ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ხელი არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ მოაწერა. ევროპული მედიაცია შეუსრულებლი აღმოჩნდა და ოპოზიცია ამჯერად საქართველოში აშშ-დან საგანგებო წარმომადგენლების ჩამოსვლის მოლოდინშია, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კომპრომისის ფასილიტაციაში.
ოპოზიციის მოლოდინის საფუძველი სავარუდოდ აშშ-ს მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებია, კერძოდ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის დევიდ კრამერისა და საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის იან კელის ავტორობით გამოქვეყნებული წერილი, სადაც საუბარია, როგორ უნდა უპასუხოს აშშ-მ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და გამოიყენოს მისი გავლენა ამ მიმართულებით.
წერილში ნათქვამია, რომ აშშ-მ ყველაზე დიდი პოზიტიური გავლენით უნდა მიიღოს მონაწილეობა საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კომპრომისის ფასილიტაციაში. იან კელი და დევიდ კრამერი მიიჩნევენ, რომ საჭიროა აშშ-ს კონგრესის წევრები საქართველოში საგანგებო წარმომადგენლებად ჩამოვიდნენ.
"2004 წელს სენატორი რიჩარდ ლუგარი ჩავიდა უკრაინაში, რათა დახმარებოდა ქვეყანას ჩიხიდან გამოსვლაში. საქართველოს მსგავსი ძალისხმევა სჭირდება. ბოლო მოსმენა სენატის საგარეო საქმეთა ურთიერთობის კომიტეტში კონგრესის უფრო აქტიური როლის დასაწყისი იყო.
"გადამწყვეტმა ფიგურებმა, ორპარტიული შეთანხმების ფარგლებში, უნდა დაგეგმონ ვიზიტი თბილისში და იმოქმედონ როგორც საგანგებო წარმომადგენლებმა. აშშ-ს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ფასილიტაციაში, მაგრამ სწრაფად უნდა იმოქმედონ"- ნათქვმია იან კელისა და დევიდ კრამერის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილში.
როგორც პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" აღნიშნავს, ამერიკა ისედაც ჩართულია ამ პროცესში და ამის დასტურია საქართველოში აშშ-ს ელჩის მონაწილეობა მოლაპარკებების პროცესში, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს.
მისი თქმით, ევროპამ ყველა ძალისხმევა გამოიყენა იმისთვის, რომ შეთანხმება მიღწეულიყო, თუმცა უშუდეგოდ, რაც მოლაპარაკებებში ჩართული მხარეების მიზეზით ვერ მოხდა. ამიტომ, მისი აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ "ამ შარში მეორედ ვინმემ ჩაიგდოს თავი"
"არასწორად მიმაჩნია ისრების ამ მიმართულებით გადახრა. თითქოს ევროკავშირმა რაღაც დააკლო და ახლა ამერიკა მოვა ჯადოსნური ჯოხით. გაყრის "ოცნებას" და ოპოზიცია მოვა ხელისუფთლებაში. ეს არ მოხდება და ფუჭია დროის დაკარგვა.
"პრობლემა მედიატორში და მედიაციაში კი არ არის, პრობლემა არის, ის რომ რთული აღმოჩნდა კომპრომისის მიღწევა ორივე მხრესთან, რადგან ორივეს აქვს წითელი ხაზები. ჩვენი პარტნიორების მთვარი ინტერესი კი არის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური პარტიული პოლიტიკა და პარტიებმა ერთმანეთი ჩაანაცვლონ და არა ის, რომ შიდა პოლიტიკურ საკითხებში ჩაერიონ.
"ის, რაც ხდება საქართველოში, ეს არის ლოკალური პრობლემა და ამას გარედან ვერავინ მოაგვარებს, სულ რომის პაპი რომ ჩამოვიდეს. მთელი მსოფლიო საქართველოზე არ ფიქრობს, ყველას თავის პრობლემა აქვს და რაც უფრო ადრე მიხვდებიან ამას, მით უკეთესი.
"აშშ ისედაც ჩართულია ამ პროცესში, საქართველოში აშშ-ს ელჩი მონაწილეობს მოლაპარკებეებში, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს, ეს არ არის ამერიკის ჩართულობა? მეტი რაღა უნდათ აშშ-ს პრეზიდენტი და ვიცე პრემიერი აქ არ ჩამოვლენ.
"რაც შეეხება მოლაპარაკებების გაგრძელებას, ალბათ ცოტა დრო უნდა გავიდეს და თუ მედიატორებმა დაინახეს, რომ შეთანხმების რაღაც წერტილები კიდევ არსებობს, შეიძლება ისევ ევროკავშირის მედიაციით გაგრძელდეს მოლაპარაკებები.
"არა მგონია, რომ მეორედ ვინმემ ჩაიგდოს თავი ამ შარში, მით უფრო თუ ეცოდინება, რომ შეთანხმება მაინც არ მოხდება" - განაცხადა "რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.