"სოფლის მეურნეობის ფონდთან დაკავშირებით, მართლაც არის სერიოზული კითხვები. დოკუმენტში წერია, რომ ფონდი იქმნება 700 მილიონამდე ლარის, ანუ 700 მილიონიც არ არის. ჩვენ დაპირება გვახსოვს მილიარდიანი. რატომ არ არის სამას მილიონზე მეტი დამატებული, ამაზე პასუხი არ არის. უფრო მთავარი კითხვა სხვა რამეა ჩემთვის: ამ ფულის წყარო რა არის? ბიუჯეტში ეს ფული გაწერილი არ არის. საიდან უნდა შეიქმნას ეს 700-მილიონიანი ფონდი, არ ჩანს. ეს არის ის კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გაგვცეს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელსაც ამ დრომდე ასეთ რამეზე მინიშნებაც კი არ გაუკეთებია. შემდეგი კითხვაა, როგორ იხარჯება? საუბარია სასოფლო სამეურნეო ბარათებზე. ამ ბარათების შინაარსობრივი დატვირთვა ბოლომდე ნათელი არ არის. ეს უფრო სოციალური დახმარებაა სოფლად მცხოვრები ხალხისთვის, თუ მართლა, რომ საქმე უნდა აკეთონ? ეს უფრო სოციალური პროექტია თუ სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარების ღონისძიება?", - აცხადებს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "სოფლის მეურნეობის ფონდთან დაკავშირებით, მართლაც არის სერიოზული კითხვები".
"რაც შეეხება სხვა ფონდებს, სამ ფონდზეა საუბარი, ამ ფონდების შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ დავოსის ფორუმზე მივდივარ, იქ ვაპირებ მათ პრეზენტაციას და რომ დავბრუნდები - აქო. მე არ ვიცი, დავოსის ფორუმზე რა მოხდა, მე იქ არ ვყოფილვარ, ალბათ, მოახდინა იქ პრეზენტაცია, მაგრამ დაბრუნების შემდეგ, ამ ფონდების პრეზენტაცია თბილისში მე არ მომისმენია. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემი გულისტკივილი სჯობს, აღიქვას არა იმდენად პრემიერ-მინისტრმა, არამედ იმან, ვისაც ეს ფონდები ეკუთვნის - ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ფონდების შექმნა არის სწორი, ამით ხელი უნდა შეეწყოს რეალური სექტორის განვითარებას და არა ისეთ პროცესებს, რომ ინვესტორი შემოვიდეს და უძრავ ქონებაში ჩადოს ფული, რაც კეთდებოდა სააკაშვილის მთავრობის დროს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო პაპავა.
"ბიზნესმენისთვის ხაფანგი არის პოლიტიკაში მოსვლა. ხაფანგი ჩნდება, როდესაც ის პოლიტიკაში მოდის და იწყებს მთავრობაში მოღვაწეობას. იმიტომ რომ მას გადმოაქვს ის მენეჯერული თვისებები, რაც ბიზნესისთვის არის დამახასიათებელი. ამიტომ ხშირად გაგვიგია, რომ მთავრობაში გვჭირდება მენეჯერები. ჩემი ღრმა რწმენით, მენეჯერის ადგილი მთავრობაში არ არის. მენეჯერი არ სჭირდება მთავრობას. ის სჭირდება ბიზნესს. მთავრობას სჭირდება მმართველი. მმართველსა და მენეჯერს შორის ძალიან დიდი და სერიოზული განსხვავებაა. მენეჯერი არის ბიზნესის წარმმართავი. ქვეყნის მმართველის ხედვა სულ სხვა რამეა. მაშასადამე, ის, თუ როგორ უნდა წარვმართო ქვეყანა, განსხვავდება იმისგან, როგორ ვმართო ბიზნესი. ამიტომ ფონდების შექმნა არის ბიზნესმენის ხედვა. მაგრამ ამ ფონდების იქით რა ხდება ქვეყნისთვის, ეს უნდა თქვას უკვე ეკონომისტმა. ამიტომაც ვთავაზობ კიდევ ერთხელ ბიძინა ივანიშვილს შექმნას ეკონომიკური საბჭო და ცოტა სხვანაირად შეხედოს ქვეყანას", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ახლა ბიზნესს ვერ მოვთხოვთ განსაკუთრებულ აქტიურობას. ქვეყანაში არის განუსაზღვრელი სიტუაცია - იქნება აპრილისა ბოლოს, ან მაისში არჩევნები დანიშნული თუ არა. "ქართული ოცნება" გვპირდებოდა, რომ პარლამენტში 120 ხმას გააკონტროლებდა და კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანდა, რითაც სააკაშვილს დაეკარგებოდა მადა ვადამდელი არჩევნების. გაკეთდა? ვერა! გაუგებარია, რატომ არ ჩაუშვეს ქუთაისში პრეზიდენტი. ამან გამოიწვია კიდევ უფრო მეტი გაუგებრობა და საკმაოდ დიდი მინუსი ჩაიწერა დღევანდელმა მთავრობამ საერთაშორისო დონეზე. ამას ემატება რაც ხდება დღეს სასამართლო სისტემაში, რომელიც კონტროლირებადია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ. ამას ემატება ისიც, რომ, კონსტიტუციის მიხედვით, შემოდგომაზე ისედაც გვაქვს არჩევნები. როცა ასეთი სიტუაცია გვაქვს, რა აქტიურობა უნდა მოვთხოვოთ ბიზნესს? კაცმა არ იცის, რა იქნება", - დასძენს ლადო პაპავა.