ბიზნესი მაისში დაგეგმილ უქმე დღეებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება

ბიზნესი მაისში დაგეგმილ უქმე დღეებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება

ბიზნესს 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება ცუდად ენიშნა. სავარაუდოდ, იქამდე მთავრობა დამატებით შეზღუდვას არ შემოიღებს, მაგრამ შეიძლება უკვე დადგენილი გაახანგრძლივოს, ისე როგორც პირველი და მეორე ლოქდანუის დროს. ასეთ შემთხვევაში, თუ მაისშიც ბიზნესს 2-3 კვირით მოუწია დაკეტვა, სექტორი სასიკვდილო დარტყმას მიიღებს.

„თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა მესამე ტალღასა და მოსალოდნელ შეზღუდვებზე ნეგატიურ კონტექსტში ისაუბრა.

„დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ყველა გამონათქვამს. როგორც გვესმის, ჯერჯერობით ამ ტიპის შეზღუდვაზე ლაპარაკი არ იქნება იმიტომ, რომ იმ ბიზნესების უმრავლესობა, რომლებიც ამ ლოქდაუნების შემდეგ დარჩა, უბრალოდ, ფუნქციობას ვეღარ გააგრძელებს. პირდაპირ რომ ვთქვათ, საცალო სავაჭრო სექტორი და რითეილი, რომელიც ახლა იწყებს გამოცოცხლებას, მიიღებს ახალ სასიკვდილო დარტყმას, თუ მაისშიც 2 კვირით მოგვიწია დაკეტვა.

დღეს რა ინფორმაციაც გვაქვს, იგივე ტიპის ლოქდაუნი დღის წესრიგში არ არის, თუმცა, როგორ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, არ ვიცით. ძალიან კარგად მახსოვს 28 ნოემბრის ლოქდაუნი, როცა 24 საათში შეიცვალა ყველაფერი, ამიტომ ყველაფერი არის მოსალოდნელი. მაშინაც იგივეს გვეუბნებოდნენ 24 საათით ადრე, რომ არაფერი დაიკეტებოდა, მაგრამ ერთბაშად დაგვხურეს.

ვმუშაობთ სხვა ბიზნესასოციაციებთან და უახლოეს დღეებში ოფიციალურ მიმართვას გავავრცელებთ კიდევაც მთელ ამ პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენი განცხადება, რა თქმა უნდა, პრემიერზე იქნება მიმართული. ის მოიცავს ყველა დარგისთვის საჭირბოროტო საკითხებს. ტექსტი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუმცა ეს საჭირბოროტო საკითხები იქნება - ტურისტული სექტორის აღდგენა, კომენდანტის საათთის შემსუბუქება, საშეღავათო პაკეტები და ა.შ.“ - აღნიშნა „პალიტრანიუსის“ ეთერში ყარალაშვილმა.

ბოლო პერიოდში აქტიური საუბარი მიდის კორონავირუსის მესამე ტალღაზე და კიდევ ერთ „ლოქდაუნზე“. ერთკვირიანი უქმეები (რეალურად ორკვირიანი) უკვე გამოცხადდა, რომელიც თავისუფლად შეიძლება გახანგრძლივდეს. ამის არაერთი პრეცენდენტი წინა შეზღუდვების დროს იყო. ასეთ შემთხვევაში, როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე აცხადებს, ზაფხულის სეზონის ბედი გაურკვეველი იქნება.

„იმ პირობებშიც კი, როდესაც საზღვრები გახსნილია და ავიამიმოსვლა - აღდგენილი, ძალიან ბევრი მაინც თავს იკავებს საქართველოში ჩამოსვლისგან, რადგან მოქმედებს კომენდანტის საათი და სხვა ბევრი რეგულაცია. თუ „ლოქდაუნი“ ისევ განმეორდება, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ ზაფხულის სრულფასოვან სეზონზე.

მესმის, რომ ეპიდსიტუაციის კონტროლი მარტივი არ არის, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა სამოქმედო გეგმა, რის მიხედვითაც ეტაპობრივად მოხდებოდა ინდუსტრიის აღდგენა და სტუმრების მიღება. რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესიც ერთ-ერთი წინაპირობაა ტურისტულ სეზონზე, რაც დაგვიანებულია, რადგან არც კამპანია იყო ჩატარებული და არც ვაქცინების შესაბამისი რაოდენობა გვაქვს.

თუ მესამე ტალღას როგორმე ავცდით, გარკვეულწილად, მარკეტინგული აქტივობების მეშვეობით უნდა გავავრცელოთ, რომ საქართველო მზად არის ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის. კარგი იქნება სხვა ქვეყნების მაგალითების გათვალისწინება, რომლებიც შეიძლება გამოგვადგეს“, - განაცხადა სიდამონიძემ.

სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ არათუ უქმე დღეების გამოცხადება და დასვენება, არამედ 24-საათიან რეჟიმში უნდა გადაიყვანო ეკონომიკა, რომ ბიზნესს და სოციალურ პრობლემას ეშველოს. ასე ფიქრობს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ უქმე დღეების გამოცხადება, ცალსახად ეს არის შეზღუდვა, რადგან საუბარია მობილობის შეზღუდვაზე, რაც ისედაც დაბალ დონეზეა. ახალი შეზღუდვების დაწესებით კი უმუშევრობის დონე, რომელიც ისტორიულად მაღალია და 20.4% შეადგენს, კიდევ გაიზრდება, ხოლო უმუშევრად დარჩენა, დამატებით 100 000-150 000 -მდე ადამიანს დაემუქრება.