გასული წლის სექტემბერში, თბილისში ჩატარებული გარემოსდაცვითი საერთაშორისო კონფერენციისთვის გაწეული ხარჯების მართლზომიერებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შეისწავლის. შესაბამისი მასალები გარემოს დაცვის სამინისტრომ საგამოძიებო სამსახურს უკვე გადაუგზავნა.
საქმე 2012 წლის 5-8 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო კონფერენციას "თბილისი+35" ეხება, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ეგიდით და დაფინანსებით გაიმართა და, რომლისთვისაც უწყების ბიუჯეტიდან 1 მილიონ 623 ათასი ლარი დაიხარჯა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა აცნობა, უამრავი ფინანსური დარღვევა-ნაკლოვანება იკვეთება, რის გამოც ხარჯების კანონიერების შესწავლის მიზნით მასალები საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
"ეს ის ღონისძიებაა, რომლითაც აგრერიგად ამაყობს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ცნობილი "ეკოლოგი", კომპოზიტორი და შეთავსებით ფოტოგრაფი გოგა ხაჩიძე. მაშინ, როცა გაძვალტყავებული გარემოს დაცვის სამინისტროსთვის ბიუჯეტიდან სულ 12 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, მინისტრმა აღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად უზარმაზარი თანხა - 1 მილიონ 623 ათასი გამოჰყო. მოწვეული პირების ტრანპორტირებასა და მომსახურებაზე თანხები გარემოს დაცვის სამინისტრომ დახარჯა და უწყებამ ერთი კონფერენციისთვის მთლიანი ბიუჯეტის 20% გაიღო. კონფერენციას კი, ესწრებოდნენ სტუმრები მსოფლიოს უშორესი ადგილებიდან: პალაუს რესპუბლიკიდან, სვაზილენდის რესპუბლიკიდან, ბურკინა-ფასოდან,
უგანდიდან, მავრიტანიიდან, სუდანიდან, კუბიდან და ასე შემდეგ. იკვეთება უამრავი დარღვევა-ნაკლოვანებები სტუმრების მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების საქმეში, რასაც უკვე საგამოძიებო ორგანო დაადგენს", – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გიორგი ცაგარეიშვილმა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ კონფერენციისთვის დაინიშნა მინისტრის პოსტზე და არა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ზედგენიძე, რადგან გოგა ხაჩიძეს არჩევნებში მონაწილეობის გამო, ერთი კვირით ადრე დაკავებული თანამდებობის დატოვება მოუხდა.