როგორც სარწმუნო წყაროებიდან გახდა ცნობილი, ლოთი ქობალიას შეიარაღებული ფორმირებები იმყოფებიან დასახლებულ პუნქტ დაფნარში და ქალაქ ვანის დაკავების მიზნით აწარმოებენ მძიმე ტექნიკის კონცენტრაციას.
ვანელებს წაუყენეს ულტიმატუმი წინააღმდეგობის გაუწევლობის შესახებ. ქობალიას თანამებრძოლთა განცხადების თანახმად, ისინი წიფის სარკინიგზო გვირაბის აფეთქებას აპირებენ.
იგივე წყაროები იტყობინებიან, რომ ქობალიას მომავალ გეგმებში ქალაქ ზესტაფონის აღებაც შედის. შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები იღებენ ყველანაირ ზომებს ამის აღსაკვეთად.
ქუთაისის მერმა „იფრინდას“ კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, რომ სიტუაცია რეგიონში უკიდურესად დაძაბული რჩება. იმ ინფორმაციის თანახმად, რომელსაც თემურ შაშიაშვილი ფლობს, თუკი გამსახურდიას მომხრეები ვერ შეძლებენ ქუთაისსა და სამტრედიაში შესვლას, განზრახული აქვთ ბლოკირება გაუკეთონ რიკოთის გვირაბს, რითაც დასავლეთ საქართველოს მოწყვეტენ აღმოსავლეთს.
ქუთაისიდან სამედიცინო დახმარება ეწევათ იმ დაზარალებულებს, რომლებიც ოზურგეთსა და ლანჩხუთში ჩამოიყვანეს.
შაშიაშვილმა განაცხადა, რომ 14 სექტემბერს მას ზუგდიდიდან დაურეკა ყოფილმა დეპუტატმა ზაურ ქობალიამ (ლოთი ქობალიას ძმა). ამ უკანასკნელის თქმით, შერიგების დრო დადგა, რამდენიმე საათის შემდეგ კი სამტრედიის რაიონში ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები თავს დაესხნენ სამთავრობო ჯარებს.