გრძელდება კამათი პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით. თავად პრეზიდენტი სახელმწიფო დაცვაზე კვლავაც უარს ამბობს, სახელმწიფო კი საკუთარი ვალდებულების შესაბამისად მოქმედებს და მას მაინც უპირებს დაცვას. რამ გამოიწვია ამგვარი ვითარება, რას ემსახურება ყოველივე ეს და რა ვალდებულება აქვს პრეზიდენტს საკუთარი უსაფრთხოების დაცვის კუთხით?
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კვლავაც ძალაშია პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო დაცვაზე ნათქვამი უარი, 28 თებერვალს მისმა ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სოციალურ ქსელში, ფეისბუქში, გამოქვეყნებული განცხადებით:
”იმ იაფფასიანი მანიპულაციების გამო, რომელიც პრემიერის უშუალო მითითებით ხორციელდება, საქართველოს პრეზიდენტი უარს ამბობს დაცვის სამსახურით სარგებლობაზე. საქართველოს პრეზიდენტი აპირებს, რომ გადასაადგილებლად გამოიყენოს პირადი ტრანსპორტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავტოფარეხიდან მათ შეუძლიათ წაიყვანონ დაჯავშნული მანქანები. რაც შეეხება დაცვის თანამშრომლებს, მათ უკვე დაწერილი აქვთ პატაკი სდსს-დან წასვლის შესახებ, ხოლო ბრალდებები იმის თაობაზე, თითქოს მათ არ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა და ამის გამო მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ზომები უნდა იქნეს მიღებული, არის უსამართლო, რადგან ისინი პრეზიდენტის დავალებით მოქმედებდნენ”.
ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თუ რა იგულისხმება ”პირად ტრანსპორტში” - დედის კუთვნილი ავტომობილი, რომლის შესაძლო გამოყენებაზეც მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდეც გასული წლის დეკემბერში ლაპარაკობდა, თუ ელექტრომობილი, რომლითაც ის, მეუღლესთან ერთად, 27 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამოცხადდა ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანისკენ გასამგზავრებლად.
”აი, სანდრა მიცავს, რა პრობლემაა”, - უთხრა იმ დღეს მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს და იქვე დააკონკრეტა, რომ უკვე ერთი კვირაა, რაც ის დაცვის გარეშე დადის:
„ჩვენ ვერავინ და ვერაფერი ვერ შეგვიშლის ხელს გადაადგილებაში, ვერავინ ვერ შემიშლის ხელს ადამიანებთან შეხვედრაში და ჩემი ფუნქციების შესრულებაში. ვფიქრობ, ამ ვითარების ზედმეტი დრამატიზაცია და სპეკულაცია საერთოდ არ არის საჭირო”.
პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო დაცვით სარგებლობაზე ნათქვამი უარი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს უკავშირდება. თუკი ეს სამსახური ადრე პრეზიდენტის პირად დაქვემდებარებაში შედიოდა, 18 იანვარს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ის მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა. თუმცა კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უნდა გამოეყოს საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური, რომელიც პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში გადავა.
”ეს სამსახური გაიყო ორად. ერთი ნაწილი, რომელიც ყველა სხვის დაცვას უზრუნველყოფს, არის მთავრობის დაქვემდებარებაში და, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრმა დანიშნა ხელმძღვანელი; ხოლო მეორე ნაწილი - ეს არის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში და ხელმძღვანელიც მას შეუძლია დანიშნოს და ყველა რიგითი თანამშრომელიც მას შეუძლია შეარჩიოს. რა არის აქ გაუგებარი და სასკანდალო?!”, - განუმარტა 27 თებერვალს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ”ცოტა ხანში უფრო მეტი დისკომფორტი ექნება პრეზიდენტს, რადგანაც ცოტა სხვა წესით მოუწევს ცხოვრება”, მაგრამ ”მთავარია, პრეზიდენტის უსაფრთხოების სტანდარტი არ იყოს მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტზე დაბალი და მთავრობის შეთავაზებაც სწორედ ასეთი იყო”.
უწინ წლიურად გამოყოფილი 47 მილიონი ლარის მაგივრად, სახელმწიფო ბიუჯეტი ამჯერად პოსტზე დარჩენილ თვეებში პრეზიდენტს ამ მიზნით მხოლოდ 7 მილიონი ლარის გამოყოფას სთავაზობს. შემცირების მიუხედავად, თანხა საკმაოდ სოლიდურია, - ამბობს ჩვენთან საუბრისას ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი:
”თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არის თვეში მილიონი ლარი, ანუ დღეში 33 ათას ლარზე მეტი. ეს გათვლილია დაახლოებით 350 კაცზე... და ეს გაცილებით მეტია, ვიდრე საფრანგეთის პრეზიდენტის, პირადად პრეზიდენტისა და მისი ოჯახის დაცვა”.
ბესიკ ალადაშვილი არ იზიარებს პრეზიდენტის აზრს, თითქოს სახიფათო არ იყოს მისთვის ხალხში დაცვის გარეშე გასვლა. უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ფიქრობს, რომ დაცვის აუცილებლობა 8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის წინ განვითარებულმა მოვლენებმაც ცხადყო. მას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის მოქმედებებს ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური ფესვები აქვს და ყველაფერი პიარსვლაზეა გათვლილი.
სურს თუ არა პრეზიდენტს დაცვა, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ის, - ამბობს ჩვენთან საუბარში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ეკა ხუციშვილი. თუმცა ის ფიქრობს, რომ თავის გაფრთხილების ვალდებულება პრეზიდენტსაც აკისრია და რომ მან სურვილები გვერდზე უნდა გადადოს:
”მის ნებაზე არ არის დამოკიდებული, რადგანაც ის პრეზიდენტია... ეს ამოცანა პირადად ამ ადამიანის კეთილდღეობის გამო კი არ სრულდება, არამედ სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან არის პირდაპირ დაკავშირებული სახელმწიფოს მეთაურის უსაფრთხოება.”
პრეზიდენტის უარის მიუხედავად, სახელმწიფო მის დაცვას მაინც რომ უზრუნველყოფს, ამას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ 27 თებერვალს გამოქვეყნებული განცხადებაც ადასტურებს. ტექსტში ვკითხულობთ, რომ კანონის შესაბამისი ცვლილებების მიუხედავად, პრეზიდენტის დაცვის პროცესი არ შეწყვეტილა და რომ ”სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ამჟამად ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს პრეზიდენტის დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფას და სამსახური იღებს ვალდებულებას განახორციელოს პრეზიდენტის დაცვა, პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის ჩამოყალიბებამდე. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი უარს იტყვის სპეციალურ დაცვაზე, მისი დაცვის ვალდებულება ავტომატურად ეკისრება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს”.
27 თებერვლის განცხადებას 28 თებერვალს ახალი განცხადება მოჰყვა. ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ტექსტი ასეთია:
”სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მოქმედებს მკაცრად განსაზღვრული ვალდებულების მიხედვით და არ შედის არანაირ პოლიტიკურ დისკუსიაში. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, განვახორციელოთ კანონით დაკისრებული ვალდებულებები და უზრუნველვყოთ პრეზიდენტის უსაფრთხოება. კანონის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს დაცული”.