სოფელ დიდ ლილოსთან მდებარე ნაგავსაყრელის გამო წარმოქმნილ ეკოლოგიურ, გარემოსდაცვით და სხვა პრობლემებზე არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გვესაუბრება:
- ლილოს ნაგავსაყრელის ამოქმედება ეკოლოგიური თვალსაზრისით საზიანოა და არაერთი საფრთხის შემქმნელია. ჩვენ შევხვდით ქალაქის საკრებულოს წევრებს და მათაც აღიარეს, რომ ნაგავსაყრელი დარღვევებით აშენდა, 6-ის ნაცვლად ერთი სალექარი გაკეთდა, ანუ გარემოსდაცვითი მოთხოვნები დაირღვა; ჩვენი აქტიურობის შემდეგ პროცესში გარემოს დაცვის სამინისტრო ჩაერთო და ინსპექტირება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამოიტანენ დასკვნას დარღვევების შესახებ. ნაგავსაყრელის ირგვლივ გაუსაძლისი სუნია. როცა ქარი დაუბერავს, ნაგავსაყრელთან "პარკების წვიმაა", მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაშია, ამ ტერიტორიაზე ცხოვრება ჯანმრთელობისთვის საშიშია თუნდაც სხვადასხვა დაავადების გავრცელების საფრთხის გამო. ამასთანავე, ნაგავი, ფეკალიები ზემო სამგორის მაგისტრალურ არხში ჩაედინება, ეს სიბინძურე შემდეგ ხვდება თბილისის ზღვაში, რომელიც, გარკვეულ პერიოდში, როცა ჟინვალჰესს წყლის მოწოდების პრობლემა ექმნება, დედაქალაქის მოსახლეობის 20 პროცენტს სასმელი წყლით აკმაყოფილებს; ასე რომ, ცალკე იქაურ მოსახლეობას ექმნება აუტანელი საცხოვრებელი პირობები, ცალკე თბილისის ზღვა ბინძურდება. ახლა დღის წესრიგში ამ ნაგავსაყრელის გაუქმებაა და ის თორმეტი მილიონი ლარი, რომელიც თბილისის ბიუჯეტიდან მის მშენებლობაზე დაიხარჯა, გადაყრილი ფულია. ამაზე პასუხი ქალაქის მერმა გიგი უგულავამ უნდა აგოს და დანახარჯი აანაზღაუროს! ამასთანავე, ამ ნაგავსაყრელის კონსერვაციისთვის დამატებითი, საკმაოდ სოლიდური თანხაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ ადრე მერიას ამ ნაგავსაყრელის მშენებლობა ნორიოში, ანტონ მარტყოფელის ლავრასთან ჰქონდა განზრახული, რასაც მოსახლეობისა და ჩვენი, არასამთავრობო სექტორის პროტესტი მოჰყვა და მშენებლობა სხვაგან გადაიტანეს. როცა მოსახლეობამ ნაგავსაყრელის ლილოში მშენებლობაც გააპროტესტა, ის სპეცრაზმით დაარბიეს; სხვა ზემოაღნიშნულ ფაქტორებთან ერთად, აქ ადამიანის კერძო საკუთრების უფლებაც ირღვევა - ხალხს მიწები წაართვეს, კომპენსაცია კი არ გადაუხადეს, ასევე იკვეთება რამდენიმე მაღალჩინოსნის პირადი ინტერესი. მთავარმა პროკურატურამ ამ საქმეზეც სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, მხოლოდ ლილოს ნაგავსაყრელის საქმე ეყოფა გიგი უგულავას! "თბილსერვისი" შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, მაგრამ მისი დამფუძნებელი, 100-პროცენტიანი წილის მფლობელი თბილისის მერიაა. როცა მოსახლეობა მერიას სთხოვდა, ნაგავსაყრელი ცოტა მოშორებით გადაიტანეთო, მერია პასუხობდა, ასეთ შემთხვევაში ხარჯი ორი მილიონით გაგვეზრდებაო! ასე რომ, მერიის მაღალჩინოსნებმა, ქალაქის თავკაცებმა თანაქალაქელების ჯანმრთელობა 2 მილიონად შეაფასეს და ეძვირათ, რაზეც პასუხი აუცილებლად უნდა მოეთხოვოთ.
- აცხადებთ, რომ ლილოს ნაგავსაყრელი თბილისის აეროპორტის უსაფრთხოებას ემუქრება, უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობთ?
- ღია ნაგავსაყრელი, ბუნებრივია, ფრინველებს იზიდავს, გადაფრენისას ისინი თვითმფრინავებს შეეჯახებიან და უბედური შემთხვევები გარდაუვალია. საქმე ის არის, რომ ფრინველი თვითმფრინავთან შეჯახებისას, ხშირად ხვდება ძრავაში, რაც ავიაკატასტროფის მიზეზი ხდება. იკაოს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისი ორგანიზაციის ნორმების თანახმად, ღია ნაგავსაყრელი არ შეიძლება აეროპორტთან 13 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე იყოს, ლილოს ნაგავსაყრელი კი თბილისის აეროპორტიდან 7 კილომეტრშია.
- ამბობთ, რომ ამ საქმეში რამდენიმე მაღალჩინოსნის ინტერესი იკვეთება, უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობთ?
- ლილოს მოსახლეობის ინფორმაციით, ამ ტერიტორიის სიახლოვეს ვანო მერაბიშვილსა და კახა ბენდუქიძეს მეფრინველეობის კომპლექსი, მეურნეობა აქვთ; მომავალში ამ ნაგვის ნარჩენებისგან ბუნებრივი აირის გამომუშავება იგეგმება, რომელიც სწორედ ამ მეფრინველეობის ფაბრიკას მიეწოდება... მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ეს პირები ლილოსთან ახლომდებარე მეურნეობასთან არაერთხელ შეუნიშნავთ, თუმცა, შესაძლოა ისინი ამ მეურნეობის ოფიციალური მფლობელები არც იყვნენ. თუ ლილოს ნაგავსაყრელის ინსპექტირება კონკრეტულ შედეგებს არ გამოიღებს, საპროტესტო აქციებს განვაგრძობთ. რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, იქ გადაწყვეტილების მიღება ფერხდება, რადგან უმრავლესობა "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს.
- როგორი უნდა იყოს ნაგავსაყრელი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება?
- ნაგავსაყრელი ქალაქიდან, დასახლებული რაიონებიდან მაქსიმალურად მოშორებული უნდა იყოს, დახურული ტიპის. ასევე, ევროპული სტანდარტით, უნდა ხდებოდეს ნაგვის დახარისხება. ამგვარი ნაგავსაყრელის აშენება საკმაოდ ძვირი, დაახლოებით 50 მილიონ ლარამდე ჯდება, მაგრამ თუ მერია თანხებს უაზროდ არ გაფლანგავს, ამის გაკეთება
შესაძლებელია. თბილისელების ჯანმრთელობა ნამდვილად ღირს ამად! მით უმეტეს, რომ გარემოსთვის ზიანის გამოსასწორებლად კიდევ უფრო მეტი სახსრები იქნება საჭირო. თუ მოსახლეობა არ გვეყოლება, ვისთვისღა ვაკეთებთ ეკონომიას?
ცნობისათვის
სტატისტიკით, ავიაკატასტროფების ერთ-ერთი მიზეზი თვითმფრინავის ფრინველებთან შეჯახებაა. ამ მიზეზით ბოლო ათწლეულში მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 19-მა თვითმფრინავმა განიცადა კატასტროფა. კვლევებით ასევე დადასტურდა, რომ უბედურ შემთხვევათა 45 პროცენტი ფრინველების თვითმფრინავის ძრავაში მოხვედრით არის გამოწვეული. სტატისტიკით, ავარიების 32,5 პროცენტი დაშვებისას ხდება, აფრენისას - 31 პროცენტი, 24 პროცენტი - ფრენის მარშრუტზე. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ხშირად თვითმფრინავებს მტრედები და თოლიები ეჯახებიან; სპეციალისტთა აზრით, ამგვარი შეჯახების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ აფრენისას თვითმფრინავსა და ფრინველს ერთნაირი აეროდინამიკური პირობები სჭირდებათ - შემხვედრი ქარი.