სააკაშვილის წინააღმდეგ ოპერაცია

სააკაშვილის წინააღმდეგ ოპერაცია "გველგესლა" იგეგმება!

"წაიღოს დაცვა, მე ჩემი ხალხისგან დაცვა არ მჭირდება", - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სახელმწიფო დაცვის სამსახურში განხორციელებულ ცვლილებებს და 27 თებერვალს, პირველ ლედისთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დემონსტრაციულად, "ნისანის" მარკის ელექტრომობილით მივიდა... ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი წერეთელი "ვერსიას" სკანდალურ ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, რომ "დაუცველ" პრეზიდენტზე ტერაქტი იგეგმება.

- ორი მეგობრისგან, რომლებიც ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობენ, საეჭვო და ამაზრზენი ინფორმაცია მივიღე - მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით, კრიმინალური ელემენტები ტერაქტს ამზადებენ. ოპერაციას სახელწოდებაც აქვს - "გველგესლა", რომლის განხორციელებაც 26 მაისამდე იგეგმება. ერთ-ერთი წყარო, ჩემთან შესახვედრად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა.

- იქნებ ეს ინფორმაცია მხოლოდ "შემოგდებულია". გაუგებარია, რისთვის სჭირდება რუსეთს სააკაშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია ახლა, როცა ახალი ხელისუფლება მასთან უერთიერთობის აღდგენას ცდილობს?
- არ გამოვრიცხავ, ეს ინფორმაცია ბლეფიც იყოს, მაგრამ რადგანაც ის ჩემამდე მოვიდა, ვალდებული ვარ, განგაშის ზარს შემოვკრა. სიფრთხილეს თავი არ სტკივა... რაც შეეხება ტერაქტის მიზანს, პრეზიდენტის ფიზიკური ლიკვიდაცია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის თავისმომჭრელია. პირველი პრეზიდენტის სიკვდილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, ლეგიტიმური პირველი პირი იყო, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილის სახელწოდებით შევა. ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე ავტორიტეტის შელახვასთან ერთად, სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტი, ავტომატურად, ბიძინა ივანიშვილის კონფრონტაციას გამოიწვევს. შესაძლოა, პრემიერიც საქმის კურსში იყოს დაგეგმილი ბოროტების შესახებ.

- თქვენი წყარო გიმტკიცებთ, რომ პროცესში ივანიშვილიც ჩართულია?
- არა, ტერაქტი ბიძინა ივანიშვილის გეგმებში არ ჯდება. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ პრემიერი ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს, რადგან თუ რეალურად, ჩემი ინფორმაცია დადასტურდება, პრორუსული და ანტიდასავლურ-ანტიდემოკრატიული არეულობის წინაშე აღმოვჩნდებით. ამიტომ სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც მოვუწოდებ, ფრთხილად იყვნენ და სანამ ქვეყანაში სამოქალაქო თუ საჯარო ინსტიტუტები არ გაძლიერდება, რადიკალური განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

ხუთ თვეში სააკაშვილი პოლიტიკიდან ისედაც მიდის. არ მესმის, რა საჭიროა ერთმანეთთან ურთიერთობის დაძაბვა?! ივანიშვილს, როგორც ხალხის მიერ არჩეულ პოლიტიკურ ძალას, რეალური საფუძველი კი აქვს, რომ სააკაშვილის მიმართ კრიტიკულად იყოს განწყობილი, მაგრამ დაპირისპირება ანტაგონიზმსა და დესტრუქციულ პოლიტიკაში არ უნდა გადაიზარდოს. მხოლოდ რუსეთს აწყობს საქართველოში მართული ქაოსი და არა საერთო ეროვნულ-კონსტრუქციულ ჩარჩოებში მოქცეული პოლიტიკური ცხოვრება. ასე რომ, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ რუსეთი საქართველოში მიმდინარე პროცესების სათავისოდ გამოყენებას შეეცდება.

- რუსეთი სააკაშვილის განეიტრალებით, ივანიშვილის იზოლირებასაც გეგმავს?
- დიახ, თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ რუსეთი საქართველოს მტერია, რატომ არ უნდა განვიხილოთ მოვლენების ამ სცენარით განვითარება? შესაძლოა, ეს ყველაფერი პუტინს არ აწყობს, მაგრამ რუსეთში, პუტინის გარდა, საქართველოზე გაბოროტებული უამრავი პოლიტიკოსია. სამწუხაროა, რომ ქართულმა მხარემ მონური რუსული ბაზარი აირჩია. არ მესმის, როცა მსოფლიოში 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, რატომ ვისწრაფვით მაინცდამაინც რუსეთისკენ, სადაც 150 მილიონი მოსახლეა.

ორივე მხარეს ვაფრთხილებ, მოსალოდნელ ტერაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია მაქვს. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის ტერორისტული აქტით დასასრული კი, მინიმუმ, ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო კონფრონტაციას გამოიწვევს, თანაც ტერაქტი აუცილებლად ბიძინა ივანიშვილს დაბრალდება. გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ მიხელ სააკაშვილს ჯერ კიდევ ჰყავს თავისი მომხრეები შემორჩენილი, თანაც არა მგონია, ბიძინა ივანიშვილი ჯარს თავიდან ბოლომდე აკონტროლებდეს.

- ჯარიდან საფრთხე არსებობს? პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სამსახურზე უარი განაცხადა და თქვა, ვიცი, პუტინი რასაც გეგმავსო...
- მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ეს მხოლოდ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო. პოლიტიკურ მოწინააღმდეგეზე გაბრაზებულმა პრეზიდენტმა საკუთარ უსაფრთხოებაზე არ იზრუნოს, არა მგონია, მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არსებობდეს. მაშინ, კეთილი ინებონ და, სააკაშვილი "ნაცმოძრაობის" წევრებმა დაიცვან. ადამიანურად არ მინდა, პრეზიდენტმა სიცოცხლე ასე, ფატალურად დაასრულოს.

- ფიქრობთ, ხელისუფლება მაქსიმალურად არ იზრუნებს ქვეყნის პირველი პირის უსაფრთხოებაზე?
- იცით, პრევენციული ნაბიჯი უკვე გადადგმულია. როგორც ვიცი, სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან პრეზიდენტს 350 ადამიანი დაუტოვეს და 7 მილიონიც გამოუყვეს. არ გამოვრიცხავ, რუსეთის სპეცსამსახურებში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაც ამუშავებდნენ გარკვეულ ოპერაციებს.

- თქვენი წყარო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილ ფიზიკურ ლიკვიდაციაზეც გაწვდით ინფორმაციებს?
- ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს, ეს უბრალოდ, ჩემი ვარაუდია და არაფერს გამოვრიცხავ. მართალია, ბიძინა ივანიშვილს დეოკუპაციის პროცესში ბოლომდე არ ვენდობი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ის ბოლომდე "რუსის კაცია". პუტინს საქართველოში პრემიერზე ბევრად ადვილად მართვადი, მარიონეტული ძალები ჰყავს. მართალია, ხელისუფლებაში არ ვარ, მაგრამ ბევრ მოქმედ პოლიტიკოსზე მეტი კავშირი მაქვს. ამასთან, გავლენიანი პირები, რომლებსაც მნიშვნელოვან ინფორმაციებზე ხელი მიუწვდებათ, მენდობიან. მეტიც, პირადად, მე, შეიძლება ისეთი შინაარსის ინფორმაცია მქონდეს, რომლის შესახებაც საქართველოს სპეცსამსახურებს არც კი გაუგიათ, ამიტომ ვუყურებ შესაძლო ტერაქტის საკითხს სერიოზულად.