„კონდოლიზა რაისს სააკაშვილის წაყვანა უნდოდა, მაგრამ პანიკა ატყდა...“

„კონდოლიზა რაისს სააკაშვილის წაყვანა უნდოდა, მაგრამ პანიკა ატყდა...“

პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის აზრით, რუსები საქართველოდან ჯარებს კი გაიყვანენ, მაგრამ ავტონომიური წარმონაქმნები უფრო გაფართოვდება, ანუ ტერიტორიებს კიდევ ჩამოგვაჭრიან. ამ უბედურებაში ბატონი რამაზი ამერიკელებს ადანაშაულებს, უფრო სწორად, ეჭვი აქვს, რომ ვიღაცამ ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტი ჩაატარა.

ბატონო რამაზ, გუშინ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმაც დაადგა ჩვენს მიწაზე ფეხი, ეს მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებაა თუ კიდევ რამეს უნდა ველოდოთ? სხვათა შორის, კონდოლიზა რაისმაც გააკეთა მკაცრი განცხადება. მისი ულტიმატუმის მიხედვით, რუსებმა 18 აგვისტოს ჯარი უნდა გაიყვანონ.

- ამერიკელები ასპარეზზე მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც საქმეში სარკოზი ჩაერია. სანამ ცხინვალში სროლები მიდიოდა, ერთი-ორი ნელთბილი განცხადება გააკეთეს, ეს ჩემი სიტყვები არ არის, დასავლეთის პრესაშიც დაიწერა.

რატომ, ამის მიზეზი რა არის?

- არ ვიცი, მიზეზი მეც მაინტერესებს. კარგი იქნებოდა, მერკელი თბილისში მაშინ ჩამოსულიყო, როდესაც ცხინვალი და საქართველოს რაიონები იბომბებოდა. ერთი ვერსიის მიხედვით, დაბნეულები იყვნენ, მეორე ვერსიის მიხედვით, საერთოდ არ უნდოდათ ჩარევა. ხომ ფაქტია, რომ ომი ევროკავშირმა შეწყვიტა? რაც მთავარია, ამ საქმეში მთავარი მოთამაშეები სარკოზი და მერკელი აღმოჩნდნენ, რომლებმაც ბუდაპეშტში „მაპის“ მიღებაზე უარი გვითხრეს. სხვათა შორის, ამის გამო სააკაშვილმა მერკელი კონდოლიზა რაისის თანდასწრებით გააკრიტიკა. ეს იყო ყველანაირი ნორმების დარღვევა, ვის უტევ, ვისაც შენთვის სიკეთე უნდა? აგერ, საფრანგეთის პრეზიდენტმა მედვედევსაც დაურეკა და ცეცხლის შეწყვეტა კატეგორიულად მოსთხოვა. ბუშისა და რაისის ტონი არადიპლომატიურია, ისინი რუსებს უფრო აღიზიანებენ, ხშირად ეჭვი მიჩნდება, ამას განგებ ხომ არ აკეთებენ?

კონდოლიზა რაისის გამოსვლა ულტიმატუმს ჰგავდა - ხვალ შუადღემდე ჯარები უნდა გაიყვანოთო. თუ არ გაიყვანენ, რა მოხდება?

- არაფერი. თქვენ გინდათ, დაიჯეროთ, ბუშმა იმის შესახებ არ იცოდა, რომ თურქეთი მის საზღვაო ფლოტს არ გამოატარებდა? თურქეთი ნატოს წევრია და სხვა ქვეყნის ფლოტმა რომ იქ გაიაროს, ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა. თუ ბუშმა არ იცოდა, მრჩეველი მაინც არ ჰყავდა? თუმცა რაღაცეებს მაინც ლაპარაკობს და აქედან გამომდინარე, ქართველი ხალხის მოტყუებას ჰქონდა ადგილი. იმ წუთში ყველას გაუხარდა, შავ ზღვაში ამერიკული ფლოტი შემოდისო, მაგრამ ეს შეუძლებელია. ამერიკელები ორმაგ თამაშს თამაშობენ, სანამ უკიდურესი კრიზისი გვქონდა, მათ თითი თითზე არ დაუკარებიათ. ერთადერთი ის გააკეთეს, რომ როდესაც რუსები თბილისზე მოდიოდნენ, სააკაშვილმა თვითმფრინავი მოითხოვა და უარი არ უთხრეს.

სააკაშვილმა თვითმფრინავი რისთვის მოითხოვა, წასვლას აპირებდა?

- დიახ, თვითმფრინავი მის წასაყვანად ჩამოვიდა. როდესაც დასავლეთის მთელი პრესა მხარს საქართველოს უჭერს, ამ დროს ბუში გამოდის და ამბობს: მე დემოკრატიული გზით არჩეულ პრეზიდენტს ვიცავო. მაპატიეთ, მაგრამ რომელ დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტზე ლაპარაკობს, ჩვენ არ ვიცით, 5 იანვარს რა მოხდა და როგორ მოხდა? ვის ატყუებს? ესე იგი, ბუში ქართველ ხალხს კი არა, თავის ფავორიტს იცავს.

ალბათ, ბუშს შეეძლო, ნეიტრალური განცხადებები ეკეთებინა და არც არავინ დაძრახავდა, ვიცით, რომ ჩვენი გულისთვის უზარმაზარ ქვეყანას ვერ დაეჯახება, მაგრამ მისი აქტიურობა რას ნიშნავს, თქვენი აზრით, ერთ კაცს იცავს?

- რა თქმა უნდა, ერთ კაცს იცავს, სააკაშვილს ბუშის პირად პროექტს უწოდებდნენ, ასე წერდა დასავლეთის პრესა.

ამ პროექტმა მარცხი განიცადა?

- მარცხი კი არა, კატასტროფა განიცადა და ჩვენ გავიჭყლიტეთ, ქართველები. რისთვის, ბუშის პროექტისთვის?! ასეთ დროს ამერიკელებს რამე უნდა გაეკეთებინათ, უნდა დაგვხმარებოდნენ, მაგრამ არ გააკეთეს. პრესაში ისიც კი იწერებოდა, ბუში ჰუმანიტარულ დახმარებას გამოგვიგზავნის და ამას ჯარისკაცები მოჰყვებიანო. მე უკვე ათასჯერ ვთქვი, არც ამერიკა და არც ევროპა რუსეთთან ომს არ დაიწყებს-მეთქი, მაგრამ ეს მოსახლეობამ ვერ გაიგო. კარგი, მოსახლეობას თავი დავანებოთ, ხელისუფლებას ამდენი რატომ არ ესმის?

თუკი რუსები ჯარებს არ გაიყვანენ, კონდოლიზა რაისი რას იზამს?

- რას იზამს და ზეგ ახალ ულტიმატუმს წაუყენებს, სხვა რის გამკეთებელია? თუ ამერიკელები არაფრის გამკეთებლები არიან, მაშინ გაჩუმდნენ მაინც, რუსეთს რატომ აღიზიანებენ? მე მგონი, მედვედევი და სარკოზი შეთანხმდნენ, ჯარებს გაიყვანენ, მაგრამ ვაშინგტონიდან ასეთი გამომწვევი განცხადებები რა საჭიროა? ცოტა ხანს მოიცადონ, ერთი გავიდნენ და მერე რაც უნდათ, ის ილაპარაკონ. თუკი ცხოვრებაში წყევლისა და ლანძღვა-გინების მეტი არაფერი გეხერხება, რანაირი პოლიტიკოსი ხარ? ამას ქართველი ჩინოვნიკების გასაგონად ვამბობ. ჯერ ცოტა ადრეა, ყველაფერი ნათელი არ არის, მაგრამ მოგვიანებით ყველაფრის გაანალიზება მოგვიწევს და ძალიან დიდი კითხვის ნიშანიც დადგება. მე არ ვიცი, შეიძლება ეს უფრო სერიოზული კატასტროფაა, ვიდრე 1993-ში აფხაზეთის დაკარგვა იყო, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, რასთან გვაქვს საქმე. სვანებმა 13 წლის განმავლობაში დაიცვეს კოდორის ხეობა, მაგრამ იგივე სვანები ახლა დევნილები არიან. ა, ბატონო, რა გააკეთეს ამათ, რა გამოვიდა? აჰა, განმუხურიც წაიღეს, რომ მთავარმა რეჟისორმა სპექტაკლები ვეღარ დადგას. იქით, ყოფილი ავტონომიის ტერიტორიაზე რამდენიმე სოფელს მაინც ვაკონტროლებდით. ქურთაში ალტერნატიული დედაქალაქი რომ გააკეთეს და ატრაქციონებს აშენებდნენ, ტანკებით გადაუარეს, ერთი სახლი აღარ დარჩა. ახლა რაც არ უნდა ილაპარაკონ, ცხინვალის მთელი რეგიონი ხისთავიან კოკოითს ჩაუგდეს ხელში თავიანთი ავანტიურის წყალობით. ახლა შეიძლება, ყველაფერი სააკაშვილზე გადატყდეს, თუ ვინმე მის გარემოცვაზე ლაპარაკობს, მაპატიეთ და ეს გარემოცვაც მისი შერჩეულია. ახლა მთავარი შეკითხვის არსი ასეთია: სააკაშვილმა ეს ყველაფერი თვითონ გადაწყვიტა თუ ამერიკელებმა უბრძანეს? თუ ამაში ამერიკელების ხელი ურევია, მაშინ მთელი ცოდვა ვაშინგტონის სინდისზე იქნება.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ამერიკელებმა უბრძანეს?

