როგორ ეპყრობოდა ქართველ მოდელებს

როგორ ეპყრობოდა ქართველ მოდელებს "სახელისუფლებო მაფია"?

7 მარტს საქალაქო სასამართლოსთან ქართველი მოდელები შეიკრიბებიან და კოლეგას, თაკო თალაკვაძეს, მხარდაჭერას გამოუცხადებენ. ამ აქციით ისინი სააგენტოებისა და ტოქშოუების მხრიდან ქართველი მოდელების ტრეფიკინგის შეწყვეტასა და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.

ლაშა ჩხარტიშვილი, უფლებადამცველი:

- მიხეილ სააკაშვილის გამოისობით, საქართველოში შრომის კოდექსი კი არა, მონობის კოდექსი მოქმედებდა. სხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად, დაჩაგრულ მდგომარეობაში იყვნენ მოდელებიც, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლად გადააქციეს. "ობიექტივში", გადაცემა "გარემო და ჩვენ"-ში, ჩემი თანაწამყვანი გახლავთ ია სირანაშვილი, რომელიც არის მოდელიც. მან 2011 წელს საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია ჩინეთში, შანხაიში, მსოფლიო ეროვნებათა კონკურსზე, 60 ქვეყნიდან წარგზავნილებს შორის, ის 8 საუკეთესო გოგონას შორის, რიგით მეოთხე აღმოჩნდა. ეს არავის გაუგია, იმიტომ რომ "ნაციონალური" მედიის საშუალებებმა, "რუსთავი 2"-მა და "პირველმა არხმა" მასთან ინტერვიუ ჩაწერეს, მაგრამ მერე დაბლოკეს. მიზეზი იყო ის, რომ საქართველოს წარგზავნილებს შორის ჯერჯერობით ყველაზე მაღალი ჯილდო იას აქვს აღებული და არ უნდოდათ, ყველას გაეგო, რომ შესაძლებელია, ამ სფეროში დამოუკიდებლად და ფულის გარეშე მიაღწიო წარმატებას. არსებული ქართული სამოდელო სააგენტოები, "ნაციონალურ" ელიტასთან არიან გადაჯაჭვული, დიდ ფულს აკეთებენ და ამ ბიზნესს ხელი არ შეუშალეს.

ია სირანაშვილი, მოდელი, ადვოკატი, მოდელთა ასოციაციის თავმჯდომარე:

- ეს საკმაოდ დიდი წარმატება იყო, მაგრამ, როცა არსად არაფერი ითქვა, გული გამიტყდა. ამათ არ უნდოდათ დაშვებულიყო პრეცედენტი, რომ ადამიანს დამოუკიდებლადაც შეუძლია წარმატების მიღწევა. ორგანიზატორებმა მიმიპატიჟეს და მათივე ხარჯებით წავედი. კაბებზე დიდი პრობლემა შემექმნა, რადგან არ მქონდა, იქ რომ ჩამეცვა, თუმცა აბრამ ბაზელმა უანგაროდ მათხოვა ეროვნული სამოსი.

- რა სქემებით მუშაობენ? კონკურსებზე ზოგჯერ ისეთი გოგოები მოჰყავთ, გული გაგისკდება. დიდი გამჭრიახობის გარეშეც მიხვდები, რომ რაღაც ხდება.
- დიახ, სააგენტოს ხელმძღვანელები, მოდელებისგან ყველაფერში ფულს აკეთებენ. როცა გოგონას უნდა გახდეს მოდელი, მას უამრავ ფულს ახარჯვინებენ პორტფოლიოში, ანუ გადაღებებში, არადა რეალურად ამას ამდენი თანხა არ სჭირდება. ჩვენებების ბილეთებიც თავად მოდელებმა უნდა გაასაღონ. ეს ფულიც სამოდელო სააგენტოში მიდის. კონკურსებში რომ გაუშვან მოდელები, ისევ მოდელებმა უნდა გადაიხადონ ფული, ცხადია, არაოფიციალურად. მნიშვნელობა არ აქვს ულამაზოა, კარგი მანერები არ აქვს, თუ როგორ არის, მთავარია გოგონამ ფული გადაიხადოს, მას მაინც გზავნიან. არადა მოდელები წარმოაჩენენ საკუთარ ქვეყანას და გამოდის, რომ ესენი ფულზე ქვეყნის ავტორიტეტსა და პრესტიჟს ყიდიან. მსოფლიოს ძალიან ლამაზ გოგონებს ვაჯობე, მაგრამ ეს სპეციალურად დამალეს, მაშინ, როცა ტელევიზიები ისეთ გოგონებს აპიარებენ, რომლებიც კონკურსებზე ვერ იმარჯვებენ. ასეთი ცუდი დამოკიდებულება მხოლოდ ჩემს მიმართ კი არა, ზოგადად, საქმის მიმართ არის. ვიბრძოლე, გავიმარჯვე საქართველოსთვის და ამათ ზურგი მაქციეს. ერთი პერიოდი ისიც კი ვიფიქრე, კიდევ თუ წავალ კონკურსზე, სხვა ქვეყნის სახელით გამოვალ და გულისტკენას თავს ასე ავარიდებ-მეთქი.

- ვინ ითვლება ამ ბიზნესში დირიჟორად, ასეთ საკითხებს ვინ წყვეტს?

ლაშა ჩხარტიშვილი:
- რამდენიმე სააგენტოა, ყველაზე მსხვილი კი მაინც კიწმარიშვილის ცოლისაა და შესაბამისად, ის აქტიურობს. ეს სფერო მთლიანად "ნაციონალების" ხელშია. მათ ხელში იყო მედიასაშუალებებიც და გამოდის, რომ, როცა ამ სააგენტოებს აპიარებდნენ, საკუთარ ინტერესებს იცავდნენ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტიც ამიტომ დაფარეს. ამიტომ დაიჩაგრა ია, რის შემდგომაც მან გადაწყვიტა, შეექმნა ორგანიზაცია და მისნაირი დაჩაგრული მოდელები სამართლებრივად დაეცვა.

- თქვენს მსგავსად დაჩაგრული მოდელები ბევრნი არიან?

ია სირანაშვილი:
- საკმაოდ ბევრნი. ზოგი ამის გამო თავს ანებებს და სხვა სფეროში მიდის, რადგან მოდელი ამ სამუშაოთი თავსაც ვერ ირჩენს, სააგენტოს ხელმძღვანელობა კი მდიდრდება ამათი კაბალური შრომით. ფულის გადაყრის სანაცვლოდ აძლევენ
სერტიფიკატს, რომელსაც ვერსად გამოიყენებენ. ფაქტობრივად, მას ძალა არ აქვს. სამსახურში თუ აიყვანეს, უფორმებენ კაბალურ კონტრაქტებს, სადაც წერია, რომ არ შეიძლება გათხოვდეს, სხვა რეკლამაში გადაიღონ და ა.შ. თუმცა ხელფასს 100-200 ლარს აძლევენ, რომლითაც თავს ვერაფრით ირჩენენ. ვიცი პიროვნება, სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ, რომელსაც ძალიან უჭირდა, სამოდელო სააგენტოს შექმნის შემდეგ კი უმაღლესად ცხოვრობს. მის დაწესებულებას სამოდელო სააგენტო არ უნდა ერქვას, რადგან იქ ყველა გოგოს იღებენ - მსუქანსაც, დაბალსაც, შეუხედავსაც, ოღონდ ფული გამოგლიჯონ. სამოდელო სააგენტოები საქართველოში ფულის მანქანაა. დარგი განუვითარებელი რჩება, რადგან მოდელების მონური შრომის ხარჯზე უნდათ მალე იშოვონ ფული. არ აინტერესებთ, კონკურსზე გაგზავნილი გოგო წარმატებას მოიპოვებს თუ არა.

ჩვენმა ორგანიზაციამ პირველი სარჩელი კონკურს "ტოპ გოგო"-ში გამარჯვებულის, თაკო თალაკვაძის გამო შეიტანა. თაკო პირველი მოდელი აღმოჩნდა, რომელმაც თავისი უფლებების დასაცავად ხმა აიმაღლა. მას შეჰპირდნენ პრიზებს, ბრიტანულ სამოდელო სააგენტოსთან საქმიან შეხვედრას, ალბათ, კონტრაქტებსაც, მაგრამ გამარჯვების შემდგომ მიიღო მხოლოდ 200 ფუნტი სტერლინგი და ჯინსის პიჯაკი, მეტი არაფერი. "კიკალა სტუდიოს" ხელმძღვანელს გიორგი კიკალიშვილს ვუჩივლეთ, რადგან პროექტის ერთ-ერთი ავტორი ის იყო. სასამართლო 7 მარტს არის ჩანიშნული. ზარალის ანაზღაურება 100 ათასი ლარი მოვითხოვეთ და 10 ათასი ბრიტანული სამოდელო სააგენტოს შეხვედრისთვის. როცა თაკომ ეს პრეტენზია მედიაშიც დააფიქსირა, "კიკალამ" განაცხადა, თალაკვაძეს შეიძლება ჰქონდეს მორალური და ფსიქიკური პრობლემებიო. ახლა ამაზეც შევიტანეთ სარჩელი, რადგან ეს არის მოდელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადება. ახალგაზრდა, პერსპექტიული გოგოა და იმის გამო, რომ მან სიმართლე თქვა, კიკალიშვილმა თითქმის გიჟად გამოაცხადა. ამაზეც მოვითხოვთ მორალური ზიანის ანაზღაურებას 30 ათასი ლარის ოდენობით და ბოდიშის მოხდას იმავე მედიასაშუალებით, სადაც ეს თქვა.

- პრეცედენტი მოხდა. ფიქრობთ, რომ ამას მოჰყვება სხვა დაზარალებული მოდელების სარჩელებიც, რომლებიც სამოდელო სააგენტოებსა და "რეალითი შოუების" ავტორებს უჩივლებენ?
- ამით ბევრს მიეცემა გული და ცხადია, სიმართლეს იტყვიან, რაც ხდება. მოდელების 80 პროცენტი ასეთ მდგომარეობაშია. უკვე გვირეკავენ, ველოდებით მათ კიდევ უფრო გააქტიურებას. მთავარია, რომ პროცესი დაიძრა. 7 მარტს, სხვა დაზარალებული მოდელებიც დაესწრებიან სასამართლო პროცესს სოლიდარობის გამოსახატავად. ღია ბრძოლას იწყებენ და გადაწყვეტილი აქვთ, არავის შეარჩინონ მათი პატივისა და ღირსების შელახვა. ცოტა ხანში ჩავატარებთ ბრიფინგს, სადაც გავაჟღერებთ, როგორ ეპყრობოდა ქართველ მოდელებს სახელისუფლებო მაფია. სამოდელო სააგენტოების, "რეალითი შოუებისა" და ტელევიზიების ხელმძღვანელებს, სადაც მოდელებს იყენებდნენ, ბევრ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა სასამართლოსა თუ სხვა სტრუქტურებში, რაც კიდევ უფრო უკეთ წარმოაჩენს ამ სფეროს შავბნელ ისტორიებს. "ტოპ გოგო" იყო რეალითი შოუ, რომელიც სამ თვე-ნახევრის განმავლობაში გადიოდა პირდაპირ ეთერში. ამ დროს ძალიან დიდი ოდენობის სარეკლამო თანხა შედიოდა "რუსთავი 2"-ში. "კიკალას სტუდია" არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და ცხადია, ამ თანხაში მისი წილიც იყო. ჩვენს წინა ადვოკატს ჰქონდა მცდელობა, რომ სარეკლამო შემოსავლები დაეთვალა, მაგრამ ამას ვერ მიაღწია. უხეშად რომ ვთქვათ, სულ მცირე, ათეული ათას დოლარზეა საუბარი. მონაწილეები და, ცხადია, გამარჯვებულიც ამ პერიოდში მოწყვეტილები იყვნენ ოჯახს, ნახევრად მშივრები, სამედიცინო მომსახურების გარეშე აკეთებდნენ საქმეს. შეიძლება ტყვეობასაც კი შეადარო მათი ყოფა, მაგრამ ამ ადამიანმა არაფერი არ მიიღო. 3 გამარჯვეული წაიყვანეს ლონდონში, მაგრამ არც ერთი საქმიანი შეხვედრა სააგენტოსთან არ ჰქონიათ. როცა ქურთუკი გადასცეს, იქვე დატოვა და ისე გამოემგზავრა საქართველოში.

- "ნაციონალების" ბიზნესიაო, და იმედი გაქვთ, რომ კუბლაშვილის სასამართლო თქვენ პოზიციას გაამართლებს?
- ბოლომდე ვიბრძოლებთ დაზარალებულების მოდელების დასაცავად. ამ ეტაპზე შეიძლება წარმატებას ვერ მივაღწიოთ, მაგრამ ეს არის დასაწყისი და ამ ადამიანებს მოდელების ჩაგვრა არ შერჩებათ.

"ალია" "კიკალა სტუდიოს" ხელმძღვანელს, გიორგი კიკალიშვილსაც დაუკავშირდა. მან ასეთი კომენტარი გააკეთა: "არ ვიცი ამ საკითხზე საერთოდ არაფერი. ასეთი არასერიოზული რაღაცები არ მაინტერესებს. ხვალ დარეკეთ, თუ გინდათ და იურისტს ჰკითხეთ".