უშიშროების ექსპერტთა შეფასებით, რაც დრო გადის, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა უფრო ძნელდება. ამის მიზეზი კი, სპეცსამსახურების არაკორდინირებული მუშაობაა. დღევანდელი მოცემულობით, პრეზიდენტს სამი მნიშვნელოვანი სპეცსამსახური ექვემდებარება _ სახელმწიფო დაცვა, დაზვერვა და სპეციალური კავშირების სააგენტო. შესაბამისად, სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, ზემოხსენებული “სამეულით” სიტუაციაზე კონტროლი შეინარჩუნოს... ქვეყნის ეროვნული უშიშროების წინაშე მდგარ საფრთხეებზე “ქართული სიტყვა” უშიშროების ექსპერტ ბესო ალადაშვილს ესაუბრა.
_ ბატონო ბესო, თქვენი ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების კუთხით როგორი მდგომარეობაა?
_ 8 თებერვლის შემდეგ, უფრო ნათელი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას სერიოზული პრობლემები აქვს, რაც გარკვეულწილად ქვეყნის სპეცსამსახურების არაკორდინირებული მოქმედებითაა გამოწვეული. მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტის პირდაპირ დაქვემდებარებაში რამდენიმე, მინიმუმ, სამი სპეცსამსახურია _ დაზვერვა, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური და სპეციალური კავშირების სააგენტო. ეს უკანასკნელი ტექნიკური სამსახურია, რომელიც სატელეფონო და სხვადასხვა სამთავრობო კავშირებს აკონტროლებს.
8 თებერვლის ცნობილი აქციის დროს, ვნახეთ, როგორ დაიწყეს ურთიერთგადაბრალება, ვის უნდა დაეცვა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან უსაფრთხოება. პირდაპირ ვიტყვი: ის შენობა, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლისთვის იყო განკუთვნილი, ასეთი ტიპის ღონისძიებისთვის მოუხერხებელი, მიუღებელია და იქ უსაფრთხოების დაცვა ყოველთვის ძალიან რთული იქნება. ამიტომ, მართალი მგონია ვერსია, რომ პრეზიდენტი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მისვლას არც აპირებდა და ყველაფერი პროვოკაციისთვის დაიგეგმა. საერთოდ, როცა ქვეყნის პირველი პირის სადმე გამოსვლა და, შესაბამისად, დაცვითი ღონისძიება იგეგმება, არჩევენ მისასვლელ მარშრუტს, ყველა შენობას და მოსახლეობას ამოწმებენ. ეს ურთულესი პროცესია. ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა ისეთ არეალშია მოქცეული, რომ ნებისმიერი ტერაქტის განხორციელება შესაძლებელია. არავინ აქცევს ყურადღებას, რომ იმ დღეს დაპირისპირება მოხდა ექვსი საათის შემდეგ, ანუ მაშინ, როცა აშკარა გახდა, რომ პრეზიდენტი იქ არ მივიდოდა. ამიტომ, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს წინასწარ მოფიქრებული სქემა იყოს და ასეთი რაღაცები, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრი იქნება.
სხვათა შორის, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ცხრა წლის განმავლობაში, რაც “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში იყო, სხვადასხვა სპეცსამსახურში საკმაოდ დიდი დასაყრდენი შექმნა და ახალი ხელისუფლების წინააღმდეგაც სხვადასხვა მეთოდით მუშაობს. ალბათ, გახსოვთ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიაგნეს ფარული ჩანაწერების დიდ არქივს, სადაც კომპრომატი ბევრის წინააღმდეგაა. ეს არის მეთოდი, რომლითაც ახლანდელი ოპოზიცია ცდილობს და წარმატებითაც ახერხებს, დააშანტაჟოს, ან ზეგავლენა მოახდინოს გარკვეული კატეგორიის ხალხზე.
_ რას გულისხმობთ?
_ კანონით, მოსმენა და თვალთვალი მხოლოდ მოსამართლის ნებართვითაა დაშვებული, რაც, ბუნებრივია, საიდუმლოა. თუ ოპერატიული ღონისძიება არ არსებობს და მოქალაქის პირადი ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველი ჩანაწერი ისე დაფიქსირდა, ის მტკიცებულებად არ ითვლება და უნდა განადგურდეს. ყოველ შემთხვევაში, ამას კანონი მოითხოვს, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად ხდებოდა კანონის დაცვა. იმ ცნობილი ჩანაწერებისა და ტელეშოუების გამო, რომლებსაც ყოფილი ხელისუფლება ხშირად მიმართავდა, პასუხი არავის უგია. არც ის უთქვამთ, თუ რის საფუძველზე ხდებოდა იმ ცნობილი ადამიანების მოსმენა, რომელთაც რუსეთის აგენტობას აბრალებდნენ. არავის გამოუძიებია, თუ ვინ გააკეთა ის ცნობილი ჩანაწერები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში გამოქვეყნდა...
_ იმედია, ასეთი ფარული ჩანაწერები დღეს აღარ კეთდება...
_ ამის იმედი მხოლოდ თქვენ კი არა, ბევრ სხვასაც აქვს, მაგრამ შესაბამის სტრუქტურებში ჯერ კიდევ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ძველი ხელისუფლების კადრები არიან და მას ემსახურებიან. სხვათა შორის, ახალი ხელისუფლებიდანაც არავის უთქვამს, რომ ტექნიკა, რომელიც თავის დროზე “ნაციონალებმა” დიდი რაოდენობით შემოიტანეს, აღარ ფუნქციონირებს.
საერთოდ, სატელეფონო საუბრის მოსმენა დღეს რთული არაა და თუკი ადამიანს მატერიალური და ფინანსური საშუალება აქვს, ამის გაკეთება, კერძო პირსაც შეუძლია.
_ კი, მაგრამ ეს ხომ კანონის დარღვევაა?
_ დიახ, მაგრამ ტექნიკურად შესაძლებელია. პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან მესამე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სააგენტო, რომელიც პასუხს ფარულ ჩანაწერებსა და მოსმენებზე აგებს, შსს-ს დაქვემდებარებიდან გამოიყვანა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ, ანუ იმ სამსახურს გადასცა, რომელსაც თავად აკონტროლებს. აქედან გამომდინარე, მოსმენები შეიძლება, პირველ დონეზე განხორციელდეს და ეს შეიძლება, გააკეთოს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფმა სამსახურმა... არსებობს ვერსია, რომ მოსმენების სამსახური უშიშროების საბჭოს აპარატსაც აქვს. მოკლედ, ამ მხრივ ქვეყანაში დიდი ქაოსია.
წეღანაც ვთქვი, რომ სტრუქტურებში არსებობენ ძველი კადრები, რომლებიც, ნებსით თუ უნებლიედ, თავისი სურვილითა თუ შანტაჟით, წინა ხელისუფლების დავალებით მოქმედებენ. კარგი იქნება, თუ ეს ადამიანები ბორკილებს თავად მოიხსნიან და განაცხადებენ, რომ მათზე ძველი ხელისუფლებისგან ზეწოლა ხდება.
_ ესე იგი, საზოგადოება ისევ დაუცველია?
_ ამ მხრივ ქვეყანაში რომ არაფერი კეთდება, 8 თებერვალმაც აჩვენა. სპეცსამსახურები, მინიმუმ, ორადაა გაყოფილი, რაც საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, დაძაბულობას იწვევს და ეს, საერთო ჯამში, ქვეყნისთვისაც ძალიან ცუდია. ჩემი აზრით, ქვეყნის იმიჯის სერიოზული შელახვაცაა... ოპოზიციონერი პრეზიდენტი კი, თავისი მდგომარეობის გასამყარებლად, ბუნებრივია, მის ხელთარსებულ ყველა ხილულ და უხილავ ბერკეტებს გამოიყენებს.
_ ბატონო ბესო, ბოლო დროს “ქართულ ოცნებაში” “ჩანერგილი” “ნაცშპიონების” თემა ერთობ აქტუალურია..._ ეს მსოფლიო პოლიტიკურ პრაქტიკაში მიღებულია, თუმცა ისე აშკარად არ ჩანს, როგორც _ საქართველოში... პიროვნებას, რომელიც “ჩანერგილი” იყო და შემდეგ, თავის პოლიტიკურ სუბიექტს დაუბრუნდა, კარგი პოლიტიკური მომავალი არ აქვს.
სხვათა შორის, ამ შიდა ქაოსმა გარე საფრთხეები სულ დაგვავიწყა. არადა, ჩვენს გეოპოლიტიკურ სივრცეში ძალიან ბევრი სპეცსამსახურია დაინტერესებული, რომ ასეთ ურთიერთწაკიდების მდგომარეობაში ვიყოთ და არაა გამორიცხული, რომ პარტიებში ორმაგი და სამმაგი აგენტებიც იყვნენ ჩანერგილნი.
_ ახალი ხელისუფლება იმ საფრთხეებს, რომლებიც უმეტესად “ნაციონალებიდან” მოდის, უმკლავდება?
_ ეს ყველაზე რთული შეკითხვაა.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ მეც, თქვენც და, საერთოდ, საზოგადოების უდიდეს ნაწილს უნდა, რომ უკეთესად უმკლავდებოდეს. მდგომარეობა ასეთია: ხან სიტყვა უსწრებს საქმეს, ხან კი, სიტყვა აგვიანებს... 8 თებერვალი უბრალო აქცია კი არა, ცხოვრებისაგან გამწარებული ხალხის პროტესტი იყო და არავინაა დაზღვეული, რომ თუ კანონის აღსრულება დაიგვიანებს, ამ ხალხის მრისხანება, მართლაც, ქუჩაში გადავიდეს. ეს რეალური საფრთხეა და წინა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი გათვლას შეიძლება, სწორედ ამაზე აკეთებს.