"არჩილ კბილაშვილი დღეს არის ევროპული დონის პროკურორი"

"ძალიან კარგი ტემპებით მიმდინარეობს სამართლიანობის აღდგენა. შეიძლება, ბევრი ადამიანი დღეს არის სისხლს და ვინმეს დასჯას მოწყურებული, ეს ჩემთვის გასაგებია, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან ბევრი რამ იწვნიეს, ისევე, როგორც მე და სხვა ბევრმა ადამიანმა. მაგრამ სამართლიანობის აღდგენა არ გულისხმობს მარტო ვინმეს დაჭერასა და დაპატიმრებას და მათ დილეგებში ჩასმას. მე ვფიქრობ, რომ სამართლიანობის აღდგენა, პირველ რიგში, არის ის, რაც დღეს ხდება", - აცხადებს "ეროვნულების" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "სააკაშვილი ადეიშვილს პანღურებს ურტყამდა".

"ჩვენი პროკურატურა, ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ემსგავსებიან ევროპული ტიპის სამართალდამცავ ორგანოებს. სწორედაც ევროპაში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა ის, რომ ადამიანებს აპატიმრებენ მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. იქ ეკონომიკური სახის თუ სხვა შედარებით მსუბუქ დანაშაულზე პროკურატურა არ ითხოვს დაპატიმრებას. მე ამას პროკურატურის მინუსად არ ვთვლი, პირიქით, პროკურატურის პლუსად ვთვლი და ვფიქრობ, რომ არჩილ კბილაშვილი დღეს არის ევროპული დონის პროკურორი. ამას ვაცხადებ თამამად", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო ბრეგაძე.

"სასამართლო აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ყველა მოსამართლეზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მოსამართლეების 80% უნდა წავიდეს არა მარტო სასამართლო სისტემიდან, არამედ იურისპრუდენციიდან და უნდა მოვიდნენ მართლაც დამოუკიდებელი მოსამართლეები, რომლებიც დასავლურ ღირებულებებზე დაყრდნობილი სასამართლოს პრინციპებით ჰუმანურები იქნებიან, რომლებიც იმაზე კი არ იქნებიან ორიენტირებული, რომ ადამიანები დილეგში ჩააგდონ და შემდგომში პატიმრობა შეუფარდონ, არამედ ისინი მოწადინებული უნდა იყვნენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს საპყრობილეში, თუმცა, სანამ იქნებიან არევაძე, ჩემია, კუბლაშვილი, რომლებიც დამნაშავეები არიან, მანამ სასამართლოს არაფერი ეშველება", - განაგრძობს რესპონდენტი.

"კუბლაშვილი და ახალაია ერთი დანაშაულებრივი სისტემის ორი შემადგენელი ნაწილია. კუბლაშვილი ემორჩილება მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილს და გააკეთებს იმას, რასაც სააკაშვილი უბრძანებს. მე მახსოვს კუბლაშვილი, როდესაც სააკაშვილი იყო იუსტიციის მინისტრი, ის მისი მოადგილე იყო. სინამდვილეში კი ის იყო სააკაშვილის ხელის ბიჭი. მე ხომ ვაკვირდებოდი, მაშინ პარლამენტის დეპუტატი ვიყავი. სააკაშვილს მეგობრები, ძმაკაცები არ ჰყავს. მას ჰყავს მონები. თქვენ რა გგონიათ, ან ადეიშვილი იყო სააკაშვილის მეგობარი? ადეიშვილი იყო სააკაშვილის მონა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, პარლამენტის ფოიეში როგორ ურტყამდა სააკაშვილი პანღურებს ადეიშვილს. სააკაშვილს არ ჰყავს მეგობრები, მას ჰყავს მონები, რომლებიც მის ყველა ნება-სურვილს ასრულებენ", - დასძენს სანდრო ბრეგაძე.