დაფიქრებულხართ, რით ჰგვანან და განსხვავდებიან ქვეყნის პირველი პირები ერთმანეთისგან? მას მერე, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის არაერთი საჯარო გამოსვლა, უცხოეთში ვიზიტი თუ მედიასთან შეხვედრა ვნახეთ და სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის დასამახსოვრებელ მომენტებს გადავავლეთ თვალი, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ამოტივტივდა. თქვენს ყურადღებას ზოგიერთ მათგანზე შევაჩერებ.
ვიზუალური ეფექტით დავიწყოთ. მაღალი და ქარიზმატული პრემიერ-მინისტრს ნამდვილად არ ეთქმის. ასეთად სააკაშვილს მოიხსენიებდნენ ყოველთვის. ოღონდ ეს ქარიზმატულობა ისეთ ხარისხში აიყვანა, ბოლოს ლაზიკის მშენებლობაც კი განიზრახა.
ჩაცმის სტილზეც მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. მწვანე კომბინეზონში გამოწყობილი "პატიაშკებიანი" პრეზიდენტი ხშირად მახსენდება, წითელი ფერი უყვარს კიდევ ძალიან.
ტელეკამერების წინ, ოფიციალურ შეხვედრებზე პრემიერი ჰალსტუხისა და პიჯაკის გარეშე ჯერ არავის უნახავს. საინტერესოა, როგორ გამოიყურება სპორტულად ჩაცმული პრემიერ-მინისტრი. ვნახავთ ვითომ? მიუჯდება ნეტავ ავტობუსის, ტრაქტორის ან ვერტმფრენის საჭეს მიშასავით თამამად? ერთხელ მაისურსა და ტრუსში გამოწყობილი კი ვიხილეთ, ოღონდ ფოტოზე და ამ ფოტოს გავრცელება, წესით, მას არ უნდა მოსწონებოდა. წელს ზემოთ შიშველს თუ ვნახავთ ნეტავ, შავ ზღვაში, რომელიმე თაყვანისმცემელ ქალთან ჩახუტებულს?.. ფანები ბიძინას რომ ჰყავს, ისეთი უნდა. "მე არ ვქმნი კერპებს", - მარტო ამ ფრაზის გახსენება რად ღირს. არც ატირებული პრემიერ-მინისტრი გვინახავს. მიშამ კი რამდენი ცრემლი აღვარღვარა ამა თუ იმ პიარკადრისთვის. ცრემლებსა და სიყალბეზე გამახსენდა, ვითომ მოგვატყუა პრემიერ-მინისტრმა, გადასახადებს გაგინახევრებთო? რა ვიცი, რა ვიცი. დილით ნათქვამი საღამოს კი მიაქვს უკან და...
ჟურნალისტებთან მაინცდამაინც მეგობრული დამოკიდებულებით არც ერთი არ გამოირჩევა. თუმცა არა, ის არხები უყვართ, ჩამჭრელ შეკითხვებს რომ არ სვამენ. როგორ გაუსწორდა პრეზიდენტი "ტელეიმედს", ამაზე აღარ გიამბობთ, არაერთგზის ითქვა და დაიწერა. ბოლო დროს პრემიერ-მინისტრის რეაქციები მაოცებს, არასასიამოვნო შეკითხვის ავტორს ტელევიზიის დასახელებას რომ სთხოვს ხოლმე: "შემახსენეთ, თქვენ რომელი ტელევიზია ხართ"; "რეალ TV"-ზე ხომ არ მუშაობდით ადრე"; "რა გეშველებათ, კაცო, მე არ ვიცი, რა გეშველებათ".
"თითიდან გამოწუწნილი" მგონია ის ამბავი, რომ პრემიერს იუმორის არქონას აბრალებენ. ვითომ რით არ მოგწონთ, "მიტოსა და მაროს", "იმნაირი ქალისა და ბუტკის" ამბავი?! აბა, პრეზიდენტის ღადაობა ჯობია ჩიორას გატეხილ ცხვირზე?..
რაც მართალია მართალია, პოეზიაში ორივეს მაგრად უჭირს. პრეზიდენტს "ვეფხისტყაოსნის" საზეპიროები არ ასწავლეს თავის დროზე, ამიტომაც "ლაშქარმრავალი" მშვენივრად ჩაანაცვლა "უხვლაშქრიანით", პრემიერ-მინისტრს კი მწერლების გვარები ერევა ერთმანეთში.
პრეზიდენტის მექალთანეობის ამბავი საზოგადოების განსჯის საგანი არაერთხელ გამხდარა. უკვე არც იმ ცნობილი ქალბატონების დასახელებას ერიდებიან, ვისთანაც ქვეყნის პირველი პირი, როგორც იტყვიან, დარდებს იქარვებდა. ივანიშვილი კი მეოჯახე და ერთგული მგონია და რა ვქნა?! სხვა შემთხვევაში კაცი პრესკონფერენციაზე არ გამოხატავდა გულისტკენას იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგჯერ მისი მეგობრები ცოლებსაც ღალატობენ. როგორც გავიგე, იმ საღამოს "ქართული ოცნების" ყველა მამაკაცი ადრე მისულა სახლში, ვაი და მე ვეგონო მეუღლეს ის მეგობარი, ცოლს რომ ღალატობსო.