„როგორ შეიძლება ხელისუფლებაში იყო და დასავლეთთან ნიკა მელიას საკითხის გამო აფუჭებდე ქვეყნისთვის ნომერ პირველ საქმეს“

„როგორ შეიძლება ხელისუფლებაში იყო და დასავლეთთან ნიკა მელიას საკითხის გამო აფუჭებდე ქვეყნისთვის ნომერ პირველ საქმეს“

„ნიკა მელიასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეეძლოთ სხვა გადაწყვეტილება მიეღოთ. პატიმრების საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ არის იმ მოლაპარაკებებისთვის, რაც არსებობს, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა სხვა მიმართულებით გააგრძელოს გზა“, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან 13 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.

For.ge გთავაზობთ ინტერვიუს ვახტანგ ძაბირაძესთან.

ვახტანგ ძაბირაძე: ნიკა მელიას გათავისუფლება ამ დაპირისპირებას არ დაასრულებდა, რა თქმა უნდა, რადგან ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები. თუმცა, თუ მელია იქნებოდა გარეთ, ან შემდეგ იქნებოდა მიღებული რაიმე გადაწყვეტილება, დავუშვათ ამნისტია, ან სხვა რამ, ეს პოლიტიკურად მომგებიანი იქნებოდა ხელისუფლებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას ხელისუფლება სრულად მოიპოვებდა.

ვფიქრობ, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა უფრო მნიშვენლოვანია, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ქვეყნისთვის, ვიდრე მელიას ყოფნა-არყოფნა ციხეში.

როგორ ფიქრობთ, ნიკა მელიას შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებაზე რა გავლენას იქონიებს?

- „გირჩმა“ გააკეთა განცხადება, სადაც მელიას თემა, რამდენადაც მახსოვს, არ ფიგურირებს. გარდა ამისა, რომც ყოფილიყო, 7 საკითხია და თუ ხელისუფლება ერთს მაინც შეასრულებს, „გირჩი“ შევა პარლამენტში.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ისინი არ აპირებდნენ შესვლას, მათი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება. ამ პროცესზე მელიას საკითხი ვერ მოახდენს გავლენას.

რამდენად არის მოსალოდნელი პერმანენტული და მასშტაბური აქციები მოჰყვეს ამ ყველაფერს?

- არ მგონია, რომ ამ საკითხს მნიშნელოვანი აქცია მოყვეს. საზოგადოება არის საკმაოდ გადაღლილი და ნიჰილისტურად განწყობილი პოლიტიკური პროცესებისადმი, მან დაკარგა ნდობა, არა მარტო ხელისუფლებისადმი, არამედ ოპოზიციისადმიც. ამიტომ, თუ პარტაქტივს არ მივიღებთ მხედველობაში, ან ცალკეული ადამიანების გაბრაზებას, ზოგადად, პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში არ არის ისეთი, რომ პერმანენტული აქციები გაგრძელდეს, ან აგორდეს რაღაც მნიშვნელოვანი, ჯერჯერობით, ეს არ ჩანს. ძალიან მშვიდად ჩაივლის ეს პროცესიც, ისევე როგორც სხვა პროცესები. რაღაც პატარა გართულება შეიძლება იყოს და ამით დასრულდება ეს ყველაფერი.

თქვენ პირადად ელოდებით, რომ სხვა სამართლებრივი ბერკეტით მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება? მაგალითად, ამინისტიით...

- ეს არის მომგებიანი ხელისუფლებისთვის და გაუგებარია ჩემთვის, რატომ არ დგამს ხელისუფლება ამ ნაბიჯს. მელია ციხეში გაცილებით გამოყენებადია ოპოზიციისთვის დასავლეთთან სალაპარაკოდ, ვიდრე ქუჩაში. იყო მელია ქუჩაში და რაიმე კატასტროფული ამას არ მოყოლია. ხელისუფლებას ამ შემთხვევაში მხოლოდ მოსაგები პოზიცია აქვს. რატომ აჭიანურებენ ამ ნაბიჯის გადადგმას, არ მესმის. ეს ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. მიუხედავად იმისა შევა ოპოზიცია პარლამენტში თუ არა, ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. ეს იქნება დემონსტრირება, როგორც ხელისუფლების თავდაჯერებულობის, ისე გაშიშვლება მთელი იმ პოლიტიკური არსის თუ სპექტრის, რაც დღეს ქვეყანაში ტრიალებს. ზოგადად, ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვენელოვანია.

ჩვენი ხელისუფლების და ოპოზიციის ასეთი უკომპრომისო პოლიტიკური სიბრიყვის გამო, ვკარგავთ დასავლეთის მხარდაჭერას და საკმაოდ არასასურველი პროფილით წარვსდგებით დასავლეთის წინაშე. ეს დასავლური ორიენტაცია არის პიარის თემა და არა სერიოზული განხილვის საგანი.

ჯერჯერობით საქართველოში ხელისუფლება ვერ ვნახე, რომელიც მართლა, რეალურად ფიქრობს დასავლურ ორიენტაციაზე. ყველა ხელისუფალმა იცის, რომ დასავლური ორიენტაცია არის მიმზიდველი და იყენებს ამას პიარისთვის. ეჭვი მეპარება სერიოზულად და გულწრფელად სურდეს რომელიმე ძალას დასავლეთთან ინტეგრირება, უბრალოდ, პიარის თემად იყენებენ, სულ ესაა.

როგორ შეიძლება ხელისუფლებაში იყოს პოლიტიკური ძალა და დასავლეთთან იმის გამო, რომ მელია იქნება ციხეში თუ - არა, აფუჭებდეს ქვეყნისთვის ნომერ პირველ საქმეს.