ახალი და სკანდალური დეტალები ლევან მამალაძის საქმეში

ახალი და სკანდალური დეტალები ლევან მამალაძის საქმეში

ლევან მამალაძის საქმეში მონაწილე ერთადერთმა მოწმემ შვიდწლიანი დუმილი დაარღვია და პირველად "კვირის პალლიტრასთან" ალაპარაკდა. იგი ზეწოლასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს თბილისის ყოფილ პროკურორს ვალერი გრიგალაშვილს. ლევან მამალაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 2004 წლის მარტში დაიწყო და ორი წელი გრძელდებოდა. 2006 წელს განაჩენის გამოტანამდე მამალაძემ დატოვა საქართველო. ცოტა ხნის შემდეგ კი მას უკან მისი ბავშვობის მეგობარი და რუსთავის საოლქო საგადასახადოს უფროსი ვლადიმერ (ზაზა) კოკაიაც მიჰყვა. სწორედ კოკაიას მძღოლმა, კობა ბექაურმა მისცა პირველი წერილობითი აღიარება ადვოკატ ნონა ფილაურს რამდენიმე დღის წინ.

ნონა ფილაური (ადვოკატი):

- 2006 წლის 31 ივლისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატა თედეიშვილმა გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი ქვემო ქართლის გუბერნატორ ლევან მამალაძის და რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის, ვლადიმერ (ზაზა) კოკაიას მიმართ. კოკაიას მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის მიცემისთვის. ამავე დროს, საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ზაზა კოკაიას დანაშაულს დაამტკიცებდა.

- რა მოხდა სინამდვილეში?

- 2013 წლის 10 თებერვალს მე მომმართა ვლადიმერ კოკაიას მძღოლმა კობა ბექაურმა და მიამბო შემდეგი:

2004 წლის თებერვალში იგი დაკითხეს მოწმის სახით ლევან მამალაძისა და ვლადიმერ კოკაიას მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. ბექაური კოკაიასთან მძღოლად მუშაობდა როგორც მისი "აბსოლუტ ბანკის" მართველად ყოფნის დროს, ისე საგადასახადო ინსპექციის უფროსობისას. მოწმე აღნიშნავს, რომ თბილისის პოლიციის სამართველოში მიყვანისას მას დახვდა პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი. პირველი კითხვა გრიგალაშვილმა დაუსვა ასეთი - რატომ ურიცხავდა კოკაიას მძღოლი თანხებს მამალაძეს ანგარიშზე. კობა ბექაურმა აუხსნა, რომ კოკაიას დავალებით, იგი მივიდა ლევან მამალაძესთან კაბინეტში. მამალაძემ გადასცა კონვერტით თანხა, დაუწერა ანგარიშის ნომერი და სთხოვა ბექაურს, რომ ეს თანხა მითითებულ ანგარიშზე ჩაერიცხა. მამალაძისგან კონვერტით მიღებული თანხა შეადგენდა ხან 270 დოლარს, ხან 150 დოლარს და ბექაური მას რიცხავდა ხან მამალაძის დედის, ხანაც ცოლის საბანკო ანგარიშზე.

- და რატომ აკეთებდა ამას მაინცა და მაინც ვლადიმერ კოკაიას მძღოლი?

- კოკაია და მამალაძე ბავშვობის მეგობრები იყვნენ. კობა ბექაური კი გარდა იმისა, რომ კოკაიას მძღოლი გახლდათ, პარალელურად ბანკში მუშაობდა დაცვის სამსახურში. კარგად იცოდა ყველა საბანკო ოპერაცია, თანაც მამალაძის ნდობით აღჭურვილი პირი გახლდათ. ეს ყველაფერი მან მოუყვა გრიგალაშვილს და ქვითრებიც წარუდგინა, მაგრამ პროკურორმა გრიგალაშვილმა არ მოუსმინა ბექაურს და დაუწყო ყვირილი, დაემუქრა, უთხრა, რომ შენ იტყვი იმას, რასაც მე გეტყვი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაგაგდებ "პადვალში" და გაუპატიურება არ აგცდებაო. ზუსტად ეს სიტყვა იხმარა. ამის შემდეგ ვალერი გრიგალაშვილმა შემოიყვანა ორი სპორტული აღნაგობის მამაკაცი სამოქალაქო ფორმებში, რომლებმაც კობა ბექაური ზედა სართულზე აიყვანეს. მას იქ დახვდა ანალოგიური აღნაგობის 15-იოდე მამაკაცი. ისინი ემუქრებოდნენ ბექაურს და ასეთ ვითარებაში ამყოფეს დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე. კობა ბექაურმა ვეღარ გაუძლო ზეწოლას და დათანხმდა მიეცა ჩვენება, რომ ვითომდა ლევან მამალაძე ვლადიმერ კოკაიასგან ქრთამს იღებდა. საღამოს 8 საათზე იგი კვლავ შეიყვანეს პროკურორ გრიგალაშვილის კაბინეტში, რომელმაც უთხრა, რომ ახლა ხომ ყველაფერი თქვი, შემდეგ კიდევ უფრო მეტს მოგვიყვები, შენთვის ასე აჯობებსო.

- რატომ გადაწყვიტა ვლადიმერ კოკაიას მძღოლმა ახლა ალაპარაკებულიყო?

- მისი თქმით, რომ არა ხელისუფლების ცვლილება, აზრადაც არ მოუვიდოდა სიმართლის თქმა. სიმართლე წინა ხელისუფლებას არ აინტერესებდა. ერთადერთი ადამიანი, ვინც კობა ბექაურს ფიზიკურად და გვარით დაამახსოვრდა, ეს იყო გრიგალაშვილი. მისმა მუქარამ გაუპატიურების თაობაზე გადამწყვეტი როლის შეასრულა არასწორი ჩვენების მიცემაზე. კობა ბექაურმა პირველი ჩვენება მისცა 2006 წლის 6 თებერვალს, მეორე - 12 მარტს. მისი განცხადებით ორივე ჩვენება ზეწოლის ქვეშ არის მიცემული და არ შეესაბამება სიმართლეს. იგი მზად არის სიმართლე თქვას იქ, სადაც ამის აუცილებლობა იქნება. საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ამ ფაქტს, რომ ვლადიმერ კოკაიამ თვითონ აიღო ქრთამი, ანდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია განახორციელა. არჩადენილი დანაშაულის გამო ვლადიმერ კოკაიას 13 წლის პატიმრობა აქვთ მისჯილი. ლევან მამალაძე განაჩენის გამოტანამდე წავიდა საქართველოდან. ამ საქმის გამო დატოვა საქართველო ვლადიმერ კოკაიამაც. ჩვენ ვითხოვთ კოკაიასთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებას. საქმე უკვე შესულია პროკურატურაში, მაგრამ პროკურატურას არ აქვს ინფორმაცია კობა ბექაურის იმ ჩვენების თაობაზე, რომელიც თქვენ მოგეცით და ამასაც მალე შევიტანთ. ჩვენ პროკურატურას მოვთხოვთ ვალერი გრიგალაშვილის დაკითხვას.

ვალერი გრიგალაშვილი (აფხაზეთის პროკურორი):

- ეს მამალაძის საქმე იყო... ჩვენ დავიჭირეთ, უფროსწორედ კი არ დავიჭირეთ, გეტყვით როგორც იყო. კოკაია გახლდათ რუსთავის საგადასახადოს უფროსი მას ჰყავდა მძღოლი ბექაური, რომელიც სისტემატურად თანხებს ანთავსებდა მამალაძის ანგარიშზე.

- წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, კოკაიას მძღოლი ლევან მამალაძის ცოლისა და დედის კრედიტების დასაფარად რიცხავდა თანხებს. ბექაურისვე განცხადებით მას ცრუ აღიარება მისცა მას შემდეგ, რაც თქვენ ცემითა და გაუპატიურებით დაემუქრეთ

- მე საერთოდ თვალით არ მინახია ეგ ბექაური, იმიტომ რომ მე მაშინ ქალაქის პროკურორი გახლდით. ჩემთან არ მოჰყავდათ მოწმეები და საერთოდ აბსურდია ეგ ყველაფერი.

- ამბობს, რომ ერთადერთი ვინც დაამოხსოვრდა ვიზუალურად და საუბრით, ეს თქვენ იყავით?

- მერე, ეგ მე მყავდა მოყვანილი?! ჩემთან არავის არ მოუყვანია და როგორც ჩანს, ახლა მიმდინარეობს ის პროცესი, რომ ამ ძველ ჩინოვნიკებს არ უნდათ ციხეში წასვლა და ყველანაირ გზას მიმართავენ, რომ თავი აარიდონ მართლმსაჯულებას. რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე, რაც აბსურდია.