"ანაბრების საკითხი აქტუალურია და მისი გააქტიურება, მე ვფიქრობ, რომ დროულია, რადგანაც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან განსხვავებით საქართველოშო ეს საკითხი ღიაა, ყოფილმა მეანაბრეებმა არ იციან რა ბედი ელის მათ ანაბრებს, დაბრუნდება თუ არა ოდესმე, ვინ არის დამნაშავე ამ პროცესებში. ლიტვასა და ყაზახეთში ეს პროცესი უკვე დასრულებულია, სახელმწიფომ გამოხატა კეთილი ნება და გადაჭრა ეს საკითხი. სხვა ქვეყნებში – რუსეთში, უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში, აზერბაიჯანში საკითხი სამართლებრიბვად არის გადაჭრილი და კომპენსაციის მიღების ვადა დროში არის გაწერილი." - აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე.
ბატონო ირაკლი, ზოგი ფიქრობს, რომ ივანიშვილის მთავრობამ უნდა დააბრუნოს სახელმწიფოს დავალიანება მეანაბრეების მიმართ. როგორ ფიქრობთ, უნდა გახდეს, თუ არა ანაბრების თემა ამ მოწვევის პარლამენტის განხილვის საგანი?
- დაბრუნდება თუ არა საბჭოთა ანაბრები ივანიშვილის მთავრობის პირობებში რთული სათქმელია, თუმცა პროცესი უნდა დაიწყოს, უნდა მოხდეს საკითხის შესწავლა, არსებული გამოცდილების საფუძველზე უნდა მოხდეს ანაბრების ინდექსაცია და მისი გაწერა დროში, რა ვადებში და ვინ მიიღებს მას პირველ ეტაპზე.
მთლიანობაში, საბჭოთა ანაბრების მოცულობა 13 მლრდ. მანეთი, ანუ იმდროინდელი კურსით 8,3 მლრდ. აშშ დოლარამდეა, ბუნებრივია ამ მოცულობის თანხის დაბრუნება ილუზიაა, საქართველოს სახელწმიფომ ინდექსაციის შედეგად შიდა ვალში აიღო 90–იან წლებში ეს თანხა და მისი მოცულობა 500 მლნ. ლარს მცირედით აღემატება, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია 1997-1998 წწ, 5 მლნ. ლარამდე დაურიგდა გარკვეულ სოციალურ ჯგუფებს, თუმცა ეს საკითხი შემდეგ შეჩერდა სხვადასხვა პოლიტიკური ძალების აქტიურობის შედეგად, რადგან ამ თემით სპეკულირება ხშირად ხდებოდა.
ასე რომ, მე ვფიქრობ, ახლანდელი მოწვევის პარლამენტი ამ საკითხს უნდა დაუბრუნდეს, გადაიხედოს ძველი სქემა და მოსახლეობას ახალი შეთავაზება გაუკეთოს კომპენსაციის, მე ვფიქრობ ეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხია.
2004 წელს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა ქვეყნის სათავეში, ერთ-ერთი დაპირება სწორედ ანაბრების დაბრუნებას ეხებოდა. რატომ ვერ მოახერხა წინა ხელისუფლებამ ამ პრობლემის გადაჭრა და რა შანსები აქვთ საბჭოთა მეანაბრეებს ამ მთავრობის და პარლამენტის პირობებში?
- "ნაცინალური მოძრაობის" წინაარჩევნო რიტორიკაში ანაბრებს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს საკითხი ყველას მიავიწყდა. შესაბამისი ნების შემთხვევაში, ეს პროცესი 9 წლის პერიოდში სავსებით მოგვარებადი იყო და ახლა, შეიძლება დასრულებულიც კი ყოფილიყო, რაც ნამდვილად ჩაიწერებოდა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ აქტივში. რაც შეეხება დღევანდელ ხელისუფლებას ალბათ ყველაფერი მთავრობის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, ვფიქრობ რომ კარგი საკითხია იმისათვის, რომ მოსახლეობის წინაშე სახელწიფომ ეს ვალდებულება მოიხადოს, ბიუჯეტსაც აქვს რეალურად იმის შესაძლებლობა, რომ შიდა ვალში აღებული საბჭოთა ანაბრების თანხა 10 ან 15 წლიან პერიოდზე გაწეროს, რაც ყოველწლიურად 33–დან 50 მლნ. ლარამდეა რეალურად. ეს, მიმდინარე წლის ბიუჯეტის 0,4%–დან 0,7%–მდეა. ბევრ ქვეყანაში ანაბრების კომპენსირება მოხდა პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლებით, ზოგიერ ქვეყანაში მეანაბრეებს გადაეცათ სახელმწიფო საწარმოებში წილები ფასიანი ქაღალდების სახით.
იქნებ მკითხველს განვუმარტოთ, რა მოხდა 90-იან წლებში, რატომ დარჩა ასობით ათასი მეანაბრე "გადაგდებული" სახელმწიფოს მხრიდან? რამ გამოიწვია ეს მოვლენა და ერთხელ და სამუდამოდ, რომ შეწყდეს ამ თემაზე საუბარი უნდა მოხდეს თუ არა ანაბრების გაუფასურების თემის გამოძიება და დამნაშავე პირების წარმოჩენა?
- 90–იანი წლების დასაწყისში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ სამანეთო ზონაც დატოვა, მაშინდელი რუსეთის ცენრალური ბანკიდან შეწყდა რუბლის მიწოდება. ქართველი მეანაბრეების თანხები ვალდებულებებად დარჩათ საქართველოში მოქმედ ბანკებს, მოთხოვნის შემთხვევაში კი მათ ნაღდი ფული, რომელიც მოსახლეობისთვის უნდა მიეცათ, არ გააჩნდათ, ვერ ექნებოდათ, რადგან საბჭოთა ანაბრების ჯამური მოცულობა სოლიდური იყო. ქვეყანაში იყო სამოქალაქო ომი, ომი ტერიტორიული მთლიანობისთვის, ქვეყანას სჭირდებოდა ფინანსური რესურსი ხარჯების დასაფინანსებლად.
1992 წლის ზაფხულში, საქართველოს ეროვნული ბანკის წინადადებით გადაწყდა მომხდარიყო 1992 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით ანაბრის ანგარიშებზე მოთავსებული ფულადი სახსრების 50%–ით აფასება, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოიცა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 20 ივლისის N747 დადგენილება "საქართველოს მოსახლეობის დანაზოგების გაუფასურებასთან დაკავშირებით ანაბრების ინდექსაციის შესახებ." ანაბრების აფასების თანხები უნდა ჩარიცხულიყო სპეციალურ ანგარიშზე და მათი ანაზღაურება უნდა მომხდარიყო 1.5 წლის შემდეგ. ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ბიუჯეტის ხარჯზე. აფასების შედეგად ანაბრების მოცულობამ 19 მილიარდი მანეთი შეადგინა.
1993 წელს შემოღებული იქნა დრობითი ფულადი ერთეული კუპონის სახით, რომლის შეფარდება მანეთთან იყო 1=1, თუმცა მალე დაიწყო მისი გაუფასურების პროცესი 1994 წლის სექტემბერში 1 მანეთი უკვე 1,3 მლნ. კუპონის ტოლფასი იყო. გაუფასურების პროცესმა პრაქტიკულად მოსახლეობის ანაბრები გააქრო. მე ვფიქრობ, მოსახლეობის დაზარალების მთავარი მიზეზი მაშინდელი მთავრობის უპასუხისმგებლო პოლიტიკა, არაკომპეტენტურობა და კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილების არქონა იყო. მე ვფიქრობ, უკვე დროა რეალურად იქნას შეფასებული 90-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე პროცესები, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები და გამოვლინდეს ის ადრესატი თუ ვინ იყო დამნაშავე ამ პროცესში.
ხშირ შემთხვევაში, ანაბრების მითვისებას კონკრეტულ პიროვნებებს მიაწერენ, თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით? უკავშირდება თუ არა ანაბრების "გაქრობა" კონკრეტულ სახელებს და გვარებს, მათ შორის ვანო ჩხარტიშვილს?
- მე ვფიქრობ, კონკრეტულ პიროვნებებზე ხელის გაშვერა არის პრობლემებიდან გაქცევა, მაშინდელი მოვლენების არცოდნა, ზედაპირული შეფასება და სპეკულაცია. ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ეს იყო ფორს-მაჟორული სიტუაცია, პოლიტიკური გარდაქმნების პერიოდი, რაც სხვადასხვა სიმწვავით აისახა ამ ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სამწუხაროდ, საქართველო ამ პროცესების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, ქვეყნის ეკონომიკის 2/3 პრაქტიკულად განადგურდა, რაშიც დამნაშავე ობიექტური ფაქტორების გარდა, მაშინდელი მთავრობა და ეკონომიკური გუნდი შეიძლება მივიჩნიოთ, რომლებმაც ვერ შეძლეს მართვა პროცესების. რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვლის მონაწილეობას ამ პროცესებში, მე ვფიქრობ, ეს საკითხი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ იყო მოტივირებული და მას 90–იან წლების დასაწყისში განვითარებულ მოვლენებთან არაფერი საერთო არა აქვს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ამ საკითხების შესწავლა, რომ დაზარალებულმა მეანაბრეებმა ზუსტად იცოდნენ რა მოხდა და რას უნდა ელოდნენ მომავალში.