუ არა მისი გასხვისება, ჯერჯერობით უცნობია. რეზიდენციის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებას უკვე გადაეცა.