სავალუტო ფონდმა საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 3.5%-მდე შეამცირა, თუმცა ეს შედეგიც კი საეჭვოა. ეროვნული ბანკის კვლევით, იმ შემთხვევაში, თუ ტურიზმი არ აღდგა, მატება მხოლოდ 1%-იანი იქნება. პროგნოზები სულ უფრო უარესდება. წლის დასაწყისში რიხით გაცემული ავანსები უკვე ვეღარ მართლდება.
მარტისა და შესაბამისად, პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის პირველადი შედეგები 30 აპრილს გამოქვეყნდება, პირველ ორ თვეში ვარდნა 8.3% იყო. თანაც მესამე ლოქდაუნის რიტორიკის ფონზე მოლოდინი უარესდება.
ეკონომიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი აკაკი ცომაია აღნიშნავს, რომ სავალუტო ფონდი, სავარაუდოდ, ზრდის პროგნოზს კიდევ შეამცირებს და გვექნება თუ არა საერთოდ მატება ან გაუთანაბრდება თუ არა ქვეყანა შემოსავლების ოდენობით 2019 წლის დონეს თუნდაც გაისად, იმაზეა დამოკიდებული, გამოცხადება თუ არა მესამე ლოქდაუნი. ხელისუფლებამ მდგომარეობის რაიმე ფორმით გამოსასწორებლად ვაქცინაციის პროგრამა უნდა გააფართოვოს.
პანდემიის დაწყებამდე მთავრობა, როგორც 2020 ასევე 2021 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზად 5%-ს ასახელებდა, რაც განვითარებადი ქვეყნისთვის დაბალია, მაგრამ 2013-16 წლების მაჩვენებელს აღემატება.
იანვარ-თებერვლის შარშანდელი 3.7%-იანი ზრდის ფონზე წელს ეკონომიკა 8.3%-ით შემცირდა. მარტში ვარდნის ტემპის კლება ან მცირედი ზრდაცაა მოსალოდნელი, რადგან, ერთი მხრივ, შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, მეორე მხრივ, 2020 წლის მარტში უკვე 2.7%-იანი ვარდნა დაფიქსირდა და მის ფონზე მცირედი აქტივობაც კი შეიძლება პლუსად ჩაითვალოს.
ეკონომისტი რამაზ გერლიანის აზრით, მესამე ლოქდაუნზე გამუდმებული საუბარი ვითარებას საშინლად ამძიმებს. დიდი ალბათობით ეს იქნება ნახტომისებური უკუსვლა, საიდანაც გამოსვლას ეკონომიკა რეალურად ვეღარ შეძლებს.
ქვეყანა ახალ ლოქდაუნს ვერ გაუძლებს, მით უმეტეს, რომ უკვე კლებაა არათუ 2019 წლის მაჩვენებლებთან, რიგ შემთხვევაში, 2020 წლის მონაცემებთან შედარებითაც, როცა ეკონომიკა მთლიანად ჩაკეტილი იყო.
„დამატებითი შეზღუდვები უაღრესად ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს. ვერც კი შეიძლება აღვწეროთ რა პარამეტრებით დაიხევს უკან ეკონომიკა. წინა ლოქდაუნისას 300-400 ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი, აქედან ბევრმა მოითხოვა და ვერ მიიღო კომპენსაცია. თუკი ისევ დაწესდება შეზღუდვები, ეს უკვე უმუშევრობის დამატებით 7-8%-ით ზრდას ნიშნავს. ცხადია, ვერ გავალთ დადებით ეკონომიკურ მაჩვენებელზე, იქნება რეცესია, მინიმუმ 5%-იანი კლება ელის ეკონომიკას.
შარშან, ამ პერიოდისთვის უკვე გაუარესებული ეკონომიკური მაჩვენებლები იყო. ახლა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შეიძლება ზრდა დაფიქსირდეს, მაგრამ უკვე მეორე კვერტალში ეკონომიკა შემცირდება, შეზღუდვები უაღრესად რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს, თუ მთავრობა ასე გადაწყვეტს“, - განაცხადა გერლიანმა და იმედი გამოთქვა, რომ არ იქნება ისეთი მკაცრი აკრძალვები, როგორიც აქამდე იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეზღუდვით მთავრობა ადგილობრივ წარმოებას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს.
სავალუტო ფონდის განახლებული გლობალური პროგნოზის მიხედვით 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, მათ შორის განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების - 5.1%-ით, განვითარებადი ქვეყნების - 6.7%-ით. რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყნებს, სსფ შეერთებულ შტატებში 6.4%-იან ზრდას ვარაუდობს, გერმანიაში - 3.6%-იანს, ბრიტანეთში - 5.3%-იანს, იაპონიაში - 3.3%-იანს, ჩინეთში - 8.4%-იანს, ხოლო ინდოეთში - 12.5%-იანს.