მცხეთის რეაბილიტაცია შეწყდა

მცხეთის რეაბილიტაცია შეწყდა

მცხეთის რეაბილიტაცია შეჩერებულია. რატომ შეჩერდა მცხეთის რეაბილიტაცია და არის თუ არა პრიორიტეტი ახალი ხელისუფლების გეგმებში მცხეთის რეაბილიტაციის პროექტი? ამ საკითხზე "ალია" მცხეთის მთავარ არქიტექტორს თამაზ მაჩხანიას ესაუბრა:

- ბ-ნო თამაზ, მცხეთის რეაბილიტაციის პროექტი შეჩრდა. ხომ ვერ გვეტყვით რატომ?
- რა არის, იცით? მე აქ დავინიშნე 19 ნოემბერს. ზოგიერთ რამეზე შეიძლება ვერ გიპასუხოთ.

- რაც თქვენ დაინიშნეთ, იმის შემდეგ თუ გქონიათ საუბარი პროექტის გაგრძელებაზე?
- არა, არ ყოფილა ასეთი რაღაც. არ ყოფილა საუბარი, რომ არის თანხა და რამე უნდა გაკეთდეს. ოფიციალურად არ ყოფილა და ახლა ისე ლაპარაკით ვინ რას ლაპარაკობს...

- 19 ნოემბრამდე სად მუშაობდით?
- ექვსი წელი უმუშევარი ვიყავი. ადრე ვმუშაობდი, ვიყავი მცხეთის რაიონის მთავარი არიტექტორის მოადგილე, მცხეთის რაიონის არქმშენინსპექციის უფროსი და მცხეთა-მთიანეთის არქმშენინსპექციის უფროსი. როცა ეს ბოლო გაუქმდა, მერე დავრჩი უმუშევარი.

- მცხეთის რეაბილიტაციის გეგმა არსებობდა და ამ გეგმის მიხედვით, რა ნაწილია დარჩენილი გასაკეთებელი?
- გუშინწინაც ვიყავი ასული ჯვარზე და იქიდან გადმოვხედე. დაახლოებით ერთი მეოთხედია გაკეთებული.

- ჯვარზე ასვლა რად უნდოდა, მთავარი არქიტექტორი ხართ და დოკუმენტურად არ იცით? ახლა თუ არის თქვენი სამსახურის პრიორიტეტებში განახლება?
- ეს ჩვენზე არ არის დამიკიდებული. ჩვენ რა შუაში ვართ. ვინც აფინასებდა, იმათ თუ ექნებათ შესაბამისი თანხები... იმათ თუ ექნებათ, განახლდება. ჩვენ რა შუაში ვართ.

- ვინ აფინასებდა?
- ადგილობრივი ბიუჯეტით არ ფინანსდებოდა, როგორც მე ვიცი.

- რეგიონალური განვითარების სამინისტროდან?
- არ ვიცი, ზუსტად რა თანხები იყო, საიდან ფინანსდებოდა. ერთი წუთით, ვიკითხავ და გეტყვით.
2 წუთის შემდეგ...
- აი, როგორც აქ ამბობენ, მეუბნებიან, ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იყოო და ხვადასხვა იმიდანაც... მე რომ ვყოფილიყავი მაშინაც, მეცოდინებოდა და ახლა ზუსტად არ ვიცი. მე რომ მოვედი, ეს უკვე დამთავრებული იყო.

- დამთავრებული თუ შეჩერებული?
- შეჩერებული, დიახ, ჰო, ბოდიში.

- ანუ, არც ის იცით, როდის განახლდება და ან განახლდება თუ არა, საერთოდ?..
- ჩვენ არაფერ შუაში ვართ. თუ იქნება დაფინასება, ალბათ, განახლდება.

P.S. "ალია" შეეცადა, რეგიონალური განვითარების სამინისტროში გადაემოწმებინა მცხეთის რეაბილიტაციის ბედი, თუმცა სამინისტროში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.