"პროკურატურაში კადრების დიდი პრობლემაა!"

"ყველასთვის ცხადია, რომ მოსამართლე გიორგი არევაძის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ყველამ ვიცოდით, რომ ნაცმოძრაობა გამოიყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა ეჩვენებინა, რომ მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თანამდებობის არც ერთი პირი არ დაისჯება. ფაქტია, რომ ძალაუფლების ნაწილს ნაცმოძრაობა კვლავაც ინარჩუნებს, თუმცა დაბეჯითებით ცდილობს, თავი დაიმკვიდროს, როგორც უბერკეტო ოპოზიციამ. რეალურად კი მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს: ეს ვითომ თვითმმართველი სასამართლო ბოლო ცხრა წლის განმავლობაში პროკურატურის დაკვეთას ასრულებდა, ახლა კი უშუალოდ ნაცმოძრაობის დაკვეთების შესრულებაზე გადავიდა", - აცხადებს საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის"მიცემულ ინტერვიუში სათაურით "პროკურატურაში კადრების დიდი პრობლემაა!".

"სავარაუდოდ, პროკურატურაში დიდხანს ფიქრობდნენ, რა სახის აღმკვეთი ღონისძიება მოეთხოვათ. მათ იცოდნენ, რომ კუბლაშვილის მიერ მართული სასამართლო პატიმრობას არ შეუფარდებდა. როგორც ჩანს, ამ მოტივით თქვეს პატიმრობის მოთხოვნაზე უარი და გადაწყვიტეს, უპრეცედენტო გირაო მოეთხოვათ. ფიქრობდნენ, რომ ამით ჩიხში მოაქცევდნენ სასამართლოსაც და უგულავასაც: თუ უგულავა გადაიხდიდა ერთ მილიონს, ბუნებრივად გაჩნდებოდა კითხვა - საიდან ჰქონდა ეს ფული? მეორე მხრივ, სასამართ¬ლო ამხელა თანხის მოთხოვნის შემდეგ ვეღარ შეძლებდა სასაცილო გირაოს შეფარდებას, თუმცა, სასამართლო გაცილებით შორს წავიდა და, ფაქტობრივად, უგულავა აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა, თანაც ამას იმით ასაბუთებენ, რომ თურმე უგულავა გამოძიებასთან თანამშრომლობს. არადა, რამდენიმე დღის წინ ის ჯიუტად აცხადებდა უარს ფინანსურ პოლიციასა და პროკურატურაში მისვლაზე. მისი იძულებით მიყვანის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილებაც კია მიღებული. ამასთანავე, უგულავას არ უთანამშრომლია გამოძიებასთან. ვიცით, რომ მან დუმილის უფლებით ისარგებლა. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაანგრია სისხლის სამართლის საქმე, იურისტებმა კარგად ვიცით, წინასწარი გამოძიების სტადიაზე ეს რას ნიშნავს - ბრალის დამტკიცება პროკურატურას ძალიან გაუჭირდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კახიშვილი.

"ყველაფერს სასამართლოსაც ვერ დავაბრალებთ, არის შემთხვევები, როდესაც პროკურატურა მოუმზადებლად გადის პროცესზე. რეალურად ამ საქმეს არ ვიცნობ და კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ის მუხლები, რომლითაც უგულავას წარუდგინეს ბრალი, მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. პროკურატურაში ნამდვილად კვალიფიციური კადრების დიდი პრობლემაა, იქ დღესაც ადეიშვილის პროკურორები მუშაობენ, რომლებიც წლების განმავლობაში ერთი ადამიანის მოთხოვნის საფუძველზე თითხნიდნენ საქმეებს და ხალხს ციხეებში უშვებდნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დაახლოებით 18.000 განცხადებაა შესული მთავარი პროკურატურის კანცელარიაში, რომელთა დიდი ნაწილიც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში სწორედ პროკურატურის უკანონო საქმიანობას ეხება. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა 200 ადამიანის პოლიტპატიმრობა ცნო ისე, რომ არც ერთი პროკურორი არ დასჯილა, ანუ ის პროკურორები, რომლებიც პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ, ისევ მუშაობენ. მაღალ თანამდებობებზე რჩებიან უშუალოდ ადეიშვილთან დაახლოებული პირები. ასეთ ფონზე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი: ხომ არ ინარჩუნებენ ისინი კავშირებს ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კვლავაც ხომ არ ასრულებენ მათ დავალებებს, ანუ აწვდიან ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმეებზე?", - განმარტავს რესპონდენტი.


"უგულავას შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერებს გაუგზავნა გზავნილი, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა და არაფრის შეეშინდეთ, ანუ ძალა მათ მხარესაა. "ნაცები", რომლებიც მერყეობდნენ და ფიქრობდნენ, რომ ამ პარტიისთვის ყველაფერი დასრულდა, დღეს ისევ გამოცოცხლდნენ და მოლოდინში არიან. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მერაბიშვილმა მითური 19 აპრილის აქცია დააანონსა. ამასთანავე, ძალიან ჭიანურდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავაც ელის. რაც უფრო გაჭიანურდება ეს პროცესი, მით მეტად გაბრაზდება ხალხი და ეს გაბრაზება გადავა პროკურატურასა და საზოგადოდ, ახალ ხელისუფლებაზე. დროა, ამაზე დაფიქრდნენ მთავრობაში. მესმის, რომ კომფორტულია კურსელებთან და ნათესავებთან მუშაობა, მაგრამ რეალურად საქმე სხვაგვარ გადაწყვეტილებებს ითხოვს", - განაგრძობს კახა კახიშვილი.

"ნაცმოძრაობამ" თითქოს აღიარა არჩევნებში დამარცხება და ოპოზიცია დაირქვა, თუმცა არაერთ სახელისუფლებო ბერკეტს კვლავაც ფლობს და მათ დათმობას არ აპირებს. გარდა ამისა, ყველაფერი გააკეთეს, რომ უცხოეთისთვის ეჩვენებინათ, როგორ დევნიან ოპოზიციას, როგორ აპატიმრებენ მის მხარდამჭერებს პოლიტიკური ნიშნით. ფაქტია, რომ ეს ძალა რეალურად გადავიდა დესტრუქციის რეჟიმში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეხედეთ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრების რაოდენობას და მათ მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს. ეს მაშინ, როდესაც ცხრა წლის განმავლობაში სააკაშვილს "ნულოვანი ტოლერანტობა" ჰქონდა გამოცხადებული და ციხეებში ხალხს ვერ ტევდნენ. ამასთანავე, პრეზიდენტი არ ამბობს ოფიციალურად უარს მთავრობის უპირობო დათხოვნის უფლებაზე, თანაც "ნაცმოძრაობის" რიგი ლიდერები დროდადრო ლაპარაკობენ, რომ ისინი 4 წელიწადს ვერ დაიცდიან და რომ მალე დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. ოღონდ არა არჩევნებით და გადატრიალებით. მაშ რითი? ისინი იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი დაითხოვს მთავრობას, მანამდე კი მოახერხებენ დესტაბილიზაციის ფონის შექმნას, შესაბამისად, ახალი ხელისუფლებისადმი საზოგადოების უკმაყოფილების გაზრდას. მაკვირვებს ახალი პარლამენტის მოქმედება: რატომ არ ჩქარობენ დროულად მიიღონ გადაწყვეტილებები, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას? ძალიან ბევრი საკანონმდებლო ცვლილებაა განსახორციელებელი, ბევრი კანონი კი ძირფესვიანად არის შესაცვლელი. ეს პროცესი დაიწყო, მაგრამ საჭირო ტემპით არ მიმდინარეობს. ამასობაში ხალხის უკმაყოფილება იზრდება", - დასძენს რესპონდენტი.