"საარჩევნო კულტურის დამკვიდრებას აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური კულტურის არსებობა. ძალიან ადვილი შესამჩნევია, რომ პოლიტიკური ძალები ყველანაირ ხერხს იყენებენ მიზნების მისაღწევად. არა მარტო პარტიებს შორის არსებობს არაცივილიზებული ურთიერთობა, არამედ თავად შიდაპარტიული დემოკრატია მოიკოჭლებს. საარჩევნო კულტურის დამკვიდრება პირდაპირ კავშირშია პოლიტიკური ძალების კულტურასთან და ამის სურვილი ყველა იმ პარტიას უნდა ჰქონდეს, რომელიც პერსპექტივაზე ფიქრობს", - აცხადებს საარჩევნო და პოლიტიკური ცენტრის დირექტორი კახა კახიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "რატომ ერიდებიან მინისტრები და დეპუტატები ხალხთან შეხვედრას".
"არის თუ არა ვინმეს მიმართ პოლიტიკური დევნა, გამოჩნდება სასამართლოში კონკრეტული საქმეების არსებითი განხილვის დროს, ექნება პროკურატურას საკმარისი უტყუარი მტკიცებულებები ბრალის დასადასტურებლად, პოლიტიკურ დევნაზე საუბარი ვერ იქნება; არ ექნება, გამოდის, რომ დევნას ჰქონდა ადგილი. "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, რომ დასავლეთის თვალში წარმოაჩინოს ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები როგორც პოლიტიკური დევნა. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ 9 წლის განმავლობაში უსამართლო სისტემაში უწევდათ ცხოვრება. რაც შეეხება დასავლეთის მხრიდან კრიტიკულ განწყობას ახალი ხელისუფლების მიმართ, უნდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკური წრეებისა და სახელმწიფო ორგანიზაციებისაგან პირადად არ გამიგია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კახიშვილი.
"ევროპაში, სადაც არსებობს ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური ინსტიტუტები, არცერთი სერიოზული ორგანიზაცია ან პოლიტიკური წრე არ იმეორებს "ნაციონალური მოძრაობის" ნათქვამს ამ მიმართულებით. საინტერესოა, მათ რატომ არ სთხოვს პასუხს ახალი ხელისუფლება, რატომ არ არის სათანადო რეაგირება?! ამით ხომ პრეცედენტი შეიქმნება იმის, რომ უსაფუძვლო ბრალდებები აღარ განმეორდეს?! თანაც დამეთანხმებით, რომ საკუთარ სახელმწიფოში უსაფუძვლო ბრალდებას ვერავის გაუბედავენ. როცა ვსაუბრობთ დასავლეთიდან ზოგიერთი პერსონის მიერ ცრუბრალდებების წამოყენებაზე, შევახსენებ მკითხველს, რომ 2004 წელს მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ დაადანაშაულა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ასლან აბაშიძის ლობირების გამო. ახალმა ხელისუფლებამ უნდა შეძლოს დასავლეთში შესაბამის ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ წრეებში მიიტანოს სწორი ინფორმაცია, რომელიც წარმოაჩენს სრულ და რეალურ სურათს. თუ ხელისუფლება საკმარისი ოდენობის მტკიცებულებებს წარუდგენს არა მარტო დასავლეთს, არამედ საქართველოს მოქალაქეებსაც, მაშინ ნაკლებად დაიჯერებს ვინმე პრეცედენტებს პოლიტიკური დევნის შესახებ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"სამწუხაროდ, უკვე შეინიშნება კომუნიკაციის ნაკლებობა. საინტერესო ფაქტია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახერხებს ხალხთან ურთიერთობას, აწყობს შეხვედრებს ბიზნესმენებთან, არასამთავრობო სექტორთან, დიალოგის რეჟიმშია მოსახლეობასთან და ამ დროს საყვედურს ამბობს ამომრჩეველი პარლამენტარსა თუ მინისტრზე, რომ ისინი დროს ვერ პოულობენ ხალხთან შესახვედრად. არაერთს უთქვამს, რომ მინისტრს კი არა, არამედ მინისტრის მოადგილეებსაც კი არ აქვთ დრო შეხვედრებისთვის. ჩემი აზრით, აქ დროის დეფიციტზე მეტად უყურადღებობა გამოიხატება. ნამდვილად არ უნდა დაავიწყდეთ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ კომუნიკაციის გაწყვეტა მხოლოდ ნეგატიურ შედეგებამდე მიგვიყვანს. ეს შეცდომა დაუშვა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და თუ იმავეს აპირებენ, მაშინ მიიღებენ ძალიან ცუდ შედეგებს. აქიდან გამომდინარე, ნამდვილად უნდა გაითვალისწინონ ახალი ხელისუფლების წევრებმა, რომ კომუნიკაციის შეწყვეტა არ შეიძლება. მით უფრო, რომ 4 წლით არჩეულ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, დაკარგონ დრო", - დასძენს კახა კახიშვილი.