გაძვირებული საკვები პროდუქტისა და გაუფასურებული ლარის ფონზე, პენსიონერები პენსიის აღებას დროზე ადრე ვეღარ შეძლებენ. აქამდე პენსიონერებს კუთვნილი პენსიის გატანა მის ჩარიცხამდე ორი კვირით ადრე შეეძლოთ, თუმცა პროექტი - „პენსია ჩარიცხვამდე“ გაუქმდა და ახლა საპენსიო ასაკის მქონე პირებს, თუ პენსიის აღება წინასწარ მოუნდებათ, ოვერდრაფტით, ან და სხვა სესხით ისარგებლებენ. ამაში კი მათ პროცენტი ჩამოეჭრებათ, რომელიც არც თუ ისე დაბალია.
როგორც for.ge-ს პენსიონერმა ლალი მენაღარიშვილმა განუცხადა, „პენსია ჩარიცხვამდე“ პროექტით ხშირად სარგებლობდა, რადგან წამლების ყიდვა იქამდე უწევდა, ვიდრე პენსია დაერიცხებოდა. ახლა კი ამას ვეღარ ახერხებს და წინსწრებით ორი თვის პენსიის აღება მოუწია. ამის გამო კი პენსიის ნაწილის დატოვება ბანკში უწევს, რადგან საპენსიო სესხზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 30%-ზე მეტია.
„ძალიან მომწონდა, როდესაც „ლიბერთი ბანკი“ პენსიის წინმსწრებად აღების საშუალებას გვაძლევდა. ხშირად ვიღებდი დროზე ადრე, რადგან მედიკამენტების შესაძენად მჭირდებოდა ხოლმე. ახლა როდესაც ეს პროექტი გააუქმეს, სხვა გზა არ დამრჩა და ორი თვის პენსია წინასწარ ავიღე, ანუ სესხად გამოვიტანე. ამის გამო, მომავალი თვიდან პენსიას სრულად ვეღარ ავიღებ, რადგან ბანკს პროცენტი მიაქვს. დაახლოებით 60-ლარამდე ჩამომეჭრება. ჯერ ისედაც 240 ლარი მქონდა პენსია და ახლა 60 ლარიც რომ ჩამომეჭრება, არ ვიცი, დანარჩენი თანხა წამლებისთვის ვიმყოფინო თუ საკვებისთვის. პენსიონერებისთვის საპენსიო სესხს ძალიან მაღალ პროცენტში იძლევიან. აღნიშნული საკითხი მთავობამ უნდა დაარეგულიროს და იმედს ვიტოვებ, რომ პენსიონერებისთვის მოიცლიან და საპროცენტო განაკვეთს დაწევენ“, - გვითხრა პენსიონერმა ლალი მენაღარიშვილმა.
რატომ გაუქმდა პროექტი „პენსია ჩარიცხვამდე“ ამ კითხვით „ლიბერთი ბანკს“ მივართეთ. for.ge-ს ბანკში განუცხადეს, რომ ვინაიდან დადგინდა პენსიის გაცემის ახალი წესი, დუბლირების გამოსარიცხად, პროექტი „პენსია ჩარიცხვამდე“ გაუქმდა.
„პენსიის აღების წესი არ შეცვლილა, პენსიები 2020 წლის 1 სექტემბრიდან გაიცემა ინდივიდუალური გრაფიკით.
2020 წლის 1 სექტემბრამდე, პენსია ირიცხებოდა ყოველი თვის 14 რიცხვში. ამ პერიოდში, ბანკის სერვის ცენტრებში რიგების განტვირთვის მიზნით და ბანკის ინიციატივით, შეიქმნა დროებითი პროდუქტი „პენსია ჩარიცხვამდე“, რომელიც საშუალებას აძლევდა მომხმარებელს, თვის 1-დან 13 რიცხვამდე, სიმბოლურ ფასად აეღო მხოლოდ მომდევნო თვის პენსია. 2021 წლის პირველი სექტემბრიდან, პანდემიის რისკების გათვალისწინებით და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, დადგინდა პენსიის გაცემის ახალი წესი, რაც ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე პენსიის ინდივიდუალური გრაფიკით გაცემას ითვალისწინებს. შესაბამისად, რომ არ მომხდარიყო პროდუქტების დუბლირება, პროდუქტმა „პენსია ჩარიცხვამდე“ შეწყვიტა არსებობა.
ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ „პენსია ჩარიცხვამდე“ იყო ფასიანი პროდუქტი (15-დან 80-თეთრამდე), ხოლო ინდივიდუალური გრაფიკით პენსიის მიღება არის სრულიად უფასო.
პენსიის ინდივიდუალური გრაფიკით გაცემის ინიციატივის მთავარი მიზანი ასაკოვანი მოქალაქეების უსაფრთხოება და კომფორტია. თითოეულ პენსიის მიმღებ პირს, პენსიის მიღების ინდივიდუალური თარიღის შემოწმება შეუძლია ვებ-გვერდზე www.mylibarty.ge, ლიბერთის ნებისმიერ ბანკომატსა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით, ცხელ ხაზზე 032 255 55 00 ან ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში“, - გვითხრეს „ლიბერთი ბანკში“.
ჯანდაცვის კომიტეტის მოადგილის თავმჯომარე, ლადო კახაძე არ მალავს, რომ პენსიონერები სესხს მაღალი პროცენტით იღებენ და რომ ეს საკითხი, დასარეგულირებელია. მისივე თქმით, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, რათა საპენსიო ასაკის მქონე პირებმა შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ.
„სამწუხაროდ, პენსიონერს მაღალი პროცენტიდან გამომდინარე საბანკო მომსახურება ძალიან ძვირი უჯდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საპროცენტო განაკვეთი დაიწიოს. ამ საკითხზე მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
პირადად ჩემთვისაც შემაშფოთებელია, რომ პენსიონრებისთვის მაღალი საპროცენტო ტარიფია დაწესებული. ეს თემა მარტო სოციალური არ არის, ეს ეხება იურიდიულ და საფინანსო კომიტეტებსაც. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობს. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ყველა ვმუშაობთ და გვსურს, რომ ეს საკითხი დავარეგულიროთ. პენსიონერებს უნდა გავუადვილოთ გზა და ის მაღალი საპროცენტო განაკვეთი, რომლითაც ისინი „ლიბერთი ბანკში“ სარგებლობენ.
უშუალოდ ეს საკითხი ჩვენს კომიტეტში ჯერ არ შემოსულა, მაგრამ საფინანსო-საბუჯეტო კომიტეტში სამუშაო შეხვედრები იმართება. რაც მალე მოგვარდება, მით უკეთესი იქნება თითეული პენსიონერისთვის“,- გვითხრა ლადო კახაძემ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში კი for.ge-ს განუცხადეს, რომ ორშაბათს საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნით, აღნიშნული საკითხის საკომიტეტო მოსმენა გაიმართება.
„საპარლამენტო ოპოზიციის, კერძოდ პარტია „მოქალაქეების“ მოთხოვნით, პენსიაზე საპროცენტო განაკვეთის დაწევის მოთხოვნაზე, საკომიტეტო მოსმენა გაიმართება. კომიტეტზე მოწვეულნი არიან ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლები. „მოქალაქეებმა“ წერილობით მოგვმართეს და ჩვენ საკომიტეტო მოსმენა ჩავნიშნეთ. ჯერჯერობით კანონპროექტზე საუბარი არაა. განხილვების შემდეგ, რა დასკვნა დაიდება, არ ვიცით“, - გვითხრეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში.
ცნობისთვის, 2020 წელს საპენსიო სესხზე წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 1.31%-ით შემცირდა და ახლა ის 30.69%-ს შეადგენს. საქტატის მონაცემებით, საქართველოში პენსიის ამღები 958 ათასი პირია. საპენსიო თანხა კი შემდეგია, 70 წლამდე მოქალაქეები 240 ლარს ირებენ, ხოლო 70-წელზე ზევით მოქალაქეები კი - 270 ლარს.