მსოფლიოშიც და საქართველოშიც შაქრისა და ზეთის ფასი რეკორდებს ამყარებს. პირველი პროდუქტის შემთხვევაში ფასმა პიკს მიაღწია და ახლა ცოტათი კლება დაიწყო, მცენარეული ზეთის ღირებულება კი დაუჯერებელ ნიშნულზეა, თანაც გაძვირება გრძელდება. ამის მიზეზი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციისა და ნედლეულის დეფიციტია.
ლონდონის საფონდო ბირჟის მონაცემებით, ამჟამად ერთი ტონა შაქრის ღირებულება 424 დოლარს შეადგენს, რაც შაქრის ერთი წლის წინანდელ ფასთან შედარებით 25%-ით მეტია. შაქრის საერთაშორისო ფასები კიდევ უფრო მაღალი იყო 2021 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში და ერთი ტონის ღირებულება 450 დოლარსაც შეადგენდა.
შაქარი გაძვირებულია ადგილობრივ სასურსათო ქსელშიც. „საქსტატის“ თანახმად, საქართველოს სავაჭრო ქსელებში 2021 წლის მარტში არსებული შაქრის ფასები 2020 წლის ფასებს 30.1%-ით აღემატება. შესაბამისად, შაქრის ფასების ზრდას ინფლაციაზე ნეგატიური გავლენა აქვს.
2020 წლის განმავლობაში საქართველომ 51.3 მილიონი დოლარის ღირებულების 143,207 ტონა შაქარი შეიძინა. შესაბამისად, გასულ წელს საქართველოში იმპორტირებული შაქრის საშუალო ღირებულება 358 დოლარი იყო.
ფაო-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, მარტში გაიზარდა და 118.5 ქულა შეადგინა. იგი წინა თვის მაჩვენებელს 2.1%-ით აღემატება და 2014 წლის შემდეგ, ფასების ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
განსაკუთრებით სავალალო მცენარეულ ზეთის გაძვირების ტენდენცია. ამ პროდუტზე წინა თვეში ფასი 8%-ით გაიზარდა და ამით ფასების ინდექსმა ბოლო 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია.
„3.9%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ღირებულება. მატების მიზეზი, კარაქსა და რძის ფხვნილზე, აზიის ქვეყნების მხრიდან, განსაკუთრებით კი ჩინეთში, გაზრდილი მოთხოვნაა. მზარდ მოთხოვნასთან ერთად, ფასების ცვლილებას ხელი შეუწყო, პროდუქციის მწარმოებელ რეგიონებში: ოკეანეაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში პროდუქტების შემცირებულმა მარაგებმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ზეთის სიძვირის მხრივ რეკორდები მყარდება საქართველოშიც. 1 ლიტრის ღირებულებამ უკვე 8 ლარს მიაღწია. რამ გამოიწვია პროდუქტებზე ფასების გაზრდა და მოსალოდნელია თუ არა კიდე უფრო გაძვირება? კომპანია „ალფას“ ინფორმაციით, მსოფლოში მზესუმზირის დეფიციტია, რამაც მისი ფასი ავტომატურად გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ზეთი „ბარაქა“ ადგილობრივი წარმოებისაა, ის იმპორტირებული ნედლეულით მზადდება და ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის გამო, ნედლეული გაძვირდა.
„ჩვენი კომპანია ზეთ „ბარაქას“ იმპორტირებული პროდუქციით აწარმოებს, ვალუტის კურსის გამო საჭირო ნედლეულის ყიდვა ძვირად გვიწევს, აგრეთვე, ქვეყანაში არის მზესუმზირის დეფიციტი, ამ ყველაფერმა კი გამოიწვია ზეთის გაძვირება.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გაძვირდა სხვა ზეთი, ვფიქრობ, ისინი ძველ ნაშთზე მუშაობენ, როგორც კი ახლიდან დაიწყებენ პროდუქციის წარმოებას, მათი ფასიც გაძვირდება“, - განაცხადა „ალფას“ წარმომადგენელმა ლევან თორაძემ.
მეწარმეების ინფორმაციით, პანდემიას დაემატა მზესუმზირის მოსავლის სიმცირე საქართველოში თუ უცხოურ ბაზრებზე, რამაც საბოლოოდ ზეთის მაღალი ფასი განსაზღვრა. ამ ეტაპზე 1 კგ მზესუმზირის ღირებულება 2,5-3 ლარია, ხოლო 1 ლ კახური ზეთი 10 ლარამდე ღირს.