„ჭორებს „ქართულ ოცნებაში“ შესაძლო დაპირისპირების შესახებ, ოპოზიცია ავრცელებს, რასაც მედია არ უნდა აყვეს“

„ჭორებს „ქართულ ოცნებაში“ შესაძლო დაპირისპირების შესახებ, ოპოზიცია ავრცელებს, რასაც მედია არ უნდა აყვეს“

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობაში მოსალოდნელია საკადრო ცვლილებები. საუბარია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შესაძლოა, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს. ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობენ ხელისუფლებაში მნიშვნელოვან გადაადგილებაზე. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შესაძლოა, „თამაშგარეთ“ აღმოჩნდეს.

ამასთან, დაუზუსტებელი ინფორმაციით, კახა კალაძე თბილისის მერის პოსტს ტოვებს და იგი პოლიტიკიდან მიდის. მეორე ვერსიის თანახმად კი, კალაძე შესაძლოა, მთავრობის ყოფილი მეთაურის, გიორგი გახარიას გუნდში ვიხილოთ, თუ, რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ოფიციალურად განაცხადებს და შექმნის პარტიას.

მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს თავად ხელისუფლებაში კატეგორიულად უარყოფენ და აღნიშნულს მოარულ ჭორებს უწოდებენ. უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზე ოფიციალურად რაიმე კონკრეტული არ დასტურდება, თუმცა, გარკვეული ძვრები თუ გადაადგილებები „ოცნებაში“ ასე თუ ისე, უკვე დაიწყო. აქვე შეგახსენებთ, რომ ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრისა და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლებაში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. გუნდი მუშაობს და ცდილობს უპასუხოს ეკონომიკურ გამოწვევებს, შეამციროს სიღარიბე და შექმნას სამუშაო ადგილები.

პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ბექა დავითულიანმა უარყო ინფორმაცია, რომ მმართველ პარტიაში უკვე კანდიდატთა სიებზე მსჯელობენ.

„ამ ეტაპზე მომავალი კანდიდატების განხილვა არ მიმდინარეობს“, - განაცხადა დავითულიანმა.

რაც შეეხება კალაძეს, მმართველ პარტიაში ჯერ კიდევ ჭორების გავრცელებამდე განაცხადეს, რომ თბილისის მერი ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს და იმუშავებს ბოლომდე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან ამბობს, რომ გარკვეულ ხმებს „ქართულ ოცნებაში“ შესაძლო დაპირისპირების შესახებ ოპოზიცია ავრცელებს, რასაც, მისი თქმით, მედია არ უნდა აყვეს.

„პოლიტიკურ ინსტიტუტებს, აღმასრულებელსა და საკანონმდებლოს, გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ. საკადრო ცვლილებები „ოცნებაში“ ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. მედიაში ის ინფორმაციაც ხომ ტრიალებდა, რომ არჩევნები გაყალბდაო, ამით დაინტერესებული იყო ოპოზიცია. ასევე შეიძლება ვიღაც არის დაინტერესებული იმაში, რომ მოხდეს ჯახი „ოცნების“ შიგნით და ისვრის ამ ინფორმაციას. შემდეგ ამაზე იწყება საუბარი. გამოდის, რომ ვიღაცის საქმეს ვაკეთებთ, როდესაც ჩვენ ამ თემაზე, ასეთი სერიოზული გამომეტყველებით ვმსჯელობთ“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს „ქართულ ოცნებაში“ საკადრო ცვლილებებს. მისი თქმით, ამასთან მოსალოდნელია, რომ თუკი გახარია თავისი პარტიით პოლიტიკაში დაბრუნდება, კალაძე სწორედ მასთან ვიხილოთ.

„გამორიცხული არაფერია, შესაძლებელია, რომ ღარიბაშვილმა პარტიის თავმჯდომარეობა თავის თავზე აიღოს. გარკვეულ ძალთა გადაადგილებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი.

შესაძლოა, ვინმე გახარიას გუნდში აღმოჩნდეს, თუ მან პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბა. თუმცა, ჯერჯერობით რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, რადგან ოპოზიციასთან დაპირისპირების ფონზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ერთმანეთი სჭირდებათ.

დიდ ცვლილებებს არ ველოდები, შესაძლებელია, უბრალოდ, რამდენიმე ადამიანი გადავიდეს გახარიას მხარეს. გამორიცხული არ არის კალაძე ვიხილოთ გახარიას გუნდში, რადგან ამდენი ხანი „ოცნებას“ მერობის კანდიდატად არავინ დაუსახელებია. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, კალაძის შემცვლელზეც ფიქრობდენ“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.