ბიზნესი პრემიერთან შეხვედრაზე 10-პუნქტიანი მოთხოვნით მივიდა. ისინი ითხოვენ, მინიმუმ ერთი კვირის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს ერვნული ვალუტა. მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ ლოქდაუნგამოვლილ ბიზნესს უამრავი თავსატეხი აქვს, მათთვის ნომერ პირველი პრობლემა ახლა ლარის გაცვლითი კურსია.
მთავრობა ისევ იმედიანადაა, მაგრამ კონკრეტულს ვერაფერს ამბობს, თუმცა შეხვედრებზე და საბჭოების შექმნაზე აქედანვე თანახმაა. რამდენად უშველის საქმეს ბიზნესმენების დამშვიდება, ეს მალევე გამოჩნდება. პრივატიზაციის საკითხი და ტურიზმი ორი მთავარი ფაქტორია, რაზეც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აქცენტი გააკეთა.
„ერთ-ერთი ძალიან აქტუალური საკითხი ყოველთვის და დღესაც რა თქმა უნდა, ლარის კურსია. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაჩქარებთ პრივატიზაციის პროცესს, რათა უცხოური ინვესტიციები და ზოგადად, ინვესტიციები, რაც ეკონომიკის მდგრადობას განამტკიცებს, ასევე განამტკიცებს ჩვენი ეროვნული ვალუტის მდგრადობას. ესეც ერთ-ერთი ნაბიჯია.
მეორე ნაბიჯი არის ტურიზმისთვის ჩვენი ქვეყნისა და მიმოსვლის გახსნა. უკვე ვფიქრობთ, როგორც კი მოგვეცემა საშუალება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სახმელეთო საზღვრებსაც გავხსნით, რათა ტურისტი შემოვიდეს და აქ დახარჯოს რესურსი, უცხოური ვალუტა შემოვიდეს და გაამყაროს ჩვენი ეროვნული ვალუტა“, - განაცხადა თურნავამ.
ბიზნესმენთა ასოციაციის დამფუძნებელს შეხვედრიდან იმედიანი განწყობა გამოჰყვა. სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, რომ პრემიერმა ისინი დაამშვიდა, მოთხოვნები კი ადეკვატურად მიიღო.
„აუცილებლად სწრაფი გადაწყვეტილებებია მისაღები. პრემიერი შეგვპირდა, რომ თანდათანობით თითოეულს მიხედავს. გვექნება ერთობლივი შეხვედრები, ამით არ დამთავრდება. მოწადინებულნი ვართ, რომ ბევრი შეხვედრა გაიმართოს, იმისათვის, რომ ბიზნესი დადგეს ფეხზე, რამეთუ ძლიერ ეკონომიკას ქმნის ბიზნესი და ეს არის ქვეყნის წარმატების მთავარი საწინდარი. ერთად უნდა ვიმუშაოთ ეკონომიკის ფეხზე დასაყენებლად“, - განაცხადა ფხაკაძემ.
კონკრეტული პრობლემა ერთ შეხვედრაში არ წყდება, თუმცა განწყობა იმისა, რომ ამ საკითხის დეტალური განხილვა მოხდება, აშკარად არსებობს“, - ამის შესახებ კი „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მან იქვე ისიც დასძინა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით მოლოდინზე საუბარი რთულია.
„ძალიან მიჭირს მოლოდინებზე საუბარი, რადგან ყველა წინაპირობა არსებობდა იმისთვის, რომ წლის დასაწყისში ლარი გამყარებულიყო. ფაქტი კი ისაა, დღეს რასაც ვხედავთ და დანარჩენს დრო გვაჩვენებს. ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო და თვითონ განსაზღვრავს, როდის უნდა გააკეთოს ინტერვენციები“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის ინფორმაციით კი, უახლოეს მომავალში ლარის კურსთან დაკავშირებით ერთობლივი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც მთავრობის, ბიზნესის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები დაესწრებიან.
„რა თქმა უნდა, კურსთან დაკავშირებით ჩვენგან დაისვა კითხვები და პასუხი იყო ის, რომ ამაზე მთავრობა ფიქრობს და ალბათ, მოკლე პერიოდში მოხდება ერთობლივი შეხვედრა, სადაც იქნებიან ბიზნესის და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ეროვნული ბანკის წარმომადგენელი.
რა თქმა უნდა, ისეთ მიმართულებაზე, რომელიც მონეტარულ პოლიტიკას შეეხება და კონკრეტულად ინტერვენციებს, თუ რამდენი უნდა იყოს, ამაზე დღეს არ გვქონია საუბარი. განსაკუთრებით იმპორტიორებისგან დაისვა კითხვები ლარზე, რადგან მათზე კურსის ცვალებადობა გავლენას ახდენს და ამაზე პასუხი იყო, რომ ერთობლივ შეხვედრაზე მოხდება ამ საკითხის განხილვა“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
როგორც ირკვევა, პრემირთან შეხვედრაზე ლარის კურსის საკითხი განხილული იყო, თუმცა საუბარი არ ყოფილა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც ლარის კურსის დასტაბილურების მიმართულებით იქნება გადადგმული. ეს დაადასტურა „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამაც.
„სავალუტო ინტერვენციები სრულად ეროვნული ბანკის პრეროგატივაა და ზოგადად, ჩვენ ველით, რომ ინტერვენციები არანაკლები იქნება ვიდრე შარშან. შეხვედრაზე ორივე მხრიდან ჩანდა, ამ საკითხის მიმართ ცალსახა დამოკიდებულება. ყველას ერთნაირი დამოკიდებულება აქვს, რომ არასტაბილური ლარი არის დამაზიანებელი როგორც ბიზნესისთვის, ისე ფასების კუთხით, ეს დამოკიდებულება ნამდვილად ჩანდა“, - განაცხადა ნადარაიამ.
ბიზნესმენი, ლაშა პაპაშვილი კვლავ ეროვნული ბანკის ინერტულობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გაკეთდეს ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე. ამის საშუალება სებ-ს ნამდვილად აქვს.
„ყველას გვაქვს ვალდებულება ამ ქვეყნის განვითარებაში ჩვენი გონივრული, სამართლიანი და დაუღალავი შრომა ჩავდოთ. პრემიერ-მინისტრი უცილებლად დაუჭერს მხარს ინტერვენციას, ეს უნდა გაკეთდეს, აბა რეზერვი რისთვის იქმნება. შეხვედრაზე ვინც იყო წარმოდგენილი, ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ეს არის ნომერ პირველი პრობლემა ამ წუთას და ჩვენი ხედვა დავაფიქსირეთ. მოისმინა, გაიგო ყველაფერი პრემიერმა და გადაწყვიტოს ეს საკითხი, მისი საქმეა. პრემიერი მხარს უჭერს ლარის სტაბილურობას“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
ამასობაში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარ მიზეზებზე ისაუბრა და დაასახელა რამდენიმე მიზეზი, რამაც ეროვნული ვალუტის დევალვაციას შეუწყო ხელი. მათ შორისაა თურქული ლირის გაუფასურება, რამაც საქართველოს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტთან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინი შექმნა. იქვე სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, გაცვლითი კურსის ეს მერყეობა გადაჭარბებულია, შესაბამისად პანიკური ვაჭრობის პირობებში მოქალაქეებმა და ბიზნესებმა, რომლებიც სავალუტო ოპერაციებს განახორციელებენ, შესაძლოა, იზარალონ.
„მინდა შევეხო გუშინ და დღეს კურსის გაუფასურების საკითხს. ის, რაც მოხდა ჩვენ მეზობელ სახელმწიფოში, თურქეთში, ამან სამწუხაროდ, შექმნა გარკვეული ზეწოლა ლარის გაცვლით კურსზე. თუკი ხდება ერთი სავაჭრო პარტნიორის ვალუტის გაუფასურება და თუ ამ დროს ჩვენი ვალუტა არ უფასურდება, მაშინ ხდება გაიაფება ამ ქვეყნის პროდუქტის და შემდეგ სანამ ის პროდუქტი იქ არ გაძვირდება, მანამდე ეს მოქმედებს და ამას აქვს დაწოლა მიმდინარე ანგარიშზე. ანუ მიმდინარე ანგარიშზე დაწოლა, რაც ჩვენ ისედაც გვქონდა, ამით კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, რაც, რა თქმა უნდა, აისახა გაცვლით კურსზე.
არ დაგვავიწყდეს, რომ კურსის ცვალებადობა შეიძლება იყოს გადაჭარბებული და ჩვენ გვქონდა წარსულში ბევრი შემთხვევა, როდესაც ასეთი პანიკური საქციელის შემთხვევაში კურსი გაუფასურებულა, შემდეგ ისევ უკან წამოსულა და შეიძლება ზუსტად იგივე დონეს არ დაბრუნებია, მაგრამ იქვე ძალიან ახლოს გაჩერებულა. ამ შემთხვევაში თუ მოხდება პანიკური გადაცვლები ის კომპანიები თუ ადამიანები, რომლებიც ამას გააკეთებენ, აუცილებლად დაზარალდებიან და ეს არ იქნება სწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.
ბოლო დღეების გაუფასურების შემდეგ ლარი ძალიან ახლოს არის ისტორიულ ანტირეკორდთან. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.4%-ით გაუფასურდა და ამას ხელი ვერც ეროვნული ბანკის ინტერვენციებმა შეუშალა.