„ბოკერიას ვურჩევდი, არჩევნების დროს ჩემთან რაც წააგო, ის ჩააბაროს და შემდეგ გავაკეთებ მასზე რადიკალურ განცხადებებს“

„ბოკერიას ვურჩევდი, არჩევნების დროს ჩემთან რაც წააგო, ის ჩააბაროს და შემდეგ გავაკეთებ მასზე რადიკალურ განცხადებებს“

„ევროპული საქართველო“ მარტივ მამრავლებად დაიშალა. პარტიის აწ უკვე ყოფილმა ლიდერებმა, წასვლის შესახებ განცხადება სოციალური ქსელით ერთმანეთის მიყოლებით  გამოაქვეყნეს.

დავით ბაქრაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უარს ამბობს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობასა და პარტიის წევრობაზე. ფეისბუქის პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა გიგი უგულავამ, რომელმაც დაწერა, რომ „გიგა ბოკერიასთან ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა“. „ევროპული საქართველო“ ასევე დატოვეს გოკა გაბაშვილმა, გივი თარგამაძემ და ლევან თარხნიშვილმაც. თარგამაძემ წასვლის შესახებ განხადებაში აღნიშნა, რომ „ის, რაც მიუღებელი იყო ერთ პარტიაში, მიუღებელი იქნება სხვაშიც“. ლევან თარხნიშვილმა კი განაცხადა, რომ „პარტიის მომავალზე მისი და ზოგიერთების წარმოდგენა ერთმანეთს არ დაემთხვა“.

„ევროპული საქართველოს“ დაშლაზე, მმართველი გუდნის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, for.ge-თან ინტერვიუში ამბობს, რომ „ევროპული საქართველოს“ რეიტინგი აღარ აქვს და ახლა ისევ ძველ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუბრუნდა. ირაკლი (დაჩი) ბერაია ოპოზიციური პარტიის ლიდერს, გიგა ბოკერიას ასევე „ნიძლავს“ ახსენებს, რომელიც მოუგო და ე.წ. „თავანის“ ჩაბარებას ელოდება.

ირაკლი (დაჩი) ბერაია: „ევროპული საქართველო“, როგორც პარტია, აღარ არსებობს. „წასულებზე ან კარგს ამბობენ ან - არაფერს“ -  მე კი, მათზე პოზიტიურად ვერ ვილაპარაკებ.

თქვენი აზრით, რამ გამოიწვია დაპირისპირება გიგი უგულავას, დავით ბაქრაძესა და გიგა ბოკერიას შორის?

- „ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არც არასოდეს გამოყოფილა. „ნაცმოძრაობის“ ნაწილი იყო, არის და იქნება. ამასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, უთანხმოება აქვთ. თანამდებობის განაწილების პრობლემა შეექმნათ. ამის ვარაუდი არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ, მტკიცებას ვერ დავიწყებ. თუმცა, დაამტკიცეს, რომ მოჩვენებით გამოყოფა იყო და ეს დაასრულეს. უგულავა და ბაქრაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუბრუნდნენ, რომლის ნაწილიც ყოველთვის იყვნენ. აქამდე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ, თითქოს გამოეყვნენ, ფსევდოკონსტრუქციული ძალის მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ ბოლო არჩევნებში იმ სპექტაკლის გათამაშება ვერ შეძლეს, რომელიც დაგეგმილი ჰქონდათ. შესაბამისად, მათ მიზანი აღარ აქვთ და დაიშალნენ, როგორც მოსალოდნელი იყო.

როგორ ფიქრობთ, გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის წარმოიქმნა დაპირისპირება და ამან გამოიწვია გიგი უგულავას, დავით ბაქრაძის და სხვა ლიდერების პარტიიდან წასვლა?

- სიმართლე გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა სამზარეულოში რა ხდება, არ მაინტერესებს. იქ ვინ ვის დაუპირისპირდა და ვინ რა ქნა, არ მაინტერესებს. მათ ერთი წარსული აქვთ, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდათ. მათი წარსული კი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც წამებისა და დაშინების დრო. „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ამ პროცესის თანამონაწილეები იყვნენ. ახლა რას ვერ ინაწილებენ, ან რას ვერ იყოფენ, ეს საინტერესო არაა, როგორც ჩემთვის, არც საზოგადოებისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელი წარსული არავის აინტერესებს. „ევროპული საქართველოს“ ლიდერები გამოიყვნენ იმისთვის, რომ არჩევნებისთვის რაღაც ხმები მოეგროვებინათ, თუმცა ეს უშედეგოდ დასრულდა. ეს სპექტაკლი თავიდანვე განწირული იყო. საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურდათ, რაც ვერ მოახერხეს. დღეს მივიღეთ ის შედეგი, რომ მათ რეიტინგი არ აქვთ. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მათ არსებობას აზრი აღარ აქვს, ვინაიდან, დამატებით, ხმების მობილიზება ვერ მოახერხეს და მარტივ მამრავლებად დაიშალნენ.