- არ ვიცი, შეიძლება ეს ყველაფერი ექსპერიმენტი იყო, აინტერესებდათ, ჯარს, რომელიც მათ გაწვრთნეს, რა შეეძლო. შეიძლება კბილი რუსებს მოუსინჯეს, როგორი რეაქცია ექნებოდათ. თქვენ შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რომ ესენი ვინმეს იმედის გარეშე რამეს დაიწყებდნენ? რამდენიმე დღის წინ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ დაიბეჭდა სტატია, სადაც აღწერილია, თუ როგორ უთხრა კონდოლიზა რაისმა სადილის დროს სააკაშვილს, ცხინვალში შესვლა არ გაბედოო. შემდეგ მეთიუ ბრაიზა რომ ჩამოვიდა, აეროპორტშივე განაცხადა, ომის დაწყება შეუძლებელიაო. ახლა ისინი თავს იმართლებენ, მაგრამ დავუჯეროთ? მე დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი ამერიკელების მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს დაიწყებდა. რა, ამერიკელებმა არ იცოდნენ, რომ რაც თვითონ კოსოვოში გააკეთეს, რუსეთი იგივეს გააკეთებდა? ამას უკვე ახალი ტერმინი აქვს - კოსოვოს ბუმერანგი. როგორც ჩვენ ვიბომბებოდით, სერბეთიც ასე იბომბებოდა, ალბათ, ბუშს ისიც აინტერესებდა, გაათამაშებდა თუ არა რუსეთი იგივე სცენარს. ქართული არმია რომ ცხინვალს აიღებდა, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ ისიც ვიცოდი, ვერ შეინარჩუნებდა. რუსეთი იძულებული იყო, ასე მოქცეულიყო, რადგან ჩრდილო კავკასიელების თვალში დაჩმორებული გამოდიოდა. ამის არცოდნა დანაშაულია. მე დევნილებსაც ველაპარაკე, ჯარისკაცებსაც და ყველა ერთსა და იმავეს ამბობს: ჩვენ ორი დღის განმავლობაში მაგრად ვიომეთ, მაგრამ მერე რაღაც მოხდა, ოფიცრები ჯიპებში ჩასხდნენ, ყველას უთხრეს, წადით სახლებშიო და იქაურობა მიატოვეს. ჯარისკაცები ფეხით წამოვიდნენ.

მედვედევი აცხადებს, მშვიდობა მინდაო, პუტინის გენერლები არ გადიან. როგორ ფიქრობთ, ეს ორი ადამიანის შეუთანხმებლობაზე ხომ არ მიანიშნებს?

- შეიძლება, ასეც ვივარაუდოთ, დღეს რომ ყველაფერი პუტინზე იყოს დამოკიდებული, ჯარებს საერთოდ არ გაიყვანდა და ოკუპირებულ მდგომარეობაში დაგვტოვებდა. მას ბოლო ორი თვის განმავლობაში იმდენი შეურაცხყოფა მიაყენეს, სხვანაირად არ მოიქცეოდა, მაგრამ მედვედევს უნდა, რაკი ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ბოლომდე გაიტანოს, ის საფრანგეთთან და გერმანიასთან ურთიერთობების გაფუჭებას ერიდება. ახლა ჩვენი მხრიდან სერიოზული დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და არა ჰალსტუხის ღეჭვა.

ეგ ფირი ნახეთ?

- ეს უკვე მთელმა მსოფლიომ ნახა. ახლა მთელი დასავლური პრესა მხარს ჩვენ გვიჭერს, მაგრამ აკრიტიკებენ სააკაშვილს.

რაც შეეხება ოპოზიციას... ხშირად დუმილი უფრო მეტს ამბობს, მაგრამ ჩემი აზრით, დღევანდელი დუმილი არაფრისმთქმელია.

- როგორც ვიცი, ამ დღეებში ოპოზიცია რამდენჯერმე შეიკრიბა, იმსჯელეს და პრინციპში, დაადგინეს, რომ „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“.

მაგარი რამე მოუფიქრებიათ, საქართველო უპირველეს ყოვლისაო, აღარ იძახიან?

- ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შესანიშნავი აფორიზმი მუშაობს. იქ იყო ლაპარაკი, იქნებ დროა, რამე ვთქვათო. მერე გადაწყვიტეს, იმაზე ვთქვათ, რატომ არაფერს ვამბობთო. მე მგონი, ახლა რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ხმა რომ ამოიღოს, იმ წუთში რუსეთის აგენტობას დასწამებენ. მოკლედ, გავა რუსის ჯარი და ყველა ალაპარაკდება.

როგორ ფიქრობთ, ოპოზიციაში სააკაშვილის მიმართ აგრესია შეინიშნება?

- აგრესია მარტო ოპოზიციაში კი არა, მოსახლეობაშიც შეინიშნება და დღითი დღე იზრდება. იმ ღამეს, როცა სააკაშვილის წასაყვანად ამერიკიდან თვითმფრინავი გამოგზავნეს...

ეს სიმართლეა?

- კი, ეს ინფორმაცია კანცელარიიდან და სამთავრობო სტრუქტურებიდან გამოვიდა... ის კი არა, მისი წაყვანა კონდოლიზა რაისსაც უნდოდა, მაგრამ ოპოზიციაში პანიკა ატყდა, შეეშინდათ.

ოპოზიციაში რატომ შეეშინდათ?

- იმიტომ, რომ პრეზიდენტის მოვალეობა ბაქრაძეს უნდა შეესრულებინა, იცით, როგორი ქაოსი დაიწყებოდა?

დავით ბაქრაძე გაწონასწორებული პიროვნებაა.

- კი, მაგრამ სააკაშვილი სიტუაციას მაინც ბოლომდე აკონტროლებს. ბაქრაძე ამას შეძლებდა? მე მგონი, ვერ შეძლებდა, ახლა ხელისუფლებაში რამდენიმე ძლიერი დაჯგუფებაა. სააკაშვილი უნდა დარჩეს და ყველა შეკითხვას უპასუხოს, შეიძლება ქართველმა ხალხმა გაუგოს.

კონდოლიზამ ოპოზიციის სურვილი გაითვალისწინა და სააკაშვილი ამიტომ აღარ წაიყვანა?

- არა, ასეთი პანიკა, ბუნებრივია, პოზიციაშიც იქნებოდა. ამ დროს პრეზიდენტი არ უნდა გადადგეს. ამ წუთას „სი-ენ-ენ“-ის ეთერში სააკაშვილი და რუსი დეპუტატი გამოიყვანეს. ჩვენს პრეზიდენტს ახალი არაფერი უთქვამს, მაგრამ რუსმა საკმაოდ სენსაციური განცხადება გააკეთა: ჩვენ არ ვიცით, საქართველოდან ჯარებს როდის გამოვიყვანთ, რა, ამერიკელებმა იცით, ერაყიდან როდის გამოხვალთო? როგორც ხედავთ, ჩვენ იმაზე დიდ ავანტიურაში ჩავებით, ვიდრე გვგონია, რუსები უკვე ერაყის ჭრილში განგვიხილავენ. სხვათა შორის, ამერიკელებმა ჩვენ კიდევ ერთი ცუდი საქმე გაგვიკეთეს. ჩვენთან ასეთი უბედურება ხდება და მაგათ პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგების თაობაზე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, ამით რუსეთი უფრო გაამწარეს. ვნახოთ, კიდევ რა სიურპრიზებს შემოგვთავაზებენ, ეტყობა, ეს ომი ასე იოლად არ დამთავრდება.