თურქული კომპანია პანდემიით მანიპულირებს და ხელშეკრულების გახანგრძლივებას ითხოვს

თურქული კომპანია პანდემიით მანიპულირებს და ხელშეკრულების გახანგრძლივებას ითხოვს

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი თურქული კომპანია „ტავ ურბან ჯორჯია“ ბოლო 2 წლის ფორსმაჟორად გამოცხადებას და შესაბამისად, იგივე ვადით ხელშეკრულების გაგრძელებას ითხოვს. სპეციალისტები ამ აზრს კატეგორიულად არ ეთანხმებიან, ხოლო მთავრობა ჯერჯერობით დუმს. ამასობაში, მესამე ტალღის ფონზე, ავიაციაში გამოცოცხლების ნიშანწყალი არ შეინიშნება.

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 85%-იანი კლებაა. 2021 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 105 279 მგზავრს მოემსახურა, რაც 85,20%-ით ნაკლებია 2020 წლის იანვარ-მარტის მონაცემებთან შედარებით. 2020 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის აეროპორტები სულ 711 536 მგზავრს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 016 096 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად 2021 წლის იანვარ-მარტის მონაცემები 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 89,64%-იან კლებას აჩვენებს.

მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველომ საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხნა დაიწყო. თუმცა, პანდემიის ფონზე მთელს მსოფლიოში არაპროგნოზირებადი ვითარებაა და ამიტომ რა იქნება ახლო მომავალში, გაურკვეველია.

2021 წლის იანვარ-მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი100 094 მგზავრს მოემსახურა, რაც 79,11%-ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის I კვარტალის მონაცემები. 2020 წლის იანვარ-მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 479 120 მგზავრს, 2019 წლის იანვარ-მარტში 804 671 მგზავრს მოემსახურა.

სწორედ ამიტომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ საქართველოს ხელისუფლებას 2020-21 წლების ფორსმაჟორად გამოცხადებას და კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივებას სთხოვს. როგორც თურქული კომპანიის გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე აცხადებს, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უკვე გაიმართა.

„2020 წელი ავიაციიდან არის ამოვარდნილი, რადგან ამ პერიოდში ბათუმის აეროპორტი აბსოლუტურად დაკეტილი იყო, თბილისშიც 98%-ით შეგვიმცირდა მგზავრთა ნაკადი.

ფორსმაჟორი ახლაც გრძელდება, რადგან ყველა ქვეყნისთვის არ არის გახსნილი საზღვრები, შესაბამისად, ესეც ნაწილობრივ ფორსმაჟორული სიტუაციაა. სწორედ ამიტომ ვითხოვთ ამ ვადით (2 წლით) კონტრაქტის გაგრძელებას“, - განაცხადა ზაქარაძემ.

„თურქეთში ჩვენს ყველა აეროპორტში ორი წლით გაგრძელდა შეთანხმების მოქმედება, ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩვენ მივიღეთ გაგრძელების უფლება, ასევე ტუნისში, საუდის არაბეთში, მედინაში ჩვენი ხელშეკრულება ოთხი წლით გახანგრძლივდა. ვადები განსხვავებულია, თუმცა ყველა ქვეყანაში ეს მინიმუმ ორ წელს შეადგენს. ჩვენ მივმართეთ თქვენს მთავრობას და პანდემიის გამო ვადის ორი წლით გახანგრძლივებას მოველით. რატომ? იმიტომ, რომ ამას მთავრობასთან დადებული შეთანხმების ფორსმაჟორის მუხლები ითვალისწინებს. ფორსმაჟორთა შორის კი ნომერ პირველი არის პანდემია“, - განაცხადა „ტავ“-ის პრეზიდენტმა.

როგორც ჩანს, აეროპორტის მმართველი კომპანიის მოლოდინი დადებითია, თუმცა აპირებს თუ არა ცენტრალური ხელისუფლება „ტავ“-ის თხოვნის დაკმაყოფილებას, ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ამბობენ, რომ შემდგომი ნაბიჯი პარტნიორთან კონტრაქტით გათვალისწინებული პუნქტებით იქნება.

„საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ თავმჯდომარე ნინო ლიპარტია ხაზს უსვამს, რომ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო 2020 წელს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო „ტავ ჯორჯიასთვის“ ფორსმაჟორად გამოაცხადებს, იგივე წარმატებით შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც სხვადასხვა საბიუჯეტო ან საბანკო ვალდებულება აქვს, 2-წლიანი გადავადება მოითხოვოს.

„კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო არ შეიძლება 2020 წელი ფორსმაჟორად გამოცხადდეს კომპანიისთვის. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომელმაც ვალდებულების შესრულების შეფერხება გამოიწვია, შეიძლება პირი კონკრეტული ვალდებულებისგან ან სანქციებისგან გავათავისუფლოთ, მაგრამ თუ საქართველოს მთავრობა 2020 წელს ფორსმაჟორად გამოაცხადებს „ტავ ჯორჯიასთვის“, ეს შეიძლება იგივე წარმატებით გავრცელდეს სხვა ბიზნესზეც, მათ შორის ტურისტულ სექტორზე, საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მთელ რიგ კომპანიებზე. ეს კი გამოიწვევს მძიმე ეკონომიკურ შედეგს“, - განაცხადა ლიპარტიამ.

უფრო მკეთრია პოლიტიკოსების შეფასება. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ „ტავ ჯორჯიასა“ და მთავრობას შორის ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს, რის შემდეგაც მოიძებნება უკეთესი ოპერატორი, რომელიც ამოცანას შეასრულებს და მგზავრთა ნაკადს მნიშვნელოვნად გაზრდის.

„ტავ“-თან გაფორმებული ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს იმიტომ, რომ „ტავ ჯორჯია“ მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. ეს აეროპორტი, რომელიც 10-15 წლის წინ ახალი იყო, დღეს ჩეჩმას დაემსგავსა. სულ დავფრინავ და ასეთი აეროპორტი მე არსად მინახავს. ამიტომ კომპანიას ხელშეკრულება კი არ უნდა გაუგრძელდეს, არამედ შეუჩერდეს. წლების განმავლობაში მივიღეთ ეს უბედური ინფრასტრუქტურა, ნაკლები მგზავრი და ძვირი მომსახურება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამჟამად მოქმედი ხელშეკრულების თანახმად, „ტავ ჯორჯიას“ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მართვის უფლება 2027 წლამდე აქვს.