სამხედრო ორკესტრის კონცერტი თავდაცვის სამინისტროში

სამხედრო ორკესტრის კონცერტი თავდაცვის სამინისტროში

გაზაფხულის დადგომა სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა კონცერტით აღნიშნა. დასს დირიჟორობას პოლკოვნიკი პავლე ფირცხალაიშვილი და უფროსი ლეიტენანტი კობა მერმანიშვილი უწევდნენ.

საღამოზე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა. მუსიკოსებმა ასტორ პიაცოლას კომპოზიცია „ობლივიონი“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას მიუძღვნეს. ლალო შიფრინის საუნდტრეკი „შეუსრულებელი მისია“ კი საქართველოს შეიარაღებული ძალების პატივსაცემად შეასრულეს. კონცერტში მონაწილეობა კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმაც მიიღო. მან საკუთარი ნაწარმოები „ლაშქრული“ იმღერა. შესრულდა არია „ცანგალას სიმღერა“ ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან „დაისი“.
საღამოს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ. საღამოზე მოწვეული იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. კონცერტზე ნიკოლოზ რაჭველი და სხვა მუსიკოსებიც იმყოფებოდნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი 1991 წელს დაარსდა. თავდაცვის სამინისტროს მუსიკალურმა დასმა 2008 და 2009 წლებში ქ. სუმში (უკრაინა) გამართულ სამხედრო ორკესტრების ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. სამხედრო მუსიკოსები რეპერტუარს ქ. მონსში (ბელგია) 2014 და 2015 წლებში დაგეგმილ ნატოს ჯარების სასულე ორკესტრების ფესტივალზეც შეასრულებენ.