საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობასა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სხვა აქტუალურ საკითხებზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე გვესაუბრება.
- ბატონო არჩილ, კმაყოფილი ხართ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ამჟამინდელი დონით, რას მიიჩნევთ მის სუსტ წერტილად?
- მას შემდეგ, რაც 1992 წელს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა სულ უფრო მჭიდრო და ინტენსიური ხდება. ამ თვალსაზრისით, ახალ ეტაპზე გადასვლა იყო 2009 წელს სახელმწიფოებს შორის გაფორმებული "სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია", რის შედეგადაც ორმხრივი ურთიერთობა ინსტიტუციურ ჩარჩოში მოექცა. მის ფარგლებში მოხაზულია კონტურები, რა ძირითადი მიმართულებითაც უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა; უახლოეს მომავალში ქარტიაში ასახული ყველა მიმართულება კონკრეტულ პროექტებად, პროგრამებად უნდა იქცეს. სუსტი წერტილი არა, მაგრამ ერთგვარი სირთულე, რაც ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას შეიძლება ახლდეს, არის ის არასახარბიელო ფონი, რომელიც შეიქმნა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, როცა ყოფილი ოპოზიციური და დღევანდელი სახელისუფლებო პოლიტიკური ძალა, მედიის ნაწილისა და ოპონენტების მიერ წარმოჩენილი იყო, როგორც პოტენციურად ანტიდასავლური და უფრო პრორუსული. ეს ჯერ კიდევ შეინიშნება ვაშინგტონის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ზოგიერთ სეგმენტში და ამ მიმართულებით უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო, ეს სტერეოტიპი რომ გაქარწყლდეს; საჭიროა მკაფიოდ იქნას განმარტებული ქვეყნის საგარეო კურსის პრიორიტეტები და, შედეგად, ახალი ხელისუფლების მიმართ ვაშინგტონში დამკვიდრდეს სანდო პარტნიორის, სტრატეგიული მოკავშირის იმიჯი.
- ამერიკელ კონგრესმენთა ერთმა ჯგუფმა სახელმწიფო მდივან ჯონ კერის მიმართა წერილით, რომელშიც საქართველოში პოლიტიკურ კრიზისზეა ლაპარაკი.
- ხსენებული წერილი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ახალი ხელისუფლება ჯერ კიდევ განიხილება "მოსკოვთან კავშირების" მქონედ, რაც წერილის ავტორების მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასების ობიექტურობაზე გავლენას ახდენს. ჩვენი მეგობრების ამგვარი განცდა სრულიად გასაგებია და ასეთ ვითარებაში საელჩო უნდა ეცადოს, გაავრცელოს ჭეშმარიტად ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
- მიხეილ სააკაშვილმა ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც დაიქირავა აშშ-ში ლობისტური კომპანიები, მათ შორის "ითაკა გრუპი". როგორ აფასებთ ამ მოვლენას?
- ლობისტური კომპანიის დაქირავების უფლება პრეზიდენტს აქვს, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს სახელმწიფო სახსრების გამოყენებით. როგორც გაირკვა, წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი ძალა, პრეზიდენტის თანხმობით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ იყენებდა საბიუჯეტო სახსრებს. თვითონ ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი თავს ოპოზიციონერად განიხილავს, გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ მის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიები ამჯერადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოზიციიდან ნაკარნახევი გზავნილების გამავრცელებლები იქნებიან.
- გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამაც გააფორმა ხელშეკრულებები ლობისტურ კომპანიებთან.
- ჯერ ადრეა ამ ლობისტური კომპანიების საქმიანობის შეფასება. ეს საკმაოდ გამოცდილი და მაღალი რეპუტაციის კომპანიებია. ნებისმიერ შემთხვევაში ლობისტურ კომპანიას ზურგს უნდა უმაგრებდეს ქვეყანაში განვითარებული ჯანსაღი პროცესები, კონკრეტული შედეგები, წარმატებები სხვადასხვა სფეროში წარმოებულ რეფორმებში. ამ მიმართულებით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, რაც ლობისტურ კომპანიებს საქმიანობაში ხელს შეუწყობს.
- რით ახსნით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, 24 პროცენტით შეუმციროს დახმარება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს. აღსანიშნავია, რომ დახმარება ყველა სფეროში მცირდება, გარდა სამხედროსი.
- ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი ეკონომიკური კრიზისის შედეგები, რომელიც 2008 წელს დაიწყო; ამიტომ, როგორც ჩანს, ქვეყანა მართვის უფრო მომჭირნე მოდელზე გადადის, მათ შორის საგარეო დახმარების კუთხით. დახმარების მოცულობის შემცირება ეხება არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიას, არამედ სხვა რეგიონებსა და ქვეყნებს. თუმცა, საქართველო რჩება ერთ სულ მოსახლეზე ამერიკული სამთავრობო დახმარების მიხედვით ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოდ... ხოლო ის ფაქტორი, რომ საქართველოს მიმართ დახმარება ყველა სფეროში მცირდება, გარდა სამხედროსი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა დიდი ყურადღება ეთმობა საქართველოსთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას.
- პარლამენტში ელჩობის კანდიდატების დამტკიცებისას გისურვეს, "იყოთ თქვენი ქვეყნის და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ელჩი", საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც ხშირად ამბობს ამ ფრაზას. რას ნიშნავს თქვენთვის ეს გზავნილი, შეფასება?
- საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამა თუ იმ სახელმწიფოში მთელი ქვეყნის წარმომადგენელია და არა მმართველი პარტიის ან მხოლოდ მისი მხარდამჭერი ელექტორატის. სამწუხაროდ, წინასაარჩევნო პერიოდში ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პრინციპის დაცვა ვერ მოხერხდა. ამჯერად ჩვენი პოზიცია სხვაგვარია: ქვეყანაში დემოკრატიული გარდაქმნები მიმდინარეობს და ეს დიპლომატიურ კორპუსზე, მისი მუშაობის სტილზეც უნდა აისახოს. საელჩოებმა საქმიანობა მთელი ქვეყნის, სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით უნდა წარმართონ.
- რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ ელჩად წარგადგინეს საქართველოსთვის ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფოში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია?
- სხვების გადაწყვეტილებაზე საუბარი მიჭირს. თუმცა, დიპლომატიის ისტორიაში ხშირია მსგავსი შემთხვევა, მათ შორის საქართველოშიც. მართალია, უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში მუშაობის გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ მაქვს საგარეო პოლიტიკის სფეროში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებში. მაგალითად, წლების განმავლობაში ვიყავი სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის ჯგუფის ხელმძღვანელი, პრეზიდენტ შევარდნაძის მთავარი მრჩეველი და ურთიერთობა მქონდა დიპლომატიური კორპუსის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოეთშიც. ვტრიალებდი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შექმნის და წარმართვის "სამზარეულოში" და ბევრ სხვა კოლეგასთან ერთად მოკრძალებული წვლილი შემქონდა იმ კურსის ჩამოყალიბებაში, რასაც დასავლური არჩევანი ჰქვია. ჩემთვის დიდი პატივია, ქართული სახელმწიფოსათვის ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე წარმოვადგენდე ქვეყანას სახელმწიფოში, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს მსოფლიოს პოლიტიკურ ამინდს და, ამასთანავე, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა.