"ჩვენ უკვე 9 წელია ვუყურებთ, თუ როგორ აფარებენ ევროპელები სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს ხელს. ეს ყველაფერი სახელს უტეხს ევროპულ იდეალებს. ეს ნამდვილად არ მიხარია. არც ის მომწონს, როცა ჩვენს ევროპელ კოლეგებზე საქართველოში უკვე ხელის აქნევით საუბრობენ. სამწუხაროდ, ეს ხალხი ლობირებს სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს და არა საქართველოს. ძალიან ცუდ ტონად მეჩვენება ჩვენს საშინაო საქმეებში ევროსტრუქტურების ჩართვა. გარწმუნებთ, ეს არც "ქართულ ოცნებას" წაადგება და არც "ნაციონალურ მოძრაობას". პირველ რიგში კი, ჩვენს ქვეყანას დააზარალებს", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ევროპარლამენტი სერგო თეთრაძის საქმით უნდა დაინტერესდეს".
"ქართული ოცნება" მართლაც გადავიდა მოქმედების განსხვავებულ გეგმაზე. ჩვენ მართლაც ვაქტიურობთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. "ნაციონალების" არც ერთ გამოხტომას ჩვენ უპასუხოდ აღარ დავტოვებთ. ყველამ კარგად ვნახეთ, რა მოხდა 26 თებერვალს ბრიუსელში. სააკაშვილის გაგზავნილი ემისრები იქ ღობე-ყორეს არიან მოდებული. თბილი სავარძლების დასაბრუნებლად უკადრებელსაც კადრულობენ. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი დელეგაციები ყველგან გავაძლიეროთ. 2 დღის წინ "ნაციონალებს" უკვე ჩავუგდეთ გეგმა. ერთ-ერთ რეზოლუციაში აპირებდნენ იმის ჩაწერას, თითქოს 8 თებერვალს დავარბიეთ რაღაც მიტინგი. ამას ითხოვს ის ხალხი, რომლებმაც 26 მაისს აქციის მონაწილეები გაწყვიტეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ცაგარეიშვილი.
"წინა კვირაში "ნაციონალებს" დავპირდი, რომ სერგო თეთრაძის საზარელი საქმის ამსახველ მასალებს ევროპაში გავაგზავნიდი. ეს გუშინ გავაკეთეთ. ევროპარლამენტის ყველა წევრს მიუვა ეს დოკუმენტაცია თავის სურათებით. სერგო თეთრაძეს კარგის მეტი თავის სამშობლოსთვის არაფერი გაუკეთებია. ეს ადამიანი ყველგან იყო, სადაც საქართველოს უჭირდა, დაწყებული აფხაზეთიდან, სამაჩაბლოთი დამთავრებული. სერგო თეთრაძე იყო პროფესიონალი სამხედრო. ადამიანს წამებით ამოხადეს სული. ეს ტრაგიკული ამბავი მარტო საქართველოსთვის არ უნდა იყოს ცნობილი. ამ საშინელებამ ევროპელებშიც უნდა აღძრას ემოციები. განსაკუთრებით იმათში, რომლებიც ჩამოფრინდებიან და სააკაშვილის დემოკრატიაზე გულისფანცქალით საუბრობენ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ერთი თუ გაიხსენებთ რომელიმე "ნაციონალს", რომელიც სერგო თეთრაძის საქმეზე აღშფოთდა. მათ ხმა არც გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის, გამცემლიძის და სხვა უდანაშაულო ბიჭების ამოხოცვის გამო ამოუღიათ. ასობით ჩვენი თანამემამულე მოკლეს წამებით და ერთხელაც კი არ აღშფოთებულან და არც აღშფოთდებიან, იმიტომ რომ ამ საზარელი საქმეების დამკვეთების მფარველები არიან. მე 10 წელი ვუყურებდი ამ ადამიანების ვიგინდარობას და ავაზაკობას. ჩემთვის ამ ადამიანებთან ურთიერთობა და კოჰაბიტაცია ძალიან ძნელია. მაგრამ ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი სამშობლო. ამათ არ უყვართ თავისი სამშობლო", - დასძენს გია ცაგარეიშვილი.