„ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რეალიზმის გრძნობა აქვს „ოცნებას", ვიდრე სხვა პარტიებს, ამიტომ ასეთ სერიოზულ და ძლიერ პარტიას არ ეკადრება ისეთი განცხადებები, რომ მათ ვერავინ შეედრება. ეს პოლიტიკაა და არა - სპორტი, ამიტომ პოლიტიკური განცხადებები უფრო შორსმჭვრეტელური უნდა იყოს", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით „ოცნებაში" გაკეთებულ განცხადებებს.
„საერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტის" ახალ კვლევაში, სადაც შეფასებულია პარტიებისა და პოლიტიკოსთა პერსონალური რეიტინგები, პოლიტიკოსთა მიმართ ნდობის რეიტინგში პირველ ადგილას ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა - 65%.
„ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ გახარიას მაღალი რეიტინგი პირდაპირ კავშირშია „ქართულ ოცნებასთან". მათი თქმით, გახარია „ქართული ოცნების" პრემიერი რომ არ ყოფილიყო, მოწონების ასეთი მაღალი რეიტინგი არ ექნებოდა.
რაც შეეხება გახარიას პოლიტიკურ გააქტიურებას, „ოცნებაში" ამას მშვიდად უყურებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ რთული იქნება, ვინმემ ისეთი ორგანიზაცია შექმნას, რომელიც „ქართულ ოცნებას" რეალურ კონკურენციას გაუწევს.
„ასე გადაჭრით, რომ „ოცნებას" რეალურ კონკურენციას ვერავინ გაუწევს, სერიოზულად არ გამოიყურება. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რეალიზმის გრძნობა აქვს „ოცნებას", ვიდრე - სხვა პარტიებს, ამიტომ უპრიანი იქნებოდა ეთქვათ, ოპოზიცია ვერ უწევს კონკურენციას „ოცნებას" და თუ ახალი ძალა გამოჩნდება, ვნახოთ, ცხოვრება გვიჩვენებსო.
მით უფრო, მათმა ლიდერმა წასვლის წინ განაცხადა, რომ ისურვებდა, შეიქმნას ახალი პარტია, რომელიც არათუ კონკურენციას გაუწევს „ოცნებას", შეიძლება, ოპოზიციაში გადაიყვანოს.
„ასეთ სერიოზულ, ძლიერ პარტიას არ ეკადრება ასეთი განცხადებები, რომ მათ ვერავინ შეედრება, ეს არის თავის მოტყუება. ეს პოლიტიკაა და არა - სპორტი, ჯერ რინგზე არავინ არის, შეჯიბრება გახარიასა და „ოცნებას" შორის არ დამდგარა. პოლიტიკაში განცხადებები შორსმჭვრეტელური უნდა იყოს, სიფრთხილის გამოჩენა უფრო მნიშვნელოვანია, ალბათ, სამომავლოდ აარიდებენ თავს ღიმილის მომგვრელ განცხადებებს.
"რაც შეეხება გახარიას პოლიტიკურ მომავალს, კვლევის შედეგად მას კარგი სასტარტო პირობები აქვს, მაგრამ, როგორი იქნება მისი მოქმედება და პირველი ნაბიჯები, მასზეა დამოკიდებული, როგორ გუნდს შექმნის და ა.შ.
"ანუ, საინტერესო და საჭირო პროცესები იქნება. საჭირო იმიტომ, რომ გახარია ვერ იქნება იმ სტილის ოპოზიციონერი, რაც ახლა არის დამკვიდრებული: გინება, ბულინგი და სხვა. ის ყველა მიმართულებით ეცდება, იყოს აკადემიური, აკადემიური სტილის დამკვიდრება კი „ქართულ პოლიტიკაში" იქნება გახარიას ერთ-ერთი მიღწევა.
"რაც შეეხება ამოცანებს, მის წინაშე დგას ამოცანა, დაიკავოს მესამე პოლიტიკური ძალის ნიშა, ამიტომ მოუწევს, აიტანოს დარტყმები მმართველი გუნდიდან და ტრადიციული ოპოზიციური პარტიებიდან. თუ გახარია რომელიმე მხარეს აირჩევს, მისი რეიტინგი დაეცემა. მას სხვა გზა არ აქვს, ის უნდა დადგეს მესამე მხარეს.
"როდის გააკეთებს ოფიციალურად განაცხადს პარტიის შექმნის თაობაზე, ძნელი სათქმელია, რადგან ახალი პარტიის შექმნა ასე ადვილი არ არის, ამას სჭირდება რესურსები და უამრავი საკითხი იყრის თავს. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ გახარია სახელდახელოდ პარტიის შექმნას ვერ მოახერხებს", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.