გაძვირების ზვავი იქნება – კურსი უნდა დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს!

გაძვირების ზვავი იქნება – კურსი უნდა დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს!

ლარის მკვეთრ გაუფასურებას სამომხმარებლო ბაზარზე დიდი ცვლილება მოჰყვება და ეს ფასების გაზრდაში გამოიხატება. იმპორტიორები მთავრობას რამდენიმე დღეს აძლევენ კურსის ძველ ნიშნულზე დასაბრუნებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში გაძვირების ტალღა დაიწყება.

ბიზნესი დიდი ხანია ამბობს, რომ 3.30-იანი კურსი იყო ის ბოლო ნიშნული, რომლის იქეთაც ვეღარც კომპანიები და ვეღარც მომხმარებლები სიძვირით გამოწვეულ თავდატეხილ პრობლემებს ვერ გაუძლებდნენ. ბოლო დღეების მოულოდნელმა დევალვაციამ, ეს საფრთხე მწარე სინამდვილედ აქცია. ახლა ერთადერთი გზა არსებობს, კურსი უნდა დაბრუნდეს ძველ ნიშნულზე, რომლის გადაკვეთა საგანგაშოდ მიაჩნდათ ბიზნესმენებს. თუ ასე არ მოხდა, ფასების მასობრივი ზრდა გარდაუვალია.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა და ეროვნული ბანკი სწრაფად არ გადადგამენ ნაბიჯებს და ლარის გაუფასურებას შესაბამისი ინსტრუმენტებით არ შეაჩერებენ, ბიზნესი ფასების დაჭერას ვერ შეძლებს.

„ახალი არავისთვისაა, რომ იმპორტირებული ეკონომიკა გვაქვს - ვყიდულობთ დოლარში და ვყიდით ლარში. თუ ასე გაგრძელდა, ყველაფერი გაძვირდება. კერძო სექტორსაც აქვს შესაძლებლობების ლიმიტი. მაშინ გვითხრან, როგორ მოვიქცეთ. მძიმე პრობლემების წინაშე არიან ადგილობრივი მწარმოებლებიც, რადგან ნედლეული იმპორტიორებულია და ლარის კურსი მათთვისაც მძიმე ტვირთია.

ვხედავთ, ეროვნული ვალუტა უკვე პანიკურად უფასურდება და არც ეროვნულო ბანკი და არც მთავრობა არაფერს აკეთებს, განცხადებებსაც არავინ აკეთებს, რომ დაამშვიდონ ბაზარი. 10-წლიანი განვითარების გეგმა კი არა, ხვალ რას ვაკეთებთ, ის არ ვიცით...

პრობლემები ახლა არ დაწყებულა, ვერც პანდემიას დავაბრალებთ მთლიანად. წლებია, ეროვნული ვალუტის სტაბილურობა დიდი გამოწვევაა და რამდენჯერაც დაგვისვამს კითხვები - რა გეგმა აქვს სებ-ს და მთავრობას, ვერც ერთხელ პასუხი ვერ მივიღეთ“, - განაცხადა ჭყონიამ.

იმპორტიორთა ნაწილს პროგნოზის გაკეთა უჭირს, თუ რამდენად მოხდება პროდუქციის გაძვირება. სარეცხი და ჰიგიენის საშუალებების იმპორტიორ კომპანია შპს „ჯი ემ ბილდინგ“-ში აცხადებენ, რომ ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურების გამო ჰიგიენური ქაღალდი აუცილებლად გაძვირდება.

„ზოგადად ქვეყანაში ყველაფერი გაძვირდა, თუმცა ამას ახლა ლარის კურსი ემატება, შესაბამისად, ისედაც გაზრდილი პროდუქტის ფასი დამატებით მინიმუმ 20 პროცენტით გაიზრდება. ყოველთვის ვცდილობთ გარკვეული თანხა წინასწარ დავიმარაგოთ. ახალაც დოლარი რომ არ მქონდეს ნაყიდი, ძალიან დიდი ზარალი მექნებოდა. ველოდებით, რომ გაუფასურებულ ლარს, მესამე ტალღა დაემატება და კიდევ უფრო რთულ მდგომრეობაში აღმოვჩნდებით“, - განუცხადა „კომერსანტს“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, თემურ მინდორაშვილმა.

პროდუქციის ფასი რომ გაიზრდება ადასტურებს საქართველოში „ფერერო როშენის“ ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია. თუმცა „ბიდი კომპანის“ წილის მფლობელი, დიმიტრი მესხიშვილი ვერ აკონკრეტებს ამ ეტაპზე პროდუქციას რამდენით გააძვირებენ.

„ჩვენ იმპორტიორები ვართ და, რა თქმა უნდა, ლარის კურსის გაუფასურება საქმიანობაზე ნებისმიერ შემთხვევაში ნეგატიურად აისახება. ეროვნული ვალუტის გაუფასურება ხომ არ გაჩერდება? გარკვეული პერიოდი ჩვენც დავაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები.

პროდუქტის ფასზე მხოლოდ ლარის კურსი არ მოქმედებს, ამას ემატება საწვავის ხარჯი, იჯარის გადასახადი. საკითხს კომპლექსურად უნდა მიდგომა, ამიტომ ახლა ზუსტ თანხას თუ როგორ გაძვირდება პროდუქტი, ვერ გეტყვით. ლარი რაღაც ნიშნულზე ცოტა ხნით მაინც უნდა დასტაბილურდეს, უნდა დაველოდოთ რა მოხდება საწვავის ბაზარზე და სხვა დანახარჯების კუთხით, გადაწყვეტილებას სწორედ ამის მიხედვით მივიღებთ“, - განაცხადა დიმიტრი მესხიშვილმა.