გასულ კვირას თბილისის მერს, გიგი უგულავას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალდება წაუყენა. სააკაშვილის რეჟიმის თავკაცების გასამართლების შესაძლებლობა, რომელიც ადრე, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ბუნდოვან პერსპექტივასთან დაკავშირებულ აბსტრაქციად განიხილებოდა, სავსებით რეალური და ხელშესახები გახდა. ეს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ნიუანსია. შეიძლება ითქვას, რომ გადაილახა რუბიკონი და დაიწყო პროცესი, რომლის შეჩერება საკმაოდ რთული იქნება. რა გავლენას მოახდენს «უგულავას საქმე» ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოების განწყობაზე?
რა უნდოდა წვენებში?
ბრალდება, რომელიც უგულავას წაუყენეს, ორ ეპიზოდს მოიცავს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ, ფაქტობრივად, გახსნილია «ტელეკომპანია «იმედის» ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და უტყუარად დადასტურებულია, რომ მისი განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სწორედ გიორგი უგულავა იყო. კერძოდ, 2008 წლის მდგომარეობით, შპს «ტელეიმედის» საკონტროლო წილის მფლობელი ჯოზეფ კეი იყო, რომელსაც იმ დროისთვის ტელეკომპანიის ფუნქციონირებისთვის დახარჯული ჰქონდა 10 მლნ აშშ დოლარი. ხელისუფლების სახელით ჯოზეფ კეის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი შეხვდა და პირდაპირი მუქარით დაიყოლია «ტელეიმედის» დათმობაზე, ერთადერთი პირობით, რომ მას გიორგი უგულავა აუნაზრაურებდა მის მიერ გაწეული 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ხარჯებს. გიორგი უგულავას მითითებით, ჯოზეფ კეიმ თავისი წილი გადასცა დავით კეზერაშვილის კონტროლს დაქვემდებარებულ, პანამაში რეგისტრირებულ კომპანია «ბორდექს ლიმიტედ»-ს, ხოლო თანხის გადახდა განხორციელდა შემდეგი გეგმით: გიორგი უგულავა მოელაპარაკა შპს «ახალი რიყის» მესაკუთრეებს, რომ მათ მიერ 2006 წელს 7 მილიონ აშშ დოლარად შეძენილ რიყის ტერიტორიას მერია ვითომდა 17 მილიონ აშშ დოლარად უკან გამოისყიდდა, საიდანაც 10 მილიონი აშშ დოლარი გათვალისწინებული იყო ჯოზეფ კეისთვის გადასაცემათ. ქალაქის მერიამ 2008 წლის 29 დეკემბერს თბილისის მთავრობის სახელით გამოსცა დადგენილება, რომლის საფუძველზეც თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული «ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და განვითარების ფონდიდან», რიყის ტერიტორიის უკან გამოსყიდვის მიზნით, შპს «ახალ რიყეს» გადაერიცხა 17 მილიონი აშშ დოლარი. ამის შემდეგ შპს «ახალი რიყეს» ხელმძღვანელობასა და ჯოზეფ კეის კომპანია «ლეიქბროუ ლიმიტედს»-ს შორის გაფორმდა ფიქტიური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს «ახალი რიყეს» საბანკო ანგარიშიდან ჯოზეფ კეის კომპანიას ჩაერიცხა 8 811 189 აშშ დოლარი, ანუ ტელეკომპანია «იმედი» მისაკუთრებული იქნა ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისებისა და შემდგომი გათეთრების გზით».
საინტერესოა, რომ ამ საქმეში მიხეილ სააკაშვილიც ფიგურირებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ამონარიდი ჯოზეფ ქეის ჩვენებიდან, სადაც ის სააკაშვილზე შემდეგს ამბობს: «მან ტელეფონში მითხრა, რომ ტელევიზია უნდა დამეთმო: ჩათვალე, რომ მე მაძლევ «ტელეიმედს», გონივრულად თუ მოიქცევი, ჩვენი მეგობრობა ამის შემდგომაც გაგრძელდება. უბრალოდ, ტელევიზია უნდა მომცე მე და კეზერა, რასაც გეტყვის, დაუჯერე. ჩათვალე, ეგ რასაც გეუბნება, გეუბნები მე, და ტელეფონი გამითიშა».
რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, რომელსაც ერთმა ენამოსწრებულმა ადვოკატმა «სათადარიგო» უწოდა, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმე ეხება «საბიუჯეტო თანხების გამოყენებით პოლიტიკური პარტია «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» საქმიანობის თვალთმაქცურ დაფინანსებას, რომლის ორგანიზატორი ასევე გიორგი უგულავა იყო. კერძოდ, მისი დავალებით 2009 წლის 31 დეკემბერს შპს «თბილსერვის ჯგუფ»-ში, «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» აქტივისტებისთვის ფულის დარიგების მიზნით, სპეციალურად შეიქმნა «საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება», სადაც ფიქტიურად გაფორმდა 764 აქტივისტი _ ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავნია და ეწეოდა პარტიულ საქმიანობას, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 4 130 728 ლარი დაერიცხათ».
თუ რამდენად დამაჯერებელია მტკიცებულებები, რომელთაც ეს მძიმე ბრალდებები ეფუძნება, საბოლოოდ სასამართლო დაადგენს. ის, რომ მან არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, არ ნიშნავს, რომ განაჩენიც გამამართლებელი იქნება, როგორც არაერთმა მოქალაქემ ჩათვალა. ისე, თუ მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ამ პროცესის დროს ვერ ივარგებს, «ქართული ოცნების» ისედაც გაღიზიანებული მხარდამჭერები მას, სავარაუდოდ, ღიად დაუპირისპირდებიან. ჯერჯერობით კი, ალბათ, მიზანშეწონილია დაფიქრება იმაზე, შეძლებს თუ არა «ნაცმოძრაობა», ეს საქმე ე. წ. პოლიტიკური დევნის კამპანიის ნაწილად წარმოაჩინოს და დასავლეთში გულშემატკივრები დარაზმოს.
ეს, სავარაუდოდ, არც ისე იოლი იქნება, რადგან საუბარი ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას შეეხება, თანაც იმ კომპანიის, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილის პოლიციამ დაარბია და ეს კადრები მთელმა მსოფლიომ ნახა. ყველასათვის ცნობილია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას «იმედი» ლატარეაში არ მოუგია და კომბინაცია, რომლის შემდეგ მას დაეპატრონა, როგორც მინიმუმი, ბუნდოვანი იყო; ამას ემატება ბრალდება ბიუჯეტში ხელის ფათურთან დაკავშირებით. ამის გათვალისწინებით, სააკაშვილის ძველი პარტნიორებისთვის დასავლეთში შედარებით რთული იქნება იმის მტკიცება, რომ გამოძიებისა და სასამართლოს მოქმედების უკან პოლიტიკური მოტივები დგას. აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტ მომენტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა და, სავარაუდოდ, მზად იყო, დაინტერესებული პირებისთვის, ასე ვთქვათ, «რეალურ დროში» დამატებითი განმარტებები მიეცა.
რა თქმა უნდა, შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგალითად, ჯოზეფ ქეიმ ჩვენება შეცვალოს ან საქმეში ახალი, უგულავასთვის პოზიტიური გარემოებები გამოიკვეთოს, მაგრამ ამ ეტაპზე «ნაციონალების» პროპაგანდისთვის (შეიძლება პარადოქსულად გაიჟღეროს, მაგრამ ასეა) უფრო პერსპექტიულად ბაჩო ახალაიას და ზოგიერთი სხვა ყოფილი მაღალჩინოსნის საქმე გამოიყურება.
გამოძიება მიხეილ სააკაშვილთან ძალიან ახლოს მივიდა. გამორიცხული არაა, იგივე სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც მოხდეს. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, რას იტყვიან მოწმეები და ამ კონტექსტში, ალბათ, მიზანშეწონილია, დავუბრუნდეთ ჩაშლილ (თუ შეჩერებულ; სრული სიცხადე ამასთან დაკავშირებით არ არსებობს) მოლაპარაკებებს «ქართულ ოცნებასა» და «ნაციონალურ მოძრაობას» შორის; ხომ არ იჩქარა სააკაშვილის ჯგუფმა და ხომ არ დაამძიმა საკუთარი პერსპექტივა, როდესაც მმართველ პარტიას კომპრომისულ წინადადებებზე ხელი აუკრა?
სავაჭრო დახლი _ ეშაფოტზე
აშშ-ის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი, სავსებით მართალია, როდესაც ამბობს, რომ მხარეებმა სადავო საკითხების 90% შეათამნხმეს, თუმცა, ალბათ, ისიც უნდა ითქვას, რომ დარჩენილ 10%-ს საკვანძო, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ხელშეუხებლობა, ერთგვარი იმუნიტეტი სამართლებრივი დევნისგან, «ნაციონალებისთვის», სავარაუდოდ, მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, «ნაციონალებმა» მოითხოვეს «უპირობო და სრული ამნისტია ყველა საჯარო მოხელისთვის (პრეზიდენტიდან მუნიციპალიტეტის რიგით თანამშრომლამდე) 2012 წლის 1 ნოემბრამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის, გარდა ძალადობრივი, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებებისა». ის, რომ მათ სცადეს ამ საკითხის მიბმა პოლიტიკურ დიალოგზე საკონსტიტუციო ცვილებებთან დაკავშირებით, თავისთავად სიმპტომატურია. ამის საპასუხოდ, ახალმა ხელისუფლებამ 17 თებერვალს «ნაციონალებს» შესთავაზა უპირობო და სრული ამნისტია საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებისთვის 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის (გარდა ძალადობრივისა და ა. შ.), და ნაწილობრივი ამნისტია მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის, რომლის მიხედვითაც ისინი გათავისუფლდებოდნენ სისხლის სამართლებრივი სასჯელისგან დანაშაულის აღიარებისა და 5 წლამდე ვადით საჯარო სამსახურში ყოფნის აკრძალვის პირობით (პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, სამინისტროების მსხვილი სტრუქტურების ხელმძღვანელები, გუბერნატორები, გამგებლები, მათი მოადგილეები, იუსტიციის საბჭოსა და სხვა მსგავსი ცენტრალური სტრუქტურების წევრები, საკრებულოების თანამდებობის პირები, მოსამართლეები, პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირები და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონით განსაზღვრული სხვა თანამდებობის პირები). მაგრამ «ნაციონალებმა» მოითხოვეს სრული და უპირობო ამნისტია ყველასთვის, გარდა პრეზიდენტისა, მინისტრებისა და პარლამენტის წევრებისა, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის (გარდა ძალადობრივი და ა.შ.) და განაცხადეს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტაზე კონსტიტუციის შეცვლას არ დათანხმდებიან (ყველა დანარჩენ საკითხზე მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიეს).
ჩვენ ვხედავთ, რომ განხეთქილების ვაშლად იქცნენ მაღალი რანგის თანამდებობის პირები (მინისტრის მოადგილეები და სხვ.), სწორედ ეს ადამიანები წარმოადგენენ ხოლმე დამაკავშირებელ რგოლს დანაშაულებრივი ბრძანების გამცემსა და მის უშუალო შემსრულებელს შორის და, თეორიულად, შეიძლება იქცნენ მოწმეებად, რომლებიც თავიანთი ჩვენებებით ხელისუფლების უმაღლესი პირების ბრალეულობას დაადასტურებენ. მათთვის ნებისმიერი სახის იმუნიტეტის მინიჭება სააკაშვილის და მისი ახლო გარემოცვის ბრალეულობის დამტკიცებას მნიშვნელოვნად გაართულებს (ისევ და ისევ თეორიულად; ჩვენ უდანაშაულობის პრეზუმპციიდან უნდა ამოვიდეთ).
მიხეილ სააკაშვილი უარყოფს იმას რომ მოლაპარაკებებზე «ნაციონალები» ხელშეუხებლობის გარანტიას ითხოვდნენ და ამბობს, რომ სიტყვა «ამნისტია» მისთვის შეურაცხმყოფელია. «ერთადერთი, რასაც ჩვენ ვამბობთ, არის ის, რომ შეწყდეს მასშტაბური პოლიტიკური დევნა ათი ათასობით ადამიანისა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში უანგაროდ ემსახურებოდა ქართული სახელმწიფოს შექმნას», _ განაცხადა სააკაშვილმა. როგორც მოგვიანებით «ნაცმოძრაობის» ლიდერების (მაგალითად, გიორგი ვაშაძის) თანმდევი კომენტარებიდან გაირკვა, «დევნაში» იგულისხმებოდა არა დაპატიმრება, გასამართლება და ა. შ. (ათი ათასობით ადამიანი არავის დაუპატიმრებია), არამედ დაკითხვაზე დაბარება (მაგალითად, «თბილსერვის ჯგუფის» ამბებთან დაკავშირებით).
ეს რაღაც ახალია სამართლის ისტორიაში; გაუგებარია, როდის აქეთ გახდა დემოკრატიულ (ან თუნდაც ნაწილობრივ დემოკრატიულ) სახელმწიფოში დაკითხვა დევნის ან რეპრესიების ნიშანი, ის ხომ ადამიანს დამნაშავის სტატუსს არ ანიჭებს. იმის მოთხოვნა (შენიღბულად თუ პირდაპირ, მნიშვნელობა არ აქვს), რომ ამა თუ იმ პარტიის წევრებს ჰქონდეთ იმუნიტეტი დაკითხვისგან, კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტოა. ასეთი რამ აზრად გერმანელ ნაცისტებსაც კი არ მოსვლიათ, რომლებსაც საკუთარ პარტიაზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ. ცხადია, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ რიგით «ნაციონალებს» ეშინიათ დაკითხვების და ეს, სავარაუდოდ, იმ მეთოდებიდან მოდის, რომლებიც საგამოძიებო პრაქტიკაში სააკაშვილის რეჟიმმა დანერგა. ალბათ, სასურველია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმას, რომ ამ დაკითხვების დროს ყველა ნორმა და პროცედურა დაცული იქნას, რაც ხელს შეუწყობს შიშის განეიტრალებას და ამ რიგითი (ან «სერჟანტი») «ნაციონალების» ნაყოფიერ თანამშრომლობას გამოძიებასთან, რის სურვილსაც, არაოფიციალური ინფორმაციით, არაერთი მათგანი გამოხატავს.
მოლაპარაკების შეწყვეტის შემდეგ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში შემუშავდება კანონპროექტი, რომელიც ამნისტიას 17 თებერვალს გაჟღერებულ (იხ.ზემოთ) პრინციპებზე დააფუძნებს. მათი ზედაპირული ანალიზიც კი, 99% ალბათობით, მიგვიყვანს დასკვნამდე, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება იქნება მაქსიმალურად ლმობიერი დაბალი და საშუალო რგოლის ჩინოვნიკების მიმართ (ეს არ შეეხება მათ, ვინც ძალადობრივი დანაშაული ჩაიდინა), მაგრამ ამავე დროს ის შექმნის თითქმის იდეალურ პირობებს იმისთვის, რომ უმაღლესი რანგის პირების წინააღმდეგ მაქსიმალური რაოდენობისა და ხარისხის მტკიცებულება შეგროვდეს. ამ კანონის მიღების შემდეგ სააკაშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის მდგომარეობა შეიძლება მნიშვნელოვნად გართულდეს.
დროა, ჩამოვყალიბდეთ
«ნაცამნისტიის კანონის» (პირობითად ასე ვუწოდოთ, ვიდრე ზუსტ სახელწოდებას შევიტყობთ) მიღება «ქართული ოცნების» არაერთ ამომრჩეველს გააღიზიანებს, ვინაიდან ისინი პრინციპულად ეწინააღმდეგებიან მართლმსაჯულების რაიმე სახით შეზღუდვას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ახლო მომავალში რკალი სააკაშვილის რეჟიმის პირველი პირების გარშემო, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შევიწროვდება, ეს მათ ყურადღებას ნაწილობრივ მაინც ამ მიმართულებით გადაიტანს. მაგრამ ეს ადამიანები, მათი განწყობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არ დამშვიდდებიან მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს და მის უახლოეს თანამეინახეებს განსასჯელთა სკამზე არ იხილავენ (მოხდება ეს თუ არა, სხვა საკითხია). მათი განწყობა ქმნის შესაბამის ფსიქოლოგიურ ფონს, რომელიც ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ მნიშვნელოვან, ანგარიშგასაწევ ფაქტორად იქცა.
საინტერესოა, როგორ შეაფასებენ ეს მოქალაქეები იმ პრინციპს, რომელსაც კანონპროექტი ითვალისწინებს _ «პატიება დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ». რამდენად მისაღები იქნება ის მათთვის? აპარტეიდის რეჟიმის დაცემის შემდეგ ეს მიდგომა ფართოდ გამოიყენებოდა სამხრეთ აფრიკაში და ახალმა ხელისუფლებამ აამოქმედა მთელი პროგრამა, რომელიც ემსახურებოდა იმას, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ეს პრინციპი მისაღებად და, საბოლოო ჯამში, საუკეთესოდ ჩათვალოს. ივანიშვილის ხელისუფლებამაც, ალბათ, იგივე უნდა გააკეთოს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა შეიძლება ელემენტარულად ვერ გაუგოს და სამართლიანობის აღდგენის ალტერნატიული გზების ძიება დაიწყოს. სასურველია, ხელისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილე და წინდახედულობა გამოავლინოს. მნიშვნელოვანი დახმარების აღმოჩენა მისთვის ამ საკითხის მოგვარებაში, ალბათ, ეკლესიას შეუძლია.
იურიდიული პრინციპი ერთია, ხოლო მიტევება სულ სხვა, ინდივიდუალური რამ. ზოგი უკვე დღეს თანახმაა, ქვეყნის ყოფილ მმართველებს ყველაფერი აპატიოს, ზოგი კი არავის არაფერს შეუნდობს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიხეილ სააკაშვილი თავის პარტიულ აქტივთან ერთად ფეხშიშველი დაივლის ყველა ადგილს, სადაც კი მისმა რეჟიმმა ადამიანები დახოცა და აწამა, დაიჩოქება და ერს პატიებას სთხოვს. ამ ფაქტორს თითქოსდა პოლიტიკური მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა სწორედ აზრთა მკვეთრი სხვაობა ამ საკითხთან მიმართებაში სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს შორის სამოქალაქო მშვიდობას, ეროვნულ თანხმობას და მათთან დაკავშირებულ ყველა სიკეთეს გვაშორებს. ალბათ, უნდა მოიძებნოს პრინციპი, რომელიც ნაწილობრივ მაინც ყველას დააკმაყოფილებს და ეროვნული კონსენსუსის საფუძველი გახდება.