შეიძლება ითქვას, რომ გიგა ბოკრია და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს ვერ ეწყობიან?

- გიგა ბოკერიაზე საუბრის სურვილი არ მაქვს. ბოკერიას ვურჩევდი, არჩევნების დროს ჩემთან რაც წააგო, ის ჩააბაროს და შემდეგ გადადგას სხვა ნაბიჯები. ამის შემდგე გავაკეთებ მასზე რადიკალურ განცხადებებს.

როდის დადენთ ნაძლევი და რა წააგო?

- არჩევნების შედეგებზე დავნიძლავდით. მას მოლოდინი ჰქონდა, რომ ხობის მუნიციპალიტეტში 40%-ზე მეტს ვერ ავიღებდით, მაგრამ ჩვენ 52%-ზე მეტი ავიღეთ. შესაბამისად, ის დამარცხდა. თუმცა, არ ცდილობს, რომ ჩამაბაროს რაც წააგო.

რაზე დანიძლავდით, რა აქვს გიგა ბოკერიას თქვენთან ჩასაბარებელი?

- დიდი არაფერი, თანხობრივად დიდი მოცულობის არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, არ სურს, რომ წაგებული ჩააბაროს. თუ ჩააბარებს, ვრცლად შემდეგ ვისაუბროთ. დღეს, სურვილი არ მაქვს, რომ ბოკერიაზე ბევრი ვისაუბრო.

„ევროპული საქართველოს“ დაშლა მოლაპარაკებებს, რომელიც მედიატორის ჩართულობით იმართება, რამდენად შეუშლის ხელს?

- არასდროს მქონია შეგრძნება, რომ მათ მოლაპარაკების დასრულება და რაც მთავარია, შეთანხმება სურდათ. მათი მიზანი მოლაპარაკებები არაა. მეტსაც გეტყვით, მათი მიზანი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაც არაა. მათი მიზანია რევოლუციური სცენარის შექმნა და რაღაცნაირად ხელისუფლებაში დაბრუნების გზით ძალაუფლების მოპოვება. არც მოლაპარაკება, არც ქვეყნის ბედ-იღბალი არ აინტერესებთ. მათ არც ერთი სცენარი არ აინტერესებთ, რომლითაც შეიძლება მოლაპარაკებები დასრულდეს. სწორედ, ამიტომ ცდილობენ დესტრუქციის შექმნას, რათა რევოლუციამდე მივიდნენ. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი, საზოგადოება შემიძლია დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში რევოლუცია არ მოხდება. ჩვენ კოსტიტუციური სახელმწიფო ვართ და ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ კონსტიტუციით არის შესაძლებელი. რაც შეეხება მათ სურვილებსა და სცენარებს, ეს არის იმთავითვე განწირული. ასევე, მათ კარგად იციან, რომ საზოგადოების მხრიდან ნდობა დაკარგული აქვთ და ასეთი სცენარით არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ.

ცნობილია, რომ უგულავა-ბაქრაძე ნიკა მელიას დაპატიმრების მომხრეები არ იყვნენ. როგორ ფიქრობთ, მათი გიგა ბოკერიასთან დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი ნიკა მელიას პატიმრობაც ხომ არაა?

- მერწმუნეთ, მათ არც ნიკა მელიას, არც ჩვენი ქვეყნის და არც საქართველოს მოსახლეობის ბედ-იღბალი არ აინტერესებთ. მათი ერთადერთი მიზანია, რომ ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში და ეს მოახდინონ ხელისუფლებაში მოსვლის გზით. ამის გარდა, მათ სხვა სურილი არ აქვთ. ისინი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ დგამენ ნაბიჯებს, არ ფიქრობენ მოსახლეობის ხვალინდელ დღეზე და სულ არ ადარდებთ, ნიკა მელია საპატიმროში იქნება, თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვლთან არის გარიგებული და „ევროპულ საქართველოში“ დაპირისპირებისა და გაყოფის მიზეზად ესეც იქცა...

- მსგავსი ეჭვი არ მაქვს, რომ მათ შორის რაიმე კავშრი არსებობს.