„მანდატების გაუქმების მოთხოვნით მოგვმართავენ კიდევ ერთხელ და უარს ვეტყვით, კიდევ ერთხელ - ასეთია ჩვენი გადაწყვეტილება“

„მანდატების გაუქმების მოთხოვნით მოგვმართავენ კიდევ ერთხელ და უარს ვეტყვით, კიდევ ერთხელ - ასეთია ჩვენი გადაწყვეტილება“

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვიდრე მედიატორის ჩართულობით მოლაპარაკება მიმდინარეობს, მმართველი გუნდი ოპონენტებს საპარლამენტო მანდატებს უნარჩუნებს.

შეუწყვეტს თუ არა უმრავლესობა ოპოზიციას საპარლამენტო მანდატებს, თუ ისინი ამ მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავენ პარლამენტს, უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებს ასე პასუხობს: „მანდატების გაუქმებაზე ჩვენი პასუხი ცნობილია, ჩვენ მაშინაც განვაცხადეთ ეს. მოგვმართავენ კიდევ ერთხელ და უარს ვეტყვით კიდევ ერთხელ - ასეთია ჩვენი გადაწყვეტილება“.

საპარლამენტო ოპოზიციის წარომადგენელი ლევან იოსელიანის თქმით კი, პოლიტიკური დიალოგისთვის სივრცის შენარჩუნებაა საჭირო, რომ მანდატებიც შენარჩუნებული იყოს.

„მოლაპარაკება არის ერთადერთი სწორი გამოსავალი და მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყველა ოპოზიციონერი ერთნაირად არ ფიქრობს. ზოგი თვლის, რომ პარლამენტს მანდატების გაუქმების მიზნით უნდა მიმართონ, ზოგი ასე არ ფიქრობს. ყოველ შემთხვევაში, ეს კომენტარებიდან ჩანს. ერთი მხრივ, ვფიქრობ, რომ სწორია პოლიტიკური დიალოგისთვის სივრცე იყოს დატოვებული და ამას სჭირდება, რომ მანდატები იყოს შენარჩუნებული, მაგრამ მეორე მხრივ, მათიც მესმის, ვისაც აღარ უნდა მანდატის ფლობა და ამბობს, რომ გაუქმდეს, ეს მათი კონსტიტიციური უფლებაა“, - განუცხადა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს.

მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრის, ნოდარ ტურძელაძის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციას შანს აძლევს, რომ ამომრჩევლის ნებას დაემორჩილოს და პარლამენტში შევიდეს.

„ოპოზციას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს პარლამენტში შემოვლენ თუ არა. მათი მხრიდან საკანონმდებლო ორგანოში მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით მოთხოვნაც არ შემოსულა. როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებიათ პარლამენტს მომართავენ, მაშინ უმრავლესობის გადაწვეტლებაც გეცოდინებათ. ზოგადად, ჩვენი დამოკიდებულება ამ თემასთან დაკავშირებით, არაერთხელ გაჟღერებულა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარე ამ საკითხს დესტრუქციულად უდგება, ჩვენ პირიქით - კონსტრუქციულად ვუდგებით. მათ შორის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სურვილს ვითვალისწინებთ, რომ ოპოზიცია პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს იმ კვოტით, რომელიც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა. ასევე, აღნიშნულ საკითხზე, ჩვენი დასავლელი მოკავშირეების მოსაზარებებიც ცნობილია. ამიტომ, კოსნტრუქციულობაში იგულისხმება ის, რაც ბატონმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა“, - განუცხადა ნოდარ ტურძელაძემ for.ge-ს.

მმართველი გუნდისგან და საპარლამენტო ოპოზიციისგან განსხვავებული პოზიცია აქვს, რადიკალური ოპოზიციის წარმოამდგენელს სალომე სამადაშვილს. როგორც, მან for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტში შესვლა დამოკიდებულია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე.

„ეს არის დემონსტრირება, კიდევ ერთხელ, ჩვენი უგულებელყოფის. „ქართულ ოცნებას“ სურვილი არ აქვს, რომ შეთანხმება შედგეს, რათა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ. გეგმავენ, რომ პოლიტპატიმრები ციხეში დატოვონ და არანაირ ნაბიჯს არ დგამენ, რომ ამ მხრივ წინ წავიდეთ. ამის ფონზე, რა მნიშნელობა აქვს ოპოზიციისთვის მანდატების შენარჩუნებას, ჩემთვის გაუგებარია. უშედეგო მოლაპარაკებები ოპოიციას არ აზარალებს, აზარალებს, პირველ რიგში, მედიატორის და ევროკავშირის იმიჯს. „ქართული ოცნების“ ამოცანა თუ არის, რომ ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯს ზიანი მიაყენოს, მაშინ შეუძლიათ შეთანხმებას ხელი შეუშალონ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა for.ge-თან საუბრისას.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძის მოსაზრებით, ოპოზიციის ნაწილი მანდატებს არ დათმობს და ერთ დღეს ისინი პარალმენტში აუცილებლად შევლენ.

„თავიდანვე ითქვა, ხელისუფლებას უნდა, რომ ეს ოპოზიცია შეინარჩუნოს, რადგან არის შანსი, რომ ისინი პარლამენტისკენ დაიძრებიან. მანდატები რომ გაუუქმდეთ, შემდეგ ეს პროცესი უკან ვეღარ დატრიალდება. ამიტომ, მმართველი გუნდი რამდენადაც მოახერხებს, იმდენი ხანი შეუნარჩუნებს ოპოზიციას მანდატებს. ოპოზიციისთვის მანდატების გახანგრძლივების ერთ-ერთი შანსი მოლაპარაკებებია. რა თქმა უნდა, ამ მოლაპარაკებებს ლომის წილი შეაქვს იმაში, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესვლის ალბათობა გაიზარდოს.

ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ოპოზიციის რაღაც ჯგუფებმა პარლამენტში შესვლა გადაწყიტა. სავარაუდოა, რომ დრო ოპოზიციის სხვა ნაწილზეც იმოქმედებს, რადგან ოპოზიციის მოქმედებებში ემოციური ელემენტი ძალიან ბევრი იყო“, - განუცხადა for.ge-ს რამაზ საყვარელიძემ.

ცნობისათვის, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მანდატების გაუქმების მოთხოვნით შესაძლოა, პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართონ.