ის არც ბონია, არც _ კლაიდი და, მით უმეტეს, არც _ ალ კაპონე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მსოფლიოს თუ არა, ქართული იურისპრუდენციის ისტორიაში მაინც ყველაზე ძვირადღირებული ბრალდებულის სტატუსით შევა. დიახ, არც ბაჩო ახალაია, არც _ თენგიზ გუნავა, არც _ დიმიტრი შაშკინი, ზურაბ ადეიშვილი თუ სხვა ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლის “ბოროტ საქმეებზეც” პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ლეგენდები დადიოდა, მის ფეხის ფრჩხილადაც არ ღირს. თბილისის ჯერ კიდევ მოქმედი მერი მთავარი პროკურატურისთვის, შეიძლება ითქვას, ფასდაუდებელი ბრალდებულია _ გიგი უგულავას თავისუფლება _ არც მეტი, არც ნაკლები _ ერთი მილიონი ღირს!
საერთოდ, უგულავას საქმეში ყველაზე საინტერესო, ალბათ, სწორედ ეს მილიონია, ანუ არჩილ კბილაშვილის უწყებამ მერის თავისუფლების სანაცვლოდ, გირაოს სახით, მაინცდამაინც ერთი მილიონი რატომ მოითხოვა?
ამ თემაზე უამრავი ვარიაცია არსებობს. ასე, მაგალითად, საზოგადოების მცირე ნაწილი აღშფოთებულია, გიგის, რომელიც ჯამაგირზე ცხოვრობს, მილიონი საიდან უნდა ჰქონდეს და, საერთოდ, ამ საწყალ ბიჭს რას ერჩიანო.
უგულავა, ერთი შეხედვით, მართლაც, სიმპათიური მოხელის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ თუკი “ნაციონალთა” 9-წლიან მოღვაწეობას თვალს გადავავლებთ, მივხვდებით, რომ ეს “სიმპათიური მოხელე” და “საწყალი ბიჭი” “ნაცმოძრაობის”, ანუ როგორც ანტიმიშისტები ამბობენ ხოლმე, რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო.
ყველაფერი კი, მაშინ დაიწყო, როცა “ვადაგასულად” სახელდებული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “მოქკავშირს” გაემიჯნა და ქართულ პოლიტიკურ სცენაზე დამოუკიდებელი თამაში დაიწყო. ისე, შეიძლება, სიტყვა გამიგრძელდეს, მაგრამ რაკიღა “მოქკავშირი” ვახსენე, მგონი, უპრიანია, გავიხსენოთ, რომ სააკაშვილის პოლიტიკური დაფრთიანება სწორედ “მოქკავშირში” მოხდა და ამ “გადაშენებულ” პარტიაში თითქმის ყველა საპასუხისმგებლო პოსტი, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, ეკავა. მეტიც, მოგვიანებით იმ მთავრობის წევრიც გახდა, რომელსაც გაპრეზიდენტების შემდეგ, სულ “კორუმპირებულს”, “ჩარეცხილსა” და “მუმიას” ეძახდა...
მოკლედ, მიშა რომ გაოპოზიციონერდა, იმხანად გიგი უგულავა ჟურნალისტობდა და “ნაცლიდერს” გვერდიდან არ სცილდებოდა. ამასობაში, 2003 წლის ნოემბერიც მოახლოვდა. ჰოდა, სააკაშვილმა რევოლუციობანას თამაში დაიწყო. ამ მხრივ განსაკუთრებით ახალგაზრდული მოძრაობა “კმარა” აქტიურობდა, რომლის უკანაც “თავისუფლების ინსტიტუტი” იდგა. როგორც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ გაირკვა, “კმარას” მუშაობაში გიგი უგულავა აქტიურად მონაწილეობდა. საერთოდ, ფართო საზოგადოებამ გიგი უგულავა სწორედ რევოლუციის დღეებში გაიცნო _ იმჟამინდელი “ეროსივიზია”, ანუ “რუსთავი 2”, რომელმაც 2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ, თავი “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად” გამოაცხადა, უგულავას ეთერს ისე უთმობდა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს. ისე, სიმართლე რომ ითქვას, იმხანად უგულავას პერსონა ხალხს ნამდვილად არ აღიზიანებდა _ ახალგაზრდა ყმაწვილი, მართლაც, ქვეყანაზე შეყვარებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა...
იმის მტკიცება, რომ უგულავას ქვეყანა ახლა არ უყვარს, რასაკვირველია, ნონსენსია, მაგრამ თანამდებობამ და ძალაუფლებამ ექსსტიქაროსანის მსოფლმხედველობაზე, როგორც ჩანს, თავისი კვალი დატოვა და, მაგალითად, იმაში, მერიის მიერ დაფუძნებულ სხვადასხვა შპს-ში ცნობილი მომღერალ-მოცეკვავეები ალპინისტებად თუ მეეზოვეებად რომ იყვნენ გაფორმებულნი, უგულავა ცუდს, მით უმეტეს, დანაშაულებრივს ვერაფერს ხედავს და ჩვეული უტიფრობით აცხადებს, ფული შინ კი არ მიმქონდა, არამედ, ხალხს ვაძლევდი და თუ ამაზე მეტ კორუფციას ვერ მიპოვიან და თუ ჩემი სამშობლოს თავისუფლებისთვის ასეა საჭირო, მზად ვარ, ციხეში ჩავჯდეო.
სამშობლოსი რა მოგახხენოთ და, უგულავას ციხეში ჩაჯდომა “მშობლიურ” “ნაცმოძრაობას” კი ნამდვილად სჭირდება _ სააკაშვილის გუნდს რაც მეტი წამებული ეყოლება, მით უკეთესად იაპელირებს საერთაშორისო ასპარეზზე, ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიცია, როგორც კლასი, გაანადგუროსო. სხვათა შორის, ალბათ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება პრემიერის ისეთი ეპითეტით შემკობა, როგორსაც, მაგალითად, ვანო მერაბიშვილი იყენებს ბიძინა ივანიშვილის დასახასიათებლად _ “პროვინციული დიქტატურის კარიკატურა”.
რაც შეეხება ზემოხსენებულ მილიონს, მთავარი პროკურატურა, ალბათ, გრძნობდა, რომ “ნაციონალები” გიგი უგულავას სახით ერთგვარ პროვოკაციაზე მიდიდოდნენ, ანუ როგორც ექსპერტები ამბობენ, მმართველყოფილ გუნდს ერთი სული აქვს, გიგის როდის დაიჭერენ, რომ მერე აგნიასდეს, აი, კლასიკური ტერორი _ ხალხის არჩეული მერი ციხეში გამოკეტესო.
თუკი ასეთი სცენარი, მართლაც, არსებობდა, მაშინ პროკურატურას ბრალდებულწაყენებული უგულავასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა რომ მოეთხოვა, ამ მოთხოვნას კუბლაშვილის სასამართლო, რასაკვირველია, სულ ტაშ-ფანდურით დააკმაყოფილებდა. ამ ფონზე, კბილაშვილის უწყებას ისეთი გამოსავალი უნდა მოეძებნა, რომელიც, როგორც იტყვიან, არც მწვადს დაწვავდა და არც _ შამფურს. ასეთი “მწვადი და შამფური” კი, როგორც ჩანს, სწორედ მილიონიანი გირაო იყო და აი, რატომ? _ როგორც კი გახმაურდა, პროკურატურა უგულავასგან, გირაოს სახით, მილიონს ითხოვსო, მერმა ჩაიცინა, მილიონი სად ჯანდაბაში მაქვსო, ანუ კბილაშვილის უწყებაში იცოდნენ, რომ უგულავა არც მილიონის გადამხდელი იყო და არც სასამართლო შეუფარდება ამხელა ჯარიმას. შესაბამისად, მერი “თემიდის ოფისს” “საღსალამათი” დატოვებდა. ასეც მოხდა, თუმცა ეს იმას როდის ნიშნავს, რომ უგულავა ბრალდებისგან გათავისუფლდა. უბრალოდ, სასამართლომ, მილიონიანი გირაოს მსგავსად, პროკურატურის არც სხვა მოთხოვნები დააკმაყოფილა, მაგალითად, ის, რომ უგულავასთვის მერის უფლება-მოსილება შეეჩერებინა.
სხვათა შორის, საქმეში ჩახედულნი ყველაზე დიდ პრობლემას ამაში ხედავენ _ უგულავას, რომელიც სასამართლომ მერად დატოვა, ხელეწიფება, რომ მტკიცებულებები გაანადგუროს, თუმცა როგორც “ქართულ სიტყვას” ძალოვანი უწყების კულუარებში უთხრეს, მტკიცებულებების განადგურებით უგულავა ფონს ვერ გავა, რამეთუ მის წინააღმდეგ უფრო სერიოზული მტკიცებულებებიც არსებობს და გამორიცხული არაა, რომ მერს ბრალდებები დაუმძიმდეს.
დღევანდელი მოცემულობა კი, ასეთია: გიგი უგულავა, რომელსაც დემაგოგიის, თავხედობისა და ბილწსიტყვაობის (“ჩუკენობა” ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში სწორედ მან დაამკვიდრა) შესაშური ნიჭი აქვს, ჯერჯერობით ისევ თბილისის მერია და, ალბათ, ერთგვარ სიამაყესაც განიცდის, რომ მისი თავისუფლება მილიონადაა შეფასებული, თუმცა ცხოვრება, მოგეხსენებათ, მოულოდნელობებითაა სავსე. ჰოდა, ლუციფერია მოწმე, ამ მილიონიანმა ვნებამ უგულავას შესაძლოა, კისერი წაატეხინოს.
ისე, ქართულ პოლიტიკაში მოვლენები ელვისებურად ვითარდება და მალე უგულავა შორს, შეიძლება, ბუზისტოლადაც აღარ გამოჩნდეს. იკითხავთ, რატომო. რატომ და, _ პრემიერი ბიძინა ივანიშვილი “ვადაგასულ” პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართვას უგზავნის. პრინციპში, ეს მიმართვა კი არა, უფრო ულტიმატუმია, რომლის შესასრულებლადაც, სააკაშვილს, მაქსიმუმ, სამი დღე აქვს. ივანიშვილის მიმართვას “ქართული სიტყვა” უცვლელად გთავაზობთ:
“ხელისუფლების საკითხი ქვეყანაში გადაწყვეტილია და ამიტომ არ მოგმართავთ როგორც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, რომელთანაც რაიმე დამრჩა გასარკვევი. თქვენს პოლიტიკურ გუნდსა და საზოგადოებას შორის ვხედავ სულ უფრო მზარდ უფსკრულს, რომელიც სრული მარგინალიზაციისკენ მიაქანებს ამ გუნდის ღირებულ წევრებსაც კი და ამიტომ მოგმართავთ.
კიდევ იმიტომ მოგმართავთ, რომ არ ვთვლი ქვეყნისთვის სასურველ მოვლენად თქვენს გუნდთან ერთად განვლილი 9 წლის სრულ დისკრედიტაციას. ხელისუფლება თავისი ხალხის წინაშეა პასუხისმგებელი, ხოლო ხალხი თავის ხელისუფლებაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ვცდილობ, ყველაფერს და ყველას არ გადაესვას ხაზი, ყველაფერს და ყველას არ მოეცხოს ლაქა, მათ შორის, ქართველი ხალხის თავმოყვარეობას და ღირსებას.
ამიტომ მინდა, რომ როგორმე ღირსეული გამოსავალი ვიპოვოთ, ზედმეტი დანაკარგების გარეშე გავუმკლავდეთ წარსულს და მთელი ენერგია მომავალს მოვახმაროთ. ამიტომ ვწვალობ ამდენს და ვცდილობ, დაგანახოთ გამოსავალი, რომელიც გახსნიდა გზას ყველა სხვა პრობლემის ცივილიზებულად მოგვარებისკენ.
ამიტომ შემოგთავაზეთ დეკემბრის ბოლოს ისეთი საკონსტიტუციო ინიციატივა, რომელზე დათანხმებაც თქვენთვის ყველაზე მარტივი იყო (შეგეძლოთ, „პიარქულებიც“ კი იქით ჩაგეწერათ). საპარლამენტო უმრავლესობამაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თქვენი პარლამენტში გამოსვლის გადავადება _ არ გვინდოდა, ის დღე გამხდარიყო წყალგამყოფი. ამიტომ წამოვედით მოლაპარაკებებზეც და ინიციატივის ხელში აღებაც კი შემოგთავაზეთ კონსტიტუციის 2010 წლის მოდელის ნაწილობრივ ამოქმედების ფორმულით. ამიტომ ვთანხმდებოდი ამნისტიის ისეთ ვარიანტსაც კი, რომლის ახსნა ძალიან გამიჭირდებოდა საზოგადოებისთვის.
მაგრამ, თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ცივილიზებულ, სათანამშრომლო ვითარებაში არ გადასულიყო პროცესი. ამის მიზეზი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს _ თქვენს გუნდს თქვენ გარშემო მხოლოდ თქვენ მიერვე გაზვიადებული საფრთხის განცდით აკავებთ და აშანტაჟებთ. თქვენი ამოცანაა, თქვენი გუნდის ცალკეული წევრების დანაშაულზე მთელ გუნდს ააღებინოთ პასუხისმგებლობა და ამით „შეადუღაბოთ“ თქვენი რიგები.
მაგრამ, ყველაფერს აქვს დასასრული. ჩვენ მიერ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილება პარლამენტში მარტის ბოლომდე დადგება კენჭისყრაზე. ეს კენჭისყრა კი, უკვე ნამდვილად იქნება წყალგამყოფი. გნებავთ, ულტიმატუმად მონათლეთ ჩემი სიტყვები და გნებავთ, _ პოლიტიკურ დიდსულოვნებად, მაგრამ სრულიად ცალსახად ვაცხადებ: ვინც ეთანხმება ამ ცვლილებას, იგი აგრძელებს ქვეყნისთვის სამსახურს, ეძლევა შეცდომების გამოსწორების და უკეთესი პოლიტიკური მომავლის შანსი. ვინც უარს ამბობს ამ ცვლილებაზე, იგი იღებს სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც 9 წლის განმავლობაში ნებისმიერ თქვენს თანაგუნდელს ჩაუდენია და ამ ტვირთით აგრძელებს ცხოვრებას.
მე კარგად მესმის, რასაც ვამბობ. საკითხი ამგვარად მმართველი კოალიციის შიგნითაც კი არასოდეს დამიყენებია და არ გამომიცხადებია ე.წ. სავალდებულო კენჭისყრა, მაგრამ ახლა საქმე რომელიმე „საკითხს“ არ ეხება. კონსტიტუციური ცვლილებები ეპოქალურ თემას დაუკავშირდა: წინ, მომავლისკენ თუ უკან – წარსულისკენ. ამიტომ ვერ მივიღებ ვერანაირ „კი, მაგრამ“-ს და „დღეს არა, ხვალე“-ს.
რა ელით მათ, ვინც წარსულს აირჩევს? _ განსაკუთრებული არაფერი, გარდა საზოგადოების სათანადო შეფასებისა.
რა ელით მათ, ვინც მომავალს აირჩევს? _ ასევე, განსაკუთრებული არაფერი, გარდა საზოგადოების სათანადო დაფასებისა.
პირადად მე, სანამ პოლიტიკაში ვარ, მაქსიმალურად შევიკავებ თავს საკუთარი შეფასებებისგან, მაგრამ როდესაც კვლავ საზოგადოების რიგითი წევრი გავხდები (არცთუ შორეულ მომავალში), ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ საზოგადოებას არც ვინმეს შეფასება გადაავიწყდეს და არც _ დაფასება.
რაც შეეხება კანონს, იგი ყველასთვის კანონად დარჩება: თქვენგან გათავისუფლებული სასამართლო უდანაშაულოს თავისუფლების გარანტიას მისცემს, ხოლო დამნაშავეს _ სასჯელს.
პირადად თქვენც გთავაზობთ ბოლო წინადადებას: უახლოეს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადეთ, უარს ამბობთ თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერთ თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას. თქვენი წინმსწრები მკაფიო პასუხი კი იმიტომ არის საჭირო, რომ პოსტფაქტუმ არ დაიწყოთ ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენც მხარს უჭერდით ამ ცვლილებას, ისევე, როგორც დღეს ამტკიცებთ, თითქოს პრემიერის სავარძელში გადაჯდომაზე არც არასოდეს გიოცნებიათ”.
მოკლედ, წამზომი ჩართულია _ სააკაშვილის გარშემო წრე ძალიან ვიწროვდება